• საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
  • FAQ

კოალიცია „მედიის ადვოკატირებისათვის“ მიიჩნევს, რომ კომუნიკაციების კომისიამ არ უნდა შეითავსოს თვითრეგულირების ორგანოს ფუნქცია


კომისიის მიერ 2020 წლის 7 დეკემბერს გავრცელებულ განცხადებით ( https://comcom.ge/.../komunikaciebis-komisia-movuwodebt... ) ჩვენთვის ნათელი გახდა, რომ კომუნიკაციების კომისია გეგმავს ახლებურად განმარტოს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის ჩანაწერები, შეითავსოს თვითრეგულირების ფუნქცია და ახალი სანქციები გამოიყენოს მაუწყებლების წინააღმდეგ ადამიანისა და მოქალაქის ღირსებისა და ძირითად უფლებათა შემლახავი უხამსობის შემცველი პროგრამის ან რეკლამის განთავსების მოტივით.
მნიშვნელოვანია, რომ „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლის თანახმად, ადამიანისა და მოქალაქის ღირსებისა და ძირითად უფლებათა შემლახავი უხამსობის შემცველი პროგრამის ან რეკლამის განთავსების საკითხებზე რეაგირება მაუწყებლის თვითრეგულირების ორგანოს პასუხისმგებლობა იყო. ამასთანავე, აკრძალული იყო აღნიშნულ საკითხზე კომისიისთვის ან სასამართლოსთვის მიმართვა. 2009 წელს საკონსტიტუციო სასამართლომ საქმეზე ,,საქართველოს მოქალაქეები – გიორგი ყიფიანი და ავთანდილ უნგიაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ,“ არაკონსტიტუციურად ცნო საკანონმდებლო ნორმა, რომელიც არ იძლეოდა ადამიანისა და მოქალაქის ღირსებისა და ძირითად უფლებათა შემლახავი უხამსობის შემცველი პროგრამის ან რეკლამის განთავსებაზე სასამართლოსთვის მიმართვის შესაძლებლობას და საკონსტიტუციო სასამართლოს არ უმსჯელია კომისიისთვის მიმართვის საკითხზე. მეტიც, სასამართლოსგან განსხვავებით, კომისიისთვის მიმართვის უფლება არ არის აღიარებული საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკით. შესაბამისად, ვერ დავეთანხმებით, კომისიის მიერ მითითებული გადაწყვეტილების კონტექტს.
ვფიქრობთ, კომუნიკაციების კომისიის 2020 წლის 07 დეკემბრის განცხადება არ შეესაბამება „მაუწყებლობისა შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნებს. გამოხატვის თავისუფლების შინაარსობრივი კონტროლი აღნიშნული უფლების შეზღუდვის უმკაცრესი ფორმაა. მიგვაჩნია, რომ ამგვარი პრაქტიკის დამკვიდრებით, ჩნდება ცენზურის პირდაპირ საფრთხე და გამოხატვის თავისუფლების გაუმართლებლად შეზღუდვის შესაძლებლობა.
მოვუწოდებთ კომუნიკაციების კომისიას:
- იმოქმედოს კანონმდებლობის ფარგლებში და არ ჩაერიოს მაუწყებლის შინაარსში.
- მოსაზრებები, თვითრეგულირების საკითხებთან დაკავშირებით ფართო დისკუსიის საგნად აქციოს.
კოალიცია „მედიის ადვოკატირებისათვის“ წევრები კიდევ ერთხელ გამოვთქვამთ მზაობას, უფლებების დარღვევის შემთხვევაში, უფასო იურიდიული დახმარება გავუწიოთ მედიაორგანიზაციებს.