კოალიცია მოუწოდებს საერთო სასამართლოებს გაითვალისწინონ კანონში არსებული ჩანაწერი ჟურნალისტების არასათანადო მოპასუხედ ცნობასთან დაკავშირებით


მედიის ადვოკატირების კოალიცია კრიტიკულად აფასებს საერთო სასამართლოების საშიშ პრაქტიკას ცილისწამების საქმეებზე ჟურნალისტების მოპასუხედ ცნობასთან დაკავშირებით. აღნიშნული ტენდენცია პირდაპირ ეწინააღმდეგება ქართულ კანონმდებლობას, რომელიც მკაფიოდ ადგენს თუ ვინ უნდა იყოს სასამართლოში დავის მოპასუხე.  

2024 წლის 10 აპრილს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე ზაალ მარუაშვილმა, საქმეზე ალექსანდრე ჭიკაიძე „ტელეკომპანია პირველისა“ და სოფო ნიაურის წინააღმდეგ, სათანადო მოპასუხედ  ცნო ამავე მაუწყებლის ჟურნალისტი სოფო ნიაური.

საქმე ეხება საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ალექსანდრე ჭიკაიძის მიერ სასამართლოში წარდგენილ სარჩელს, რომლითაც ის ითხოვს მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის ცილისწამებად ცნობას და მედია  და ჟურნალისტისგან სოლიდარულად 100,000 ლარის ოდენობით მორალური ზიანის ანაზღაურებას.

სასამართლოს მიერ ცილისწამების დავაზე ჟურნალისტის სათანადო მოპასუხედ ცნობა ცალსახად ეწინააღმდეგება „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონში არსებულ ჩანაწერს. კერძოდ, აღნიშნული კანონის მე-6 მუხლის მე-2 ნაწილი ცალსახად ადგენს სათანადო მოპასუხეთა წრეს და განმარტავს, რომ „მედიაში ჟურნალისტის მიერ გამოქვეყნებულ ცილისწამებასთან დაკავშირებული სასამართლო დავისას მოპასუხეა მედიის მესაკუთრე“.

განსაკუთრებით შემაშფოთებელია ის გარემოება, რომ სასამართლოებმა არაერთ მსგავს საქმეზე უგულებელყვეს კანონში არსებული ჩანაწერი და ჟურნალისტები მიიჩნიეს სათანადო მოპასუხეებად. მაგალითად, სასამართლოებმა მსგავსი მიდგომა გაიზიარეს თბილისის მერის, კახა კალაძისა და ირაკლი კობახიძის დედის, თამარ ზაალიშვილის სარჩელებთან დაკავშირებით. აღნიშნული მიდგომა კიდევ უფრო საგანგაშოა მაშინ, როდესაც საქართველოში ბოლო წლების განმავლობაში შეინიშნება კრიტიკული მედიებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ მიმართული ე.წ SLAPP (სტრატეგიული სარჩელები სამოქალაქო ჩართულობის წინააღმდეგ) საქმეების რაოდენობის ზრდა. ეს საქმეები ჟურნალისტების გაჩუმებას ისახავს მიზნად.

კოალიცია მიიჩნევს, რომ მსგავსი პრაქტიკა საფრთხეს უქმნის ჟურნალისტების საქმიანობას და წინააღმდეგობაში მოდის ჟურნალისტური საქმიანობის კანონით დაცულ გარანტიებთან. კოალიცია მოუწოდებს საერთო სასამართლოებს, იხელმძღვანელონ მედიისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვის მაღალი სტანდარტებით და გაითვალისწინონ კანონში არსებული ჩანაწერი ჟურნალისტების არასათანადო მოპასუხედ ცნობასთან დაკავშირებით.