მედიის ადვოკატირების კოალიცია საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსების მოდელის ცვლილებებს აკრიტიკებს



მედიის ადვოკატირების კოალიცია შეშფოთებას გამოხატავს მაუწყებლობის შესახებ კანონში დაგეგმილი ცვლილებების გამო, რომლებიც საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსების მექანიზმს არსებითად ცვლის. ეს ცვლილებები პირდაპირ უქმნის საფრთხეს საზოგადოებრივი მაუწყებლის დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას, და ძირს უთხრის პერსპექტივას, რომ ის რეალურად გახდეს სახელმწიფო უწყებებისაგან და პოლიტიკური  გავლენისაგან თავისუფალი. 


საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი მაუწყებლობის შესახებ კანონში ცვლილებებს, რომლითაც საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსების წესი იცვლება. კერძოდ, უქმდება დაფინანსების მოქმედი მოდელი, რომელიც დაფინანსების ოდენობას ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტთან (მშპ) აკავშირებს და ადგენს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტი წინა წლის მშპ-ს არანაკლებ 0,14% უნდა იყოს. კანონპროექტის თანახმად, საზოგადოებრივი მაუწყებელი სახელმწიფო ბიუჯეტიდან  უნდა დაფინანსდეს. თავად მაუწყებლის ბიუჯეტის ოდენობა არ უნდა იყოს წინა წელთან შედარებით ნაკლები, თუკი საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო ამას არ დათანხმდება. კანონი 2024 წლის 1 იანვრიდან უნდა ამოქმედდეს და მთავრობამ „საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტში ცვლილებებით გათვალისწინებული დებულებების ასახვა უნდა უზრუნველყოს.


საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლებმა ღია წერილით მიმართეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, რომელსაც სთხოვეს, რომ კანონის მიღებამდე შეხვდეს მაუწყებლის თანამშრომლებს  და მათი მოსაზრებები  მოისმინოს. მათი განცხადებით, წარმოდგენილი ცვლილებები თანხვედრაში არ არის ევროპის არც ერთი საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსების მოდელთან. 


საზოგადოებრივი მაუწყებელი სასიცოცხლო როლს უნდა ასრულებდეს ჯანსაღი დემოკრატიის პირობებში, ემსახურებოდეს განსხვავებული მოსაზრებებისა და შეხედულებების გავრცელებას და უზრუნველყოფდეს ხელისუფლების, პოლიტიკური ძალებისა და სხვა გავლენიანი აქტორების ანგარიშვალდებულებას საზოგადოების წინაშე. საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულია საზოგადოებრივი მაუწყებლის დამოუკიდებლობა “… სახელმწიფო უწყებებისაგან და თავისუფლება პოლიტიკური და არსებითი კომერციული გავლენისაგან.”


წარმოდგენილი ცვლილებები კი პირიქით, შეარყევს  საზოგადოებრივი მაუწყებლის ფინანსური დამოუკიდებლობის საკანონმდებლო გარანტიებს,  დაასუსტებს მის მიმართ საზოგადოების ნდობას და გაზრდის ხელისუფლების შესაძლებლობას მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკაზე ზეგავლენის მოსახდენად. აღნიშნული ცვლილება კლავს საზოგადოებრივი მაუწყებლის დამოუკიდებლობის და მიუკერძოებლობის პერსპექტივას. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეკომენდაციაში (1878 (2009) ცალსახად აღნიშნულია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლები უნდა იყვნენ დამოუკიდებლები მთავრობისგან და შეეძლოთ ფუნქციონირება  პოლიტიკური ჩარევის გარეშე. შესაბამისად, ასამბლეა ხაზს უსვამს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლების დაფინანსების მოდელი მოთხოვნილ დამოუკიდებლობას უნდა ასახავდეს.


საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ევროპის მაუწყებელთა კავშირის (EBU) პრეზიდენტმა ნოელ კურანმა გააკრიტიკა კანონპროექტი, რომელიც “საზოგადოებრივი მაუწყებლობის სისტემის განადგურებას გამოიწვევს”.  


ბოლო წლებში საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეის დისკრედიტაციისა თუ ჩახშობის არაერთი მაგალითი გვაქვს. კერძოდ, აჭარის ტელევიზიის გარშემო განვითარებული პროცესი, რომელიც საბოლოოდ მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს გაუქმებით დასრულდა და რომელმაც საზოგადოებრივ მაუწყებელს გამოუსწორებელი ზიანი მიაყენა


იმ ფონზე, როდესაც ქვეყანა ევროინტეგრაციის გზაზეა და სხვა ნორმებთან ერთად მედიის საქმიანობის მარეგულირებელი კანონმდებლობის ჰარმონიზებაც მიმდინარეობს, საგანგაშოა  პარლამენტმა ისეთი ცვლილება შეიტანოს საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსების წესში, რომელიც ევროინტეგრაციის სულისკვეთებას არ უპასუხებს. 


მედიის ადვოკატირების კოალიცია მოუწოდებს მმართველ პარტიას და სხვა პოლიტიკურ ძალებს, მხარი არ დაუჭირონ წარმოდგენილ ცვლილებებს და საზოგადოებრივი მაუწყებლის მთავრობისთვის სტრუქტურულად დაქვემდებარებას კი არ  ესწრაფონ,  არამედ გამოიყენონ საკუთარი მანდატი მაუწყებლის ანგარიშვალდებულებისა და დამოუკიდებლობის გასაზრდელად. 


კანონპროექტის არსებული ფორმით მიღების შემთხვევაში, მედიის ადვოკატირების კოალიციის წევრები განიხილავენ  საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვის შესაძლებლობას, ვინაიდან, ჩვენი შეფასებით, წარმოდგენილი ცვლილებები ეწინააღმდეგება მაუწყებლის ფინანსურ დამოუკიდებლობას, რომელიც საქართველოს კონსტიტუციითაა გარანტირებული.   


ფოტო: europetime.eu