კოალიციის განცხადება საზოგადოებრივი მაუწყებლის გარშემო ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების შესახებ


მედიის ადვოკატირების კოალიცია კიდევ ერთხელ გამოხატავს შეშფოთებას  საზოგადოებრივი მაუწყებლის გარშემო მიმდინარე პროცესთან დაკავშირებით, მათ შორის მაუწყებელზე ხელისუფლების მზარდი გავლენისა და საზოგადოების მიმართ მენეჯმენტის არასათანადო ანგარიშვალდებულების შესახებ.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილება გადაცემების დახურვის შესახებ კვლავ რჩება საზოგადოებრივი დისკუსიის საგნად. მენეჯმენტმა არც საზოგადოებას და არც სამეურვეო საბჭოს ცალკეულ წევრებს არ მიაწოდა სათანადო განმარტებები ფინანსური რესტრუქტურიზაციის მიზეზით გადაცემების დახურვის შესახებ. ეს გადაწყვეტილება საბჭოს წევრებისათვის ცნობილი გახდა მათ მიერ ბიუჯეტის დამტკიცების მეორე დღეს. ინფორმაცია გადაცემების დახურვის შესახებ მათ შეიტყვეს ფრაგმენტულად, არაოფიციალური წყაროებიდან, რადგან საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ოფიციალური განცხადება მოგვიანებით გაავრცელა. როდესაც სამეურვეო საბჭოს წევრებმა დასვეს ლეგიტიმური კითხვები, მათი ინფორმირებულობისა და  გადაწყვეტილების ლოგიკის შესახებ, ნაცვლად ამომწურავი ინფორმაციის მიწოდებისა და პროფესიული ახსნა-განმარტებებისა,  საზოგადოებამ იხილა აგრესიული დამოკიდებულება და ხელოვნურად შექმნილი არაეთიკური გარემო, სადაც საქმიან განხილვას, არგუმენტებს, ახსნა-განმარტებებს ანაცვლებს ლანძღვა, ცინიზმი და აგრესია.

სამწუხაროდ, მაუწყებლის გარშემო მიმდინარე პროცესები და მმართველი პარტიის მხრიდან მიღებული ცალკეული გადაწყვეტილებები საგანგაშოა. მაუწყებლობის შესახებ კანონში განხორციელებული არაერთი ნაჩქარევი ცვლილება, მათ შორის აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს გაუქმება, ერთ-ერთი მკაფიო დასტურია ამ ნეგატიური ტენდენციისა. პარალელურად, მაუწყებლის მენეჯმენტს  არ აქვს განმარტებები მიმდინარე ფინანსური რეკონსტრუქციისა და გადაცემების დახურვის თაობაზე, საჯარო ლეგიტიმურ შეკითხვებზე პასუხები არადამაჯერებელია და კიდევ უფრო მეტ კითხვებს აჩენს. ყოველივე ეს კი ამცირებს საზოგადოების ნდობას საზოგადოებრივი მაუწყებლის - დემოკრატიის სიჯანსაღისათვის  ამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინსტიტუტის - მიმართ.

კოალიცია კიდევ ერთხელ მოუწოდებს საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობასა და სამეურვეო საბჭოს, უზრუნველყონ მიმდინარე პროცესების სათანადო ახსნა-განმარტება როგორც კოლეგებისთვის, ასევე ფართო საზოგადოებისათვის.