კოალიცია “მედის ადვოკატირებისთვის” კახი კალაძის განცხადებას ეხმიანება და პოლიტიკურ პარტიებს მემორანდუმს სთავაზობს


კოალიცია “მედის ადვოკატირებისთვის” ეხმიანება თბილისის მერობის კანდიდატის კახი კალაძის განცხადებას, რომლითაც ცნობილი გახდა, რომ მმართველი პარტიის მხრიდან დასახელებული თბილისის მერობის კანდიდატი აპირებს მონაწილეობა მიიღოს მხოლოდ საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ დაგეგმილ სატელევიზიო დებატებში, ამასთანავე, რეგიონული ტელევიზიების ნაწილმა უკვე მიიღო უარი მმართველი პარტიის კანდიდატების მხრიდან  პოლიტიკურ დებატებში მონაწილეობაზე.


შევახსენებთ პოლიტიკოსებს, რომ დებატებში მონაწილეობა  დემოკრატიული არჩევნების განუყოფელი ელემენტი და ამომრჩევლის ინფორმირებულობის უზრუნველყოფის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია. ამ ინსტრუმენტის გამოყენებაზე უარის თქმა ეწინააღმდეგება დემოკრატიის ზოგად პრინციპებს და აბრკოლებს მოქალაქეთა უფლებას გააკეთონ ინფორმირებული არჩევანი.


მოვუწოდებთ მმართველი პარტიის წარმომადგენლებს, მიიღონ მონაწილეობა მედიასაშუალებების მიერ შემოთავაზებულ სხვადასხვა ფორმატში, პატივი სცენ ამომრჩეველთა უფლებას გაეცნოს მერობის კანდიდატთა ხედვებს და მისცენ მედიას პროფესიული მოვალეობის შესრულების შესაძლებლობა. 


საარჩევნო უფლების მიმართ მრავალმხრივი ვალდებულების შესრულების მიზნით, კოალიცია “მედიის ადვოკატირებისთვის” ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე პოლიტიკურ პარტიებს და საარჩევნო სუბიექტებს სთავაზობს მემორანდუმის გაფორმებას, რომელზე ხელმოწერაც მოიცავს პასუხისმგებლობას, საარჩევნო პროცესები წარმართოს მშვიდობიან - არაძალადობრივ და  არადისკრიმინაციულ გარემოში.



მემორანდუმის ტექსტი


ჩვენ, ხელმომწერი პირები, 


პატივს ვცემთ საზოგადოების უფლებას, იყოს ინფორმირებული მოვლენებისა და თვალსაზრისების შესახებ. 


ვცნობთ და ვაღიარებთ ამომრჩეველთა ინფორმირებულობის  საჭიროებას და ამ ვალდებულებებიდან გამომდინარე პასუხისმგებლობას, რომელიც გულისხმობს წინასაარჩევნო პოლიტიკური დებატების გამართვის და მასში მონაწილეობის აუცილებლობას.


ვიაზრებთ, რომ საარჩევნო უფლების რეალიზაცია დამოკიდებულია  არჩევნებთან დაკავშირებული საკითხების სწორ და ზუსტ, მიუკერძოებელ და სამართლიან გაშუქებასთან.


მიუღებლად ვაცხადებთ მედიასთან ბოიკოტის რეჟიმს.   


ვაღიარებთ წინასაარჩევნო პოლიტიკური დებატების ფორმატის განსაკუთრებულ მნიშვნელობას და თანხმობას ვაცხადებთ პოლიტიკურ დებატებში მონაწილეობის ვალდებულების შესრულებაზე. მნიშვნელოვნად მივიჩნევთ, ქალთა მონაწილეობას და ჩართულობას პოლიტიკურ პროცესებში, მათ შორის, დებატებში ქალი კანდიდატების წარმოდგენას.


ვგმობთ, მედიის წარმომადგენლებზე სიტყვიერ და ფიზიკურ თავდასხმას. 


მოვუწოდებთ პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებს, საარჩევნო სუბიექტებს, პოლიტიკური აქტივისტებს და მხარდამჭერებს პატივი სცენ მედიის პროფესიულ ვალდებულებას  მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია.


ვთანხმდებით, რომ საარჩევნო უფლების მიმართ მრავალმხრივი ვალდებულების ფარგლებში, მიუკერძოებელი და სამართლიანი გაშუქების სტანდარტის უზრუნველსაყოფად,  მხარეები გამოიყენებენ მაუწყებელთა თვითრეგულირების ეფექტიან მექანიზმს ან/და მიმართავენ საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს. 


* შენიშვნა: საარჩევნო საკითხებზე საჩივარი/განცხადება განიხილება დაჩქარებულად - 7 სამუშაო დღის ვადაში


ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი - IDFI

ლიბერალური აკადემია თბილისი

მედიაკლუბი

მედიის განვითარების ფონდი

მედიის უფლებები

რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსი

სატელევიზიო ქსელი

სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება - ISFED

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა - GDI

საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია - GRMA

საქართველოს მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორთა ასოციაცია

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია

უფლებები საქართველო


ღია საზოგადოების ფონდი OSGF