"მაუწყებლობის შესახებ" კანონის მიღებისას მმართველმა პარტიამ არ უზრუნველყო მედიისა და სხვა დაინტერესებული პირების ჩართულობა


მედიის ადვოკატირების კოალიცია კიდევ ერთხელ ეხმიანება “მაუწყებლობის შესახებ” კანონში განხორციელებულ ბოლო ცვლილებებს, რომლითაც კომუნიკაციების კომისიის მანდატი გაფართოვდა, კერძოდ კი მას სიძულვილის ენისა და უხამსობის რეგულირების უფლებამოსილება მიენიჭა. მმართველმა პარტიამ ამ ცვლილებების მიღება ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის მოტივით დაასაბუთა, თუმცა მმართველმა პარტიამ არ გაითვალისწინა ევროკავშირის კომისიონერის რეკომენდაცია გაეთვალისწინებინა ევროპის საბჭოს სამართლებრივი შეფასება და საკანონმდებლო პროცესი არ იყო ინკლუზიური არ უზრუნველყო რა ხელისუფლებამ მედიისა და სხვა დაინტერესებული პირების ჩართულობა. მიგვაჩნია, რომ ახალი რეგულაციები კრიტიკული მედიის წინააღმდეგ კანონის ბოროტად გამოყენების რისკებს შეიცავს.  


2023 წ. 19 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტმა მიიღო ცვლილებები “მაუწყებლობის შესახებ” კანონში. კანონპროექტის განხილვა დაჩქარებული წესით განხორციელდა. თავდაპირველად ის სიძულვილის ენის რეგულირებას ითვალისწინებდა, კერძოდ, თვითრეგულირებიდან რეგულირებაში გადატანას. თუმცა, კანონპროექტს მოულოდნელად უხამსობის რეგულირებაც დაემატა. ამ ცვლილებებით მარეგულირებელ კომისიას ენიჭება  უფლება მედიის შინაარსში დაადგინოს დარღვევა და მიიღოს საპასუხო გადაწყვეტილება. ეს არის სახელმწიფო რეგულირების მოდელი, რადგან მარეგულირებელი კომისია ადმინისტრაციული ორგანოა. 


მედიის ადვოკატირების კოალიცია პირველივე დღიდან აკვირდებოდა კანონმდებლობის ჰარმონიზაციის პროცესს. საკუთარი მანდატისა და კომპეტენციის ფარგლებში აქტიურად ეწეოდა ევროინტეგრაციის მხარდაჭერას და ძალისხმევას არ იშურებდა ევროპის კანონმდებლობის ფარგლებში გათვალისწინებული პრინციპების, როგორიც არის ეფექტური მექანიზმები ფართო კონსენსუსის საფუძველზე, შესამუშავებლად. მაუწყებლობის შესახებ კანონის ევროპის კავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის მიზნით, ბოლო წლების განმავლობაში რამდენიმე პროექტი მომზადდა, რომლებიც სხვა საკითხებთან ერთად სიძულვილის ენასაც არეგულირებდა. აუდიო ვიზუალური მედია მომსახურების შესახებ დირექტივა სიძულვილის ენის რეგულაციის სხვადასხვა მეთოდს იცნობს, მათ შორის სახელმწიფო რეგულაციისა და ეფექტური თანარეგულაციის მოდელს. ვითვალისწინებდით რა იმას, რომ ქვეყანაში სახელმწიფო ინსტიტუტები მიტაცებულია, ხოლო მმართველ პარტიას უპირობო გავლენა აქვს სახელმწიფო უწყებებში, მათ შორის მარეგულირებელ უწყებაში, გადაწყვეტილების მიღების პროცესზე, კოალიცია ეფექტური თანარეგულაციის მექანიზმს აქტიურად უჭერდა მხარს. საკანომდებლო ჩანაწერის მიუხედავად, რომ კომუნიკაციების კომისია თავის საქმიანობაში დამოუკიდებელი უნდა იყოს, მარეგულირებელს არაერთი პოლიტიკურად მოტივირებულ გადაწყვეტილება აქვს მიღებული, რომელიც მიზნად კრიტიკული მედიის შევიწროებას ისახავდა. 


კოალიციამ ჩაატარა არაერთი შეხვედრა განსხვავებული სარედაქციო პოლიტიკის მქონე მაუწყებლებთან, რათა ევროდირექტივის სულისკვეთების შესაბამისად ფართო კონსენსუსისთვის მიეღწია და ისეთი თანარეგულირების მოდელი შეემუშავებინა, რომელიც ეფექტურად დაუპირისპირდებოდა სიძულვილის ენას. სწორედ ამ პროცესის შედეგად, გასულ წელს შემუშავდა ალტერნატიული საკანონმდებლო წინადადება, რომელიც პარლამენტში დეპუტატმა თამარ კორძაიამ წარადგინა, მაგრამ საპარლამენტო უმრავლესობამ ის არ განიხილა. 2022 წლის 22 დეკემბერს მმართველმა პარტიამ მიიღო კანონი მედიისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან კონსულტაციის გარეშე. მნიშვნელოვანია, რომ ევროპის საბჭოს დამოუკიდებელმა ექსპერტებმა კანონის შეფასებისას სრულად გაიზიარეს მედიისა და სამოქალაქო სექტორის შეშფოთება მარეგულირებელი ორგანოს შესაძლო პოლიტიკურ მიკერძოებასთან დაკავშირებით. შესაბამისად, სიძულვილის ენის პრობლემასთან გასამკლავებლად მათ რეკომენდაცია გაუწიეს საქართველოში ეფექტური თანარეგულაციის შემოღებას.


2023 წლის ზაფხულში “მაუწყებლობის შესახებ” კანონში კიდევ ერთხელ განხორციელდა ცვლილება, რაც ნაწილობრივ  ითვალისწინებდა ევროპის საბჭოს დამოუკიდებელი ექსპერტების მიერ მომზადებულ რეკომენდაციებს. მედიის ადვოკატირების კოალიცია მიესალმა მიმდინარე წლის ზაფხულში განხორციელებულ ცვლილებებს, რომლითაც სიძულვილის ენა დაბრუნდა თვითრეგულაციის, ანუ მედიის მიერ რეგულირების ქვეშ, თუმცა მაშინვე განაცხადა, რომ არსებული ცვლილება არასაკმარისია და ეფექტური მექანიზმის შესაქმნელად აუცილებელია, რომ მარეგულირებელმა კომისიამ, მედიასთან და სამოქალაქო სექტორთან ერთად, ეფექტური თანარეგულაციის მოდელი შეიმუშაოს. აღსანიშნავია, რომ ხელისუფლებამ არ გაითვალისწინა  სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში კომისრის ოლივერ ვარჰეისის შეფასებაც, რომ შეიცვალოს მაუწყებლობის შესახებ კანონი ევროპის საბჭოს სამართლებრივი შეფასების შესაბამისად. 


მიუხედავად მოწოდებებისა, მარეგულირებელმა კომისიამ არ გადადგა ნაბიჯი ეფექტური თანარეგულაციის მექანიზმის შესაქმნელად. მედიის თანარეგულაცია თავის მხრივაც მარეგულირებელ ჩარჩოს გულისხმობს, რომელშიც მედიის ინდუსტრიის თვითრეგულირება ზედამხედველობა ან თანამონაწილეობა სხვა გარე სტრუქტურების მიერ ხორციელდება, მაგალითად როგორიცაა მარეგულირებელი.  თანარეგულაციის მიზანია დაამყაროს ბალანსი ინდუსტრიის ავტონომიასა და საზოგადოებრივ ინტერესებს შორის, პასუხისმგებლობიანი და ეთიკური მედია პრაქტიკის ხელშეწყობა გამოხატვის თავისუფლების შენარჩუნებით. 


ამ დროს, საჯარო დისკუსიისა და კონსულტაციის გარეშე ინიცირდა კანონპროექტი სიძულვილის ენასთან დაკავშირებით, რომელსაც შემდგომ უხამსობის რეგულაციაც დაემატა. საკომიტეტო მოსმენის დროს კოალიციის წარმომადგენლებმა ვერ მიიღეს  პასუხი კითხვაზე, თუ რატომ არ შემუშავდა ეფექტური თანარეგულაციის მექანიზმი ან რატომ არ იყო პროცესი ინკლუზიური. 


კოალიცია სრულად უჭერს მხარს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესს. ჩვენ გვჯერა, რომ ევროპული სტილის თავისუფალი და დამოუკიდებელი მედია და მარეგულირებელი ორგანო აუცილებელია დემოკრატიული საზოგადოებისთვის. მიუხედავად საჯაროდ გაკეთებული განცხადებისა, რომ არსებული ცვლილებები ევროკავშირის რეკომენდაციების ფარგლებში განხორციელდა, მმართველი პარტიის მიერ არჩეული სახელმწიფო რეგულირების მოდელი სერიოზულ რისკებს და გამოწვევებს შეიცავს. კერძოდ, დიდია საფრთხე, რომ ის გამოყენებული იქნება კრიტიკული მედიის შესაზღუდად. 


მედიის ადვოკატირების კოალიცია აქტიურად განაგრძობს მედიაგარემოს მონიტორინგს და შეისწავლის ყველა იმ შემთხვევას, რომელიც სიძულვილის ენასა და/ან უხამსობას შეეხება. კოალიცია მოუწოდებს მარეგულირებელ კომისიას, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად, შეიმუშაოს სახელმძღვანელო დოკუმენტები იმის განსამარტად, თუ რას წარმოადგენს სიძულვილის ენა და უხამსობა და როგორ იხელმძღვანელონ მედიებმა კანონმდებლობის განმარტებისას და გამოყენებისას. კოალიცია მზადაა ამ პროცესში აქტიურად ჩაერთოს. 


მოვუწოდებთ ხელისუფლებას, უზრუნველყოს ისეთი მედიაგარემოს არსებობა, რომელშიც მაუწყებლები არ დაისჯებიან დამოუკიდებელი და კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკის გამო. უსამართლო მედიაგარემო აზიანებს როგორც პლურალისტურ გარემოს საქართველოში, ასევე სერიოზულ დაბრკოლებას უქმნის ჩვენს ქვეყანას ევროინტეგრაციის გზაზე.