წლიური ანგარიში 2021


კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის“(შემდგომში - კოალიცია), საქართველოში მედიის საკითხებზე მომუშავე 16 არასამთავრობო ორგანიზაციის გაერთიანებაა. კოალიციის წევრები 10 წელია ეხმარებიან ჟურნალისტებს და მედიამენეჯერებს სხვადასხვა ტიპის სამართლებრივ გამოწვევებთან გამკლავებაში, ერთობლივად მუშაობენ პლურალისტული მედიაგარემოს შესაქმნელად, მედიაში გამოხატვის თავისუფლებისა და ცენზურის თავიდან აცილების საკითხებზე.

2021 წელს პანდემიის თანმდევი კრიზისები მედიაგარემოზე უარყოფითად აისახა: უფრო მეტად დაიხურა საჯარო უწყებები ჟურნალისტებისთვის, გამოწვევებით იყო სავსე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების გაშუქება - წინასაარჩევნო პერიოდსა და არჩევნების დღეს ჟურნალისტები არაერთხელ აღმოჩნდნენ ფიზიკური და სიტყვიერი თავდასხმის ობიექტები. კოალიციის წევრები ღიად საუბრობდნენ გამოხატვის თავისუფლების პრობლემებზე და ხშირად მოუწოდებდნენ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს, მიეღოთ ზომები ჟურნალისტთა უსაფრთხოების და საქმიანობის თავისუფლების სტანდარტის გასაუმჯობესებლად.

2021 წელი საქართველოში მედიაზე მასშტაბური თავდასხმით დაამახსოვრდებათ. მოძალადე ჯგუფებმა 5 და 6 ივლისს თბილისში, დედაქალაქის ცენტრალურ მოედანზე 53 ჟურნალისტი, ოპერატორი და ფოტოგრაფი დააზიანეს. ძალადობრივი თავდასხმებისას ნაცემი ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა რამდენიმე დღის შემდეგ გარდაცვლილი იპოვეს. გამოძიება ჯერაც არ დასრულებულა.

წლიური ანგარიში 2021 - გამოხატვის თავისუფლების დაცვისთვის გადადგმული კოალიციური ნაბიჯების და შედეგების დოკუმენტირების პირველ მცდელობას წარმოადგენს.