ᲘᲛᲔᲓᲘᲡ ᲓᲔᲖᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲐ, ᲗᲘᲗᲥᲝᲡ ᲐᲥᲪᲘᲐᲖᲔ ᲨᲔᲘᲐᲠᲐᲦᲔᲑᲣᲚᲘ ᲓᲔᲛᲝᲜᲡᲢᲠᲐᲜᲢᲘ ᲘᲧᲝ

02 დეკემბერი 2024

1 დეკემბერს სამთავრობო სარედაქციო პოლიტიკის მქონე იმედმა ამავე ღამის საპროტესტო აქციიდან გაავრცელა ფოტო, რომელზეც თითქოს შეიარაღებული დემონსტრანტი იყო ასახული. ტელევიზამ დაწერა, რომ ფოტო, “სავარაუდოდ, შეიარაღებულ “მშვიდობიან” მომიტინგეს” ასახავს. იმედზე დაყრდნობით ფოტო რამდენიმე ფეისბუქ-ანგარიშმაც (1;2) გაავრცელა.

შეიარაღებული დემონსტრანტი

სამთავრობო იმედის მტკიცება, თითქოს აქციაზე შეიარაღებული დემონსტრანტი იმყოფებოდა, დეზინფორმაციულია. მედიის მიერ გავრცელებული ფოტო ტელეკომპანია “პირველის” პირდაპირი ჩართვიდანაა მოჭრილი. უწყვეტი ეთერის ყურებით ვადგენთ, რომ საინფორმაციო ბარათზე ასახული პირი არა შეიარაღებული დემონსტრანტი, არამედ მედიის წარმომადგენელია, რომელსაც არა იარაღი, არამედ შტატივი უჭირავს. 

1 დეკემბერს, ღამის 00:20 საათზე, ტელეკომპანია პირველმა ფეისბუქ-გვერდზე საპროტესტო აქციიდან 8-საათიანი უწყვეტი პირდაპირი ეთერი ჩართო. პარლამენტის მიმდებარედ რამდენიმე ჟურნალისტი მუშაობდა. 

პირდაპირი ეთერის დაწყებიდან, დაახლოებით, საათისა და ოცი წუთის შემდეგ (დრო: 1:22:46), კადრში ჩნდება ის ეპიზოდი, რომელიც იმედმა საინფორმაციო ბარათისთვის გამოიყენა. უწყვეტი ეთერის ყურებისას ჩანს, რომ საინფორმაციო ბარათზე ასახული პირი შტატივითა და კამერით დგას, მას ასევე უკეთია ბეიჯი, რომელიც, სავარაუდოდ, მიუთითებს, რომ ის მედიის წარმომადგენელია. აღნიშნული პირი შეიარაღებული არ არის, მას ხელში არა იარაღი, არამედ კამერის შტატივი უჭირავს და მიმდებარე ტერიტორიას იღებს.

შეიარაღებული დემონსტრანტი
კადრში ჩანს, რომ აღნიშნულ პირს შტატივი უჭირავს და კამერით მიმდებარე ტერიტორიას იღებს. წყარო: TV პირველი

ზუსტად იმ ეპიზოდში, რომელის საფუძველზეც სამთავრობო მედია ამტკიცებს, რომ აქციაზე შეიარაღებული დემონსტრანტი იმყოფებოდა, ვხედავთ, რომ აღნიშნულ პირს ბეიჯი უკეთია, ასევე ჩანს კამერის საკიდიც. 

შეიარაღებული დემონსტრანტი
წყარო: TV პირველი

რამდენიმე წამის შემდეგ, პირი ბრუნდება და კადრების გადაღებას აგრძელებს, რა დროსაც პირდაპირ ეთერში მისი კამერა სრულად ჩანს. რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მას შტატივი და კამერა უჭირავს და არა – იარაღი. ამასთანავე, ტელეკომპანიის საინფორმაციო ბარათისთვის გამოყენებულ ფოტოზე ერთ-ერთ დეტალს მომხმარებლები, სავარაუდოდ, იარაღის დეტალად, მჭიდად აღიქვამენ. “პირველის” პირდაპირ ეთერში ჩანს, რომ ის სინამდვილეში საწვიმარი მილია. 

შეიარაღებული დემონსტრანტი
წყარო: TV პირველი

ცნობისთვის, “იმედმა” თავადვე განაცხადა, რომ კადრი ტელეკომპანია პირველის პირდაპირი ეთერიდან აქვთ მოჭრილი და იარაღიანი დემონსტრანტი სწორედ მათ დააფიქსირეს. 

28 ნოემბერს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ იმავე დღეს დამტკიცებული მთავრობა ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს. გარდა ამისა, უარს ამბობენ საბიუჯეტო დაფინანსებაზეც. გადაწყვეტილების წინააღმდეგ საქართველოს მასშტაბით საპროტესტო აქციები იმართება. 

აქციის მონაწილეების წინააღმდეგ მიმართულ დისკრედიტაციის კამპანიაში სამთავრობო მედია აქტიურად არის ჩართული. საქართველოში საპარლამენტო არჩევნების შემდგომ გამართული საპროტესტო აქციების შესახებ “მითების დეტექტორმა” სამთავრობო მედიისა თუ საინფორმაციო სააგენტოების მიერ გავრცელებული არაერთი მცდარი ცნობა გადაამოწმა

წყაროს შესახებ

ერთ-ერთი ფეისბუქ ანგარიში, რომელიც ”იმედის” დეზინფორმაციას ავრცელებს, ირმა ხახუტაიშვილია. ის მმართველი პარტია “ქართული ოცნების” მხარდამჭერია. ხახუტაიშვილი სოციალურ ქსელში სისტემატურად აქვეყნებს ანტიდასავლური შინაარსის, ასევე ქართული ოპოზიციის საწინააღმდეგო ცნობებსა და ყალბ ამბებს. მის მიერ გამოქვეყნებული პოსტები “მითების დეტექტორმა” წარსულშიც არაერთხელ გადაამოწმადა ისიც დაადგინა, რომ აღნიშნული ანგარიში ყოფილი სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიასა და პარტია “ლელოს” ლიდერის, მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ მიმართულ დისკრედიტაციის კამპანიებშიც მონაწილეობდა. 

ანგარიშმა Nino Labartkava წარსულშიც გაავრცელა დეზინფორმაცია, ერთ-ერთი 2020 წლის საპროტესტო გამოსვლებს შეეხებოდა. “მითების დეტექტორს” მის მიერ გავრცელებული ორი პოსტი აქვს გადამოწმებული

არქივის ბმული 


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

ამ თემაზე

ᲡᲐᲮᲔᲚᲘᲡᲣᲤᲚᲔᲑᲝ ᲛᲔᲓᲘᲘᲡ ᲛᲘᲔᲠ ᲒᲐᲕᲠᲪᲔᲚᲔᲑᲣᲚᲘ ᲒᲔᲘ ᲬᲧᲕᲘᲚᲘᲡ ᲤᲝᲢᲝ AI ᲒᲔᲜᲔᲠᲘᲠᲔᲑᲣᲚᲘᲐ

The photo of a gay couple spread by pro-government media was generated by using artificial intelligence

საინფორმაციო გარემოს ბარომეტრი

Vibrant Information Barometer ყოველწლიური კვლევაა, რომელიც აფასებს საინფორმაციო გარემოს სხვადასხვა მაჩვენებლის მიხედვით.

დეზინფორმაციასთან ბრძოლა