კოალიცია ეხმიანება საქართველოს პარლამენტის მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილების პირველი მოსმენით მიღებას

29 ივნისი 2023


მედიის ადვოკატირების კოალიცია პოზიტიურად აფასებს საქართველოს პარლამენტის მიერ 28 ივნისს „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებების, რომლებიც, სხვა საკითხებთან ერთად, პასუხის უფლებას, მარეგულირებლის გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებასა და სიძულვილის ენის რეგულირებას შეეხება, პირველი მოსმენით მიღებას. მნიშვნელოვანია, რომ “მმართველმა პარტიამ” ამჯერად გაითვალისწინა როგორც ევროპის საბჭოს დამოუკიდებელი ექსპერტების, ასევე მედიისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლების რეკომენდაციები. 

აუდიოვიზუალური მედიის სფეროში სიძულვილის ენის, პასუხის უფლებისა თუ კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილების დაუყოვნებლივი აღსრულების საკითხები მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენდა. სამწუხაროდ, პარლამენტმა  2022 წლის დეკემბერში “მაუწყებლობის შესახებ” კანონში აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებული ცვლილების მიღებისას მედიის და სამოქალაქო სექტორის ლეგიტიმური მოსაზრებები არ გაითვალისწინა. 

ევროპის კავშირთან ასოცირების შეთანხმების საფუძველზე საქართველოს აუდიოვიზუალური მედიის მომსახურების დირექტივის იმპლემენტაციის ვალდებულება ჰქონდა აღებული, რომელიც სხვადასხვა საკითხთან ერთად სიძულვილის ენის რეგულაციას ითვალისწინებდა. სამოქალაქო და მედიის სექტორის წარმომადგენლები ემხრობოდნენ აღნიშნული საკითხის მოწესრიგებას თანარეგულაციის პრინციპების გათვალისწინებით, რაც თანხვედრაშია ევროპულ დირექტივასთან. აღნიშნულ პოზიციას იზიარებენ ევროპის საბჭოს დამოუკიდებელი ექსპერტებიც, მიიჩნევდნენ რა მას, ქვეყანაში არსებული კონტექსტის გათვალისწინებით, ეფექტურ გზად სიძულვილის ენის წინააღმდეგ საბრძოლველად. კოალიციამ და მედია საშუალებებმა ალტერნატიული კანონპროექტიც კი მოამზადეს ამ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც, სამწუხაროდ, მმართველმა პარტიამ გასული წლის დეკემბერში ცვლილებების მიღებისას არ გაითვალისწინა. მედიის წარმომადგენლებისთვის პრობლემური იყო ასევე მარეგულირებლის გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებისა და პასუხის უფლების საკითხებიც. ჯერ კიდევ ვენეციის კომისია კრიტიკულად აფასებდა “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” კანონში მსგავს დებულებას და პარლამენტს მისი გაუქმებისაკენ მოუწოდებდა. არსებული კანონპროექტი კი კომპრომისულ ვერსიას შეიცავს, რომელიც მნიშვნელოვნად აზღვევს იმ რისკებს, რომელიც შეიძლება პრაქტიკაში წარმოიშვას. 


მისასალმებელია საქართველოს პარლამენტის მიერ 28 ივნისს პირველი მოსმენით მიღებული კანონპროექტი, რომელიც მედიის, სამოქალაქო სექტორისა და ევროპის საბჭოს დამოუკიდებელი ექსპერტების მიერ შეთავაზებულ რეკომენდაციას ემყარება. აღნიშნული ცვლილება პოზიტიურ წვლილს შეიტანს ევროინტეგრაციის პროცესში. ასევე მნიშვნელოვანია, რომ კომუნიკაციების კომისიამ დაჩქარებულად, მედიისა და სამოქალაქო სექტორის სრულყოფილი ჩართულობით, მიიღოს შესაბამისი ცვლილებები მაუწყებელთა “ქცევის კოდექსში”, ეფექტური თანარეგულაციის მექანიზმის შესაქმნელად.

ამ თემაზე

თავდასხმა და ძალადობა ოპერატორებსა და ჟურნალისტებზე

“ქართული ოცნების“ საიდუმლო ქსელი არჩევენების კონტროლისთვის

ქოლცენტრებში დასაქმებული ადამიანების აღიარებები, რომ ისინი არჩევნების დღეს 150 ლარის სანაცვლოდ მუშაობდნენ.

ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა

ჟურნალისტური გამოძიება 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ხმის მიცემის საიდუმლოების მასობრივი დარღვევებისა და თანმდევი სამართლებრივი პროცესის შესახებ.