„ჭკუას ისწავლიან“ – რას ნიშნავს SLAPP სასამართლო დავა მედიის წინააღმდეგ

25 ივნისი 2024

წყარო: მედია ჩეკერი

„ალექსანდრე ჭიკაიძე „ტელეკომპანია პირველისა“ და სოფო ნიაურის წინააღმდეგ“ – ერთ-ერთი ის ბოლო მიმდინარე სასამართლო დავაა, რომელსაც “საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“ ე.წ. SLAPP საქმედ მიიჩნევს. თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ საქმის მეორე პროცესი წინა კვირაში, 19 ივნისს გაიმართა. 

ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი, ალექსანდრე ჭიკაიძე “ტვ პირველის” მიერ გავრცელებული ინფორმაციის ცილისწამებად ცნობას და ტელევიზიისა და ჟურნალისტისგან 100 000 ლარის ოდენობით მორალური ზიანის ანაზღაურებას ითხოვს. მომდევნო სასამართლო სხდომა 12 ივლისს არის ჩანიშნული. სადავო სიუჟეტი პროკურატურის მიერ 2024 წლის 3 თებერვალს თაღლითური ქოლ-ცენტრების მოწყობისა და ორგანიზების ბრალდებით, დაკავებულებს ეხებათ.

“ტელეკომპანია პირველის” ახალი ამბების სამსახურის უფროსის, ნოდარ მელაძის განცხადებით, ბოლო სასამართლო პროცესზე ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატმა თქვა, რომ ყოფილი მინისტრი მაღალი თანამდებობის დასაკავებლად ისევ ემზადება და ამ რეპორტაჟმა მას საქმიანი რეპუტაცია შეულახა. 

“როგორც ბიზნესმენმა, მან უცხოური კონტრაქტები დაკარგაო. ამ სიტყვების ვერც ერთი მტკიცებულება ვერ წარმოადგინა ადვოკატმა და ისიც განაცხადა, რომ ამის არავითარი ვალდებულება არ აქვს და სიტყვაზე უნდა ვენდოთ…ჩვენი ადვოკატი [GDI-დან] ითხოვდა პროკურატურიდან იმ სისხლის სამართლის საქმეების გამოთხოვნას, რომელიც, სავარაუდოდ, ჭიკაიძის მონაწილეობას ეხება და რომელზეც საუბარი იყო ჩვენს რეპორტაჟში. თუკი აღმოჩნდებოდა, რომ ამ საქმეში არ ფიგურირებს ჭიკაიძე, ჩვენ ავიღებდით პასუხისმგებლობას და ვაღიარებდით შეცდომას. მაგრამ, ცხადია, მოსამართლემ ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა”, – თქვა მელაძემ “მედიაჩეკერთან” საუბრისას.

ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატის, მარინე ცუცქირიძის განმარტებით, ეს საჩივარი იქიდან გამომდინარეობს, რომ ადამიანს სისხლის სამართლის დანაშაულის ორგანიზატორობა აბსოლუტურად უსაფუძვლოდ დააბრალეს.

“ვფიქრობ, ესეთი მძიმე ბრალდება როდესაც არის, ადამიანს ელემენტარულად შიდა კანონმდებლობითაც და საერთაშორისო კონვენციებითაც აქვს უფლება, რომ თავისი თავი დაიცვას”, – ამბობს ცუცქირიძე.

ჟურნალისტი, როგორც “სათანადო მოპასუხე”

მიმდინარე წლის 10 აპრილს მოსამართლე ზაალ მარუაშვილმა საქმეზე – “ალექსანდრე ჭიკაიძე „ტელეკომპანია პირველისა“ და სოფო ნიაურის წინააღმდეგ” სათანადო მოპასუხედ ტელეკომპანიასთან ერთად ჟურნალისტიც ცნო. „მედიის ადვოკატირების კოალიციის“ განცხადებით, სასამართლოს მიერ ცილისწამების დავაზე ჟურნალისტის სათანადო მოპასუხედ ცნობა ცალსახად ეწინააღმდეგება „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონში არსებულ ჩანაწერს. კანონი ცალსახად ადგენს სათანადო მოპასუხეთა წრეს და განმარტავს, რომ „მედიაში ჟურნალისტის მიერ გამოქვეყნებულ ცილისწამებასთან დაკავშირებული სასამართლო დავისას მოპასუხეა მედიის მესაკუთრე“.

„მედიის ადვოკატირების კოალიციისთვის“ განსაკუთრებით შემაშფოთებელი ის გარემოებაა, რომ არაერთ მსგავს საქმეზე სასამართლოებმა კანონში არსებული ჩანაწერი უგულებელყვეს და ჟურნალისტები სათანადო მოპასუხეებად მიიჩნიეს. 

ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატის, მარინე ცუცქირიძის განცხადებით, „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონს არაფერი არ ეწინააღმდეგება და ამაზე  უზენაესი სასამართლოს მიერ დამტკიცებული პრაქტიკა არსებობს.

“ჩვენ ჟურნალისტი ჩავრთეთ ახალი პრაქტიკიდან გამომდინარე, რადგან უზენაესმა სასამართლომ არაერთ საქმეზე უკვე დაადგინა, რომ თუ ჟურნალისტი ემიჯნება ამ საკითხს, ამ შემთხვევაში ჟურნალისტი არ იქნებოდა მოპასუხე, მაგრამ თუ ჟურნალისტი ბოლო წუთამდე იზიარებს ამ თავის პოზიციას, მაშინ ისიც უნდა იყოს მოპასუხე. ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ უკვე არსებული პრაქტიკიდან გამომდინარე დავაყენეთ ეს მოთხოვნა…ეს პირველი საქმე არ არის, სადაც ჟურნალისტია მოპასუხე და რატომ უკვირთ, ვერ ვხვდები,” – განმარტავს ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატი “მედიაჩეკერთან” საუბრისას.

რას ნიშნავს SLAPP საქმე

“საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის” დაკვირვებით, კრიტიკული მედიისა და უფლებადამცველების წინააღმდეგ ე.წ. SLAPP (Strategic Litigation against Public Paritipation) სარჩელებით სასამართლოსთვის მიმართვის ტენდენცია საქართველოში ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაიზარდა.

SLAPP საქმედ განიხილება პოლიტიკური თუ ფინანსური თვალსაზრისით გავლენიანი პირების მიერ აღძრული, აშკარად უსაფუძვლო სარჩელები ცილისწამების შესახებ, რომელთა მიზანიც არის არა პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის დაცვა, არამედ აქტიური მოქალაქეების გაჩუმება და მათთვის ფინანსური ბარიერების შექმნა.

“საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის” 2023 წლის ანგარიშის – “SLAPP საქმეები საქართველოში, ახალი საფრთხე მედიის თავისუფლებისთვის” მიხედვით, კრიტიკულად განწყობილი მედიების და უფლებადამცველების წინააღმდეგ სასამართლოში შეტანილი სარჩელების რაოდენობა ბოლო წლებში გაიზარდა. მათი მნიშვნელოვანი ნაწილი საქალაქო სასამართლოში დაკმაყოფილდა, სააპელაციო სასამართლომ კი პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებები ძალაში დატოვა. დღევანდელი მონაცემებით SLAPP სასამართლო დავების რაოდენობამ 41-ს მიაღწია.

აღსანიშნავია, რომ სარჩელთა უმეტესობის ადრესატი სამი კრიტიკული მედია: “მთავარი არხი”, “ტვ პირველი” , ”ფორმულა” და მათი ჟურნალისტები არიან.

2024 წლის ერთ-ერთ SLAPP სასამართლო დავად “საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა” სწორედ „ტელეკომპანია პირველისა“ და სოფო ნიაურის წინააღმდეგ სასამართლოში წარდგენილ ალექსანდრე ჭიკაიძის სარჩელს მიიჩნევს. 

“ტელეკომპანია პირველის” ადვოკატის, ვასილ ჟიჟიაშვილისგანმარტებით, სარჩელი ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ არის აღძრული. ეს ნიშნავს, რომ ის პოლიტიკურად გავლენიანი პიროვნებაა, სამიზნედ კი სწორედ ისეთი ტელეკომპანიაა არჩეული, რომელიც კრიტიკული ხედვებით არის ცნობილი. 

“საყურადღებოა ისიც, რომ მსგავსი ტიპის სარჩელები საკმარისად მომრავლდა ბოლო პერიოდში, რაც მიუთითებს გავლენიანი პოლიტიკური ფიგურების მიერ აღძრული სარჩელების კამპანიურობასა და მცდელობაზე, მნიშვნელოვანი ფინანსური ზიანი მიაყენონ კრიტიკულ მედიას. გარდა ამისა, ალექსანდრე ჭიკაიძე “ტვ პირველისგან” მორალური ზიანის ანაზღურების სახით 100 000 ლარს ითხოვს, რაც აშკარად არაპროპორციული თანხაა. საქართველოს საერთო სასამართლოების პრაქტიკით, ცილისწამების საქმეებზე მოსარჩელის მიერ დავის მოგების შემთხვევაში გავრცელებული ცნობების უარყოფა ხდება, მორალური ზიანის ანაზღაურების მიზანი კი სულიერი განცდებისა და ტანჯვის შემსუბუქებას უნდა ემსახურებოდეს. ამის საპირისპიროდ, საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე ალექსანდრე ჭიკაიძის წარმომადგენლებმა არაერთხელ გააჟღერეს, რომ “ტვ პირველსა” და მის ჟურნალისტზე 100 000 ჯარიმის დაკისრებით მედიები და მათი ჟურნალისტები “ჭკუას ისწავლიან” და სამომავლოდ მსგავს სიუჟეტებს აღარ გააკეთებენ. აღნიშნულიდან გამომდინარე, ნათელია, რომ ალექსანდრე ჭიკაიძის სარჩელის რეალური მიზანი არა მისი პირადი ცხოვრებისა და საქმიანი რეპუტაციის დაცვა, არამედ კრიტიკული მედიისა და ჟურნალისტების გაჩუმებაა, რაც საკმარისი პირობაა საქმის SLAPP-ად კვალიფიცირებისთვის”, – ამბობს “მედიაჩეკერთან” საუბრისას ვასილ ჟიჟიაშვილი.

“ტელეკომპანია პირველის” ახალი ამბების სამსახურის უფროსის, ნოდარ მელაძის განცხადებით, მათი გადაცემა სამიზნეში ჰყავთ ამოღებული, რადგან მათ მიერ მოძიებულმა ფაქტებმა და რეპორტაჟებმა დიდი ხმაური გამოიწვიეს.

“მთავრობამ, როგორც ჩანს, გადაწყვიტა, რომ ჩვენი გადაცემა აღარ არსებობდეს, გამომდინარე იქიდან, რომ რეიტინგი და შესაბამისად, გავლენა ძალიან მაღალი გვაქვს. მაგალითად, ისტორია იყო ასეთი: ჩვენ გვქონდა დადასტურებული ინფორმაცია, რომ ექსპრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის მამას ჰქონდა ბიზნესი, რომელიც სხვის სახელზე იყო გაფორმებული. ამ თემაზე მოვამზადეთ ჟურნალისტური გამოძიება. მათ გვიჩივლეს და მოითხოვეს ჩემი და გამოძიების ავტორის საბანკო, სახელფასო ანგარიშებისა და საცხოვრებელი ბინების დაყადაღება, როგორც უზრუნველყოფის ღონისძიება. ამის უფლება სინამდვილეში არ ჰქონდათ. ეს მოთხოვნა მოსამართლემ არ დააკმაყოფილა. ამასობაში, მოულოდნელად ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ ქარხანა, რომელზეც გვქონდა ის ჟურნალისტური გამოძიება მომზადებული, ნამდვილად გადაფორმდა ღარიბაშვილის მამაზე. ახლა ეს საქმე, უკვე 3-4 წელია თაროზეა შემოდებული. გააჩერეს, რადგან ახლა, ცხადია, აღარ აწყობთ ამ საქმის გახმაურება. სამაგიეროდ მოძებნეს სხვა საქმეები და ახლა იმათზე დაიწყეს ინტენსიურ რეჟიმში სასამართლო პროცესები. ახლა უკვე საქმის შესვლიდან პროცესების ჩანიშვნამდე, რეკორდულად მოკლე დროში აკეთებენ ყველაფერს, როდესაც სხვა შემთხვევებში მსგავს საქმეებს 4-5 წელს ანდომებენ”.

“მედიის ადვოკატირების კოალიციის” თავმჯდომარის, მამუკა ანდღულაძის შეფასებით, ეს ორგანიზებული ხასიათი ცალსახად მიუთითებს, რომ მომჩივანთა ამოსავალი წერტილი საკუთარი უფლებების აღდგენა კი არა, არამედ ჟურნალისტების დაშინება, ფსიქოლოგიური და ფინანსური წნეხი, რეპუტაციული დაზიანება და თვითცენზურის გაზრდაა.

“სტატისტიკა არის საინტერესო. მსგავსი საქმეები ცილისწამებასთან დაკავშირებით, როგორც წესი, წლების განმავლობაში განიხილება. ხოლო ეს, ჩვენ მიერ იდენტიფიცირებული, როგორც SLAPP საქმეები დაჩქარებული წესით მიმდინარეობს. ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ სახეზე გვაქვს კანონმდებლობის არასწორი ინტერპრეტირება. კანონში მტკიცების ტვირთი, როდესაც საქმე ცილისწამებას ეხება, მოსარჩელეზეა. ეს სპეციალურად არის გაწერილი, რომ  ჟურნალისტის დაცულობის მაღალი ხარისხი შევინარჩუნოთ. აგრეთვე, როდესაც კერძო პირი რომელიმე რეპორტაჟის გამო ტელეკომპანიას უჩივის, მოპასუხე ტელეკომპანიის მესაკუთრეა და არა კონკრეტული ჟურნალისტი. ესეც სრულიად შეგნებულად იყო გაწერილი “სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ” კანონში, როგორც დამატებითი ჩამკეტი დაცვის მექანიზმი.  სამწუხაროდ, ორივე ეს პრაქტიკა იცვლება, კანონს არ გიცვლიან, მაგრამ ცვლიან პრაქტიკას. ახლა მტკიცების ტვირთიც ჟურნალისტზეა, მოპასუხეც ჟურნალისტი და არა მედიის მფლობელია. ეს ყველაფერი არის ორგანიზებული მოქმედება კრიტიკული აზრის გამოხატვის წინააღმდეგ, რაც თვითცენზურის საფრთხეებს ქმნის”, – ამბობს მამუკა ანდღულაძე “მედიაჩეკერთან” საუბრისას.

“მედიის ადვოკატირების კოალიციის” თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ ამ შემთხვევაში საუბარი საჯარო მოხელეებზეა, რომელთაც თმენის ვალდებულება აქვთ. 

“სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ” კანონი კი მკაფიოდ განასხვავებს  საჯარო და კერძო პირს, მათ შორის ცილისწამებასთან დაკავშირებულ საქმეებზე. მტკიცების ტვირთი ყოველთვის უფრო მაღალია, როდესაც მომჩივანი საჯარო პირია, მისი როლისა და ფუნქციიდან გამომდინარე. როდესაც ასე ორკესტრირებულად მიმდინარეობს მაღალჩინოსნებისგან ჟურნალისტებზე სარჩელებით თავდასხმა, აქ ცალსახაა, რომ მიზანი არა შელახული უფლებების აღდგენა, არამედ მედიის დაშინებაა”, – განაცხადა ანდღულაძემ.

“ტელეკომპანია პირველს” 2024 წლის 11 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოში უჩივლა და გადაცემა „ნოდარ მელაძის შაბათში“ გასული სიუჟეტის ცილისწამებად აღიარება მოითხოვა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი ღარიბაშვილის ოჯახმა. სიუჟეტი შპს „ღარიბაშვილის მარანსა“ და ფრანგი ინვესტორის მიერ დაფუძნებულ კომპანიას შორის დადებულ იჯარის ხელშეკრულებას ეხებოდა. 

ყოფილი პრემიერ მინისტრის ოჯახის ადვოკატის, ამირან გიგუაშვილის მაშინდელი განმარტებით, მათი მიზანი კანონით დადგენილი წესით, ტელეკომპანიის მიერ ამ სიუჟეტის სიცრუედ აღიარებაა.

როგორც ნოდარ მელაძემ “მედიაჩეკერთან” საუბრისას განაცხადა, ხელისუფლებამ მაღალი ფინანსური კომპენსაციის მოთხოვნით ტელევიზიების წინააღმდეგ ახალი ტალღა დაიწყო. 

“პრაქტიკულად კრძალავენ ჟურნალისტის მიერ ფაქტების გაანალიზების შედეგად საავტორო გადაცემებში ვარაუდის გამოთქმას. ტერმინების – „სავარაუდოა”, “შესაძლოა“ გამოყენების შემთხვევაშიც კი მე, როგორც ჟურნალისტს მზღუდავენ, გამიჩნდეს რამის ვარაუდი. ასეთია ღარიბაშვილის საქმე, რომლის მასალებიც ჯერ არ ჩაგვბარებია, მაგრამ ადვოკატის კომენტარით თუ ვიმსჯელებთ, ამ ახალი საქმის წარმოების მიზეზი ჟურნალისტის გამოთქმული ვარაუდი გახდა”.  

ანტი-SLAPP საქმიანობა

ევროპარლამენტმა 2024 წლის დასაწყისში ანტი-SLAPP დირექტივა მიიღო,რომელიც მიზნად ისახავს, დაიცვას ჟურნალისტები და მედიასაშუალებები სასამართლოს ძალის ბოროტად გამოყენებისგან მათზე ანგარიშსწორებისთვის. 

დირექტივაში გაანალიზებულია SLAPP საქმეების გავლენა და მათგან თავდაცვის სამართლებრივი მექანიზმები. დირექტივის მე-9 მუხლი განსაზღვრავს სახელმწიფოების ვალდებულებასაც, შექმნან ისეთი კანონმდებლობა, რომლითაც SLAPP სარჩელების განსახილველად მიღებაზე უარის თქმა ადრეულ ეტაპზე იქნება შესაძლებელი. 

“ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის” წარმომადგენელი, გიორგი დავითური “მედიაჩეკერთან” საუბრისას განმარტავს:

“SLAPP კანონმდებლობა ქმნის დამატებით გარანტიებს, რომ [ამ საქმეებს] სასამართლოები არ მიუდგნენ სტანდარტული სამართლებრივი მოცემულობით, როგორც უდგებიან ნებისმიერ ორ კერძო პირს შორის დავას. გაითვალისწინონ ის საჯარო ინტერესი, რასაც ჟურნალისტი ემსახურება და სარჩელის ინიციატორი მხარის ის ინტერესი, რომელიც, როგორც წესი, ლეგიტიმური საქმიანობისთვის ჟურნალისტის დასჯაა. ამისთვის ისინი სამართლიანი სასამართლოს უფლებას იყენებენ. ამ შემთხვევაში ამის გათვალისწინება ნიშნავს იმას, რომ განსახილველად მიღებამდე თუ მიღების შემდეგ, მსგავსი უსაფუძვლო სარჩელებით, რომელიც შეტანილია არა იმისთვის, რომ საკუთარი შელახული უფლებები დაიცვან, არამედ იმისთვის, რომ დასაჯონ ჟურნალისტი, მათ ამის საშუალება არ მისცენ”.

“ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი” იმ ანტი-SLAPP პლატფორმის წევრიც არის, რომელიც საქართველოში 2023 წელს დაარსდა. მისი მიზანი SLAPP საქმეებიდან მომდინარე საფრთხისგან მედიის, უფლებადამცველებისა და სხვა სუბიექტების დაცვა და გაძლიერებაა. 

“თუკი ევროპაში SLAPP საქმეების მიზანი მთავრდება იმ ეტაპით, რომ ჟურნალისტს დააკარგვინოს რესურსები, საქართველოში თავისებურებას წარმოადგენს ის, რომ სასამართლო ხელისუფლების მიუკერძოებლობის ნაკლებობის გამო, ეს SLAPP საქმეები ხშირად კმაყოფილდება. მარტივად რომ ვთქვათ, მმართველ პარტიასთან დაახლოებული პირები ან თავად პარტიის წევრები და მათი ოჯახის წევრები სასამართლოს მეშვეობით აღწევენ თავიანთ მიზანს, დასაჯონ ჟურნალისტი. ჩვენი პლატფორმის სტრატეგია და ერთ-ერთი მთავარი მიმართულება არის ცნობიერების ამაღლება, ცოდნის გაზრდა ადვოკატებსა და იურისტებში, რომ მსგავსი საქმეები, სადაც იკვეთება არა სამართლიანი სასამართლოს უფლებით სარგებლობა, არამედ ამ უფლების ბოროტად გამოყენება და ჟურნალისტის დასჯის მცდელობა, იდენტიფიცირებული იყოს და შესაბამისი რეაგირება ჰქონდეთ”. ხვალ, 24 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამზადებელი სხდომა გაიმართება კიდევ ერთ იმ საქმეზე – “გიორგი კაპანაძე 4 მედიასაშუალებისა და 8 ჟურნალისტის წინააღმდეგ”, რომელსაც “საქართველოს დემოკრატიული ინიციატივი” ასევე SLAPP სარჩელად მიიჩნევს.

ამ თემაზე

წინასაარჩევნოდ მედიაგარემო გაუარესდა

ჟურნალისტების უსაფრთხოება