28 ნოემბრიდან მედიაზე თავდასხმის 90-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა
28 ნოემბერს, საქართველოში მასშტაბური პროევროპული დემონსტრაციები დაიწყო მას შემდეგ, რაც ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ “ქართული ოცნება” აჩერებს მოლაპარაკებებს ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე.
საპროტესტო აქციების დროს დაფიქსირდა მედიის წარმომადგენლებზე თავდასხმის, აპარატურის ჩამორთმევის, დაკავებისა და პროფესიული საქმიანობის ხელშეშლის 90-ზე მეტი შემთხვევა.
ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები მიზანმიმართულად მოქმედებდნენ ჟურნალისტების წინააღმდეგ, რამაც რიგ შემთხვევებში მძიმე ფიზიკური დაზიანება და ჰოსპიტალიზაცია გამოიწვია. მიზანმიმართული თავდასხმის და აქციის დარბევის შედეგად აღრიცხულია მედიის წარმომადგენლების ფიზიკურად დაზიანების 70-მდე შემთხვევა, სამუშაო აღჭურვილობის ჩამორთმევის 20-მდე ფაქტი და მედიის წარმომადგენელთა დაკავების 10-მდე შემთხვევა.
მედიის ადვოკატირების კოალიციის წევრი ორგანიზაციები – საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია, მედიაჩეკერი და მედიაომბუდსმენი – აღრიცხავენ და აგროვებენ ინფორმაციას ამ ინციდენტების შესახებ, რომელსაც ქვემოთ მოცემულ დირექტორიაში განახლებადი მონაცემების სახით გთავაზობთ.