მედიის ადვოკატირების კოალიცია გმობს აქტივისტ და ჟურნალისტ ელისო ჯანაშიაზე განხორციელებულ ძალადობრივ თავდასხმას ქალაქ ფოთში. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს ძალადობის დამკვიდრების შემაშფოთებელ ტენდენციას კრიტიკული აზრის მქონე, დამოუკიდებელი და თავისუფალი სიტყვის დამცველი მოქალაქეების მიმართ.
ელისო ჯანაშიას განცხადებით, თავდასხმა პირდაპირ უკავშირდება მის კრიტიკულ პოზიციას “ქართული ოცნების” მიმართ. გავრცელებული ვიდეომასალა აჩვენებს, თუ როგორ ხორციელდებოდა ძალადობა.
აღნიშნული შემთხვევა არ არის იზოლირებული ფაქტი. ის წარმოადგენს “ქართული ოცნების” მხრიდან დემონსტრანტების, ჟურნალისტებისა და აქტივისტების წინააღმდეგ დაწყებული ტერორისა და რეპრესიული პოლიტიკის ნაწილს. დამნაშავეთა დაუსჯელობა ნოყიერ ნიადაგს ქმნის ახალი ძალადობრივი აქტებისთვის.
კოალიცია სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ ელისო ჯანაშიას და ყველა იმ ჟურნალისტს, რომლებსაც პროფესიული მოვალეობის შესრულება სიცოცხლისთვის საშიშ გარემოში უწევთ.
თავისუფალი მედია დემოკრატიის ფუნდამენტური საფუძველია და დამოუკიდებელი ხმების ძალადობრივი მეთოდებით ჩახშობის მცდელობები არ უნდა დარჩეს დაუსჯელი.
28 ნოემბრის შემდეგ, ჟურნალისტებზე თავდასხმის, პროფესიული მოვალეობის შესრულების ხელშეშლის და პროფესიული აღჭურვილობის დაზიანების 90-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა. განახლებადი სია იხილეთ აქ.