#თავისუფლებამზიას- პრესის თავისუფლების ინსტიტუტი

15 იანვარი 2025

IPI-ის გლობალური ქსელი მოითხოვს ქართველი ჟურნალისტისა და IPI-ის წევრის, მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას, რომელიც 11 იანვრიდან წინასწარ პატიმრობაში იმყოფება.

მზია ამაღლობელს, რომელიც ხელისუფლების პრინციპული კრიტიკით გამოირჩევა, ბრალად ედება პოლიციის თანამშრომელზე თავდასხმა, რაც შვიდ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ინციდენტი ბათუმის პოლიციის უფროსს ირაკლი დგებუაძესა და მზია ამაღლობელს შორის დაპირისპირებას უკავშირდება.

იმავე პერიოდში, საპროტესტო აქციის გაშუქებისას პოლიციამ დააკავა და რვადღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა “ბათუმელების” ოპერატორსა და ფოტოგრაფს გურამ მურვანიძეს.

ამაღლობელის დაკავება საქართველოში დამოუკიდებელი ჟურნალისტების წინააღმდეგ გაძლიერებული ზეწოლისა და თავდასხმების გაგრძელებაა/ნაწილია. IPI მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, მოხსნას არაპროპორციული ბრალდებები ამაღლობელის წინააღმდეგ, უზრუნველყოს მისი დაუყოვნებლივი გათავისუფლება და შეწყვიტოს “ბათუმელებისა” და მისი თანამშრომლების ყოველგვარი შევიწროება. IPI-ის გლობალური ქსელი სრულ სოლიდარობას უცხადებს “ბათუმელების” ჟურნალისტებს და ყველა დამოუკიდებელ რეპორტიორს, რომლებიც ქართული საზოგადოების ინფორმირებისთვის მუშაობენ.

მზია ამაღლობელი საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული და პოპულარული ონლაინ საინფორმაციო გამოცემის “ბათუმელების” დამფუძნებელი და დირექტორია, რომელიც აქტიურად ამხელს საჯარო მოხელეების კორუფციასა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებას. მრავალი თავდასხმის, მუქარისა და ზეწოლის მიუხედავად, ამაღლობელმა და “ბათუმელებმა” შეინარჩუნეს ურყევი ერთგულება ჟურნალისტური დამოუკიდებლობისა და კეთილსინდისიერების მიმართ. 2023 წელს “ბათუმელები” წარდგენილი იყო IPI-IMS-ის თავისუფალი მედიის პიონერის ჯილდოზე დამოუკიდებელი ხარისხიანი ჟურნალისტიკისადმი ერთგულებისთვის.

ამაღლობელის დაკავებამდე, ირაკლი დგებუაძე სისტემატურად ავიწროებდა “ბათუმელების” მთავარ რედაქტორს ეთერ თურაძეს. “ბათუმელებმა” არაერთხელ გააშუქა და გამოააშკარავა დგებუაძის ხელმძღვანელობის პირობებში ადამიანის უფლებების სავარაუდო დარღვევები.

ამაღლობელი თავდაპირველად 11 იანვარს დააკავეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის, როდესაც მან პოლიციის განყოფილების შესასვლელში მოსალოდნელი საყოველთაო გაფიცვის შესახებ სტიკერი გააკრა. პატიმრობიდან განთავისუფლებული ამაღლობელი პოლიციის შენობის გარეთ მხარდამჭერებს ესაუბრებოდა, როდესაც სამართალდამცველებმა მისი თანამოაზრეების დაკავება დაიწყეს. შექმნილმა ვითარებამ გამოიწვია კონფლიქტი ამაღლობელსა და დგებუაძეს შორის, რასაც, ბრალდების თანახმად, დგებუაძისთვის სილის გაწვნა მოჰყვა.

მზია ამაღლობელი დააკავეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილის დარღვევისთვის (“პოლიციის თანამშრომელზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომელზე ან სხვა საჯარო მოხელეზე ან დაწესებულებაზე თავდასხმა”), რაც მძიმე დანაშაულად ითვლება და 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” შეფასებით, ინციდენტის ამსახველი ვიდეო ცხადყოფს, რომ სილის გაწვნა იყო “სიმბოლური და არ ჰქონდა საკმარისი ძალა ზიანის მისაყენებლად”. შესაბამისად, ქმედება არ აკმაყოფილებს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული სიმძიმის სტანდარტს.

სამშაბათს ბათუმის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა ამაღლობელის წინასწარ პატიმრობაში დატოვების შესახებ, მიუხედავად იმისა, რომ დაცვის მხარე გირაოს გადახდას სთავაზობდა. ამან გამოიწვია ჟურნალისტების პროტესტი და დიპლომატიური საზოგადოების მოწოდებები მისი დაუყოვნებლივი გათავისუფლების შესახებ. ამაღლობელის ადვოკატების განცხადებით, წინასწარი პატიმრობა სრულიად უსაფუძვლოა.

ბათუმის საქალაქო სასამართლომ რვადღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა “ბათუმელების” ოპერატორსა და ფოტოგრაფს გურამ მურვანიძესაც. მურვანიძე პოლიციამ 12 იანვარს საპროტესტო აქციის გაშუქებისას დააკავა. ბრალდების მხარე მას სამართალდამცავი ორგანოების კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობას ედავება.

ამ თემაზე

ხატია ჯინჯიხაძე მზია ამაღლობელის შესახებ

გურამ როგავა მზია ამაღლობელზე

მზია ამაღლობელის მხარდამჭერი აქციები ბათუმში