ჟურნალისტთა უსაფრთხოების პლატფორმის განგაშის სიგნალი მზია ამაღლობელის შესახებ

22 იანვარი 2025

წყარო: ჟურნალისტთა უსაფრთხოების პლატფორმა, ევროპის საბჭო, IPI ; CPJ ; EFJ/IFJ ; JFJ

ჟურნალისტთა უსაფრთხოების პლატფორმამ განგაშის სიგნალი გაავრცელა ქართული მედია საშუალებების “ნეტგაზეთისა” და “ბათუმელების” დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის დაკავებასთან დაკავშირებით.

ეს პლატფორმა, რომელიც ევროპის საბჭოსა და წამყვანი პრესის თავისუფლების ორგანიზაციების საერთო პროექტია, რეალურ დროში აკვირდება და რეაგირებს ჟურნალისტების წინააღმდეგ მიმართულ საფრთხეებზე.

2025 წელს პლატფორმამ ევროპის საბჭოს წევრ სახელმწიფოებში ჟურნალისტთა უსაფრთხოების შესახებ ოთხი განგაშის სიგნალი გაავრცელა: ერთი უკრაინაში და სამი საქართველოში. მზია ამაღლობელის შესახებ გამოქვეყნებულ განგაშის სიგნალს წინ უძღოდა რეაგირება ჟურნალისტ ზვიად ქორიძეზე თავდასხმასა და “ბათუმელების” ოპერატორ გურამ მურვანიძის დაკავების შესახებ.

საქართველოში მომხდარი სამივე შემთხვევა კლასიფიცირებულია როგორც პირველი დონის განგაშის სიგნალი, რაც მედიის თავისუფლების ყველაზე მძიმე დარღვევებზე მიუთითებს და ხაზს უსვამს ხელისუფლების მხრიდან ამ საკითხების გადაჭრისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვის გადაუდებელ საჭიროებას.

განგაშის სიგნალი

“2024 წლის 12 იანვარს, ონლაინ გამოცემა “ბათუმელების” დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი დააკავეს ბრალდებით “საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ წინააღმდეგობის გაწევა, მუქარა ან ძალადობა” (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლი). ბრალის წარდგენისა და დამნაშავედ ცნობის შემთხვევაში, მას 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება. მისი ადვოკატის თქმით, დაკავების გარემოებები გაურკვეველი რჩება.

ამაღლობელი პირველად დააკავეს ბათუმში წინა დღეს, როდესაც იგი პოლიციის მთავარ განყოფილებასთან ეროვნული გაფიცვის მოწოდების პოსტერებს აკრავდა. “ბათუმელების” ინფორმაციით, სახალხო დამცველის წარმომადგენელს მიეცა ჟურნალისტის მონახულების უფლება, თუმცა მის ადვოკატს არ მისცეს მისი ნახვის საშუალება. ის ორი საათის შემდეგ გაათავისუფლეს.

როგორც იტყობინებიან, ამაღლობელმა განაცხადა, რომ გათავისუფლების შემდეგ პოლიციის განყოფილების წინ არეულობაში აღმოჩნდა და ხელზე ტკივილი იგრძნო მჭიდრო შეზღუდვის გამო. ინსტინქტურად მან ხელი ძლიერად გაიქნია და შემთხვევით დაარტყა მის წინ მდგომ პირს, რომელიც აღმოჩნდა ბათუმის პოლიციის უფროსი, ირაკლი დგებუაძე. პოლიციამ ის დაუყოვნებლივ ხელახლა დააკავა. როგორც იტყობინებიან, ამაღლობელმა განაცხადა, რომ დგებუაძემ პროცესის დროს არასათანადოდ მოეპყრო მას და მის ადვოკატს უარი უთხრეს დაწესებულებაში შესვლაზე 12 იანვრის დილის 3 საათამდე.

მედიის ადვოკატირების კოალიციამ დაგმო ამაღლობელის დაკავება და მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლება მოითხოვა.

მოსალოდნელი შედეგი: ჟურნალისტის გათავისუფლება, ბრალდების მოხსნა.”

ამ თემაზე

მედიის წარმომადგენლების მიმართვა მზია ამაღლობელის დაპატიმრებასა და საქართველოში არსებულ საშიშ მედიაგარემოზე

საერთაშორისო საზოგადოებისადმი მიმართვას ხელს აწერს 300-ზე მეტი ჟურნალისტი, მედიამენეჯერი და რედაქტორი

პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი და 12 ორგანიზაცია მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს

მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაათავისუფლოს ამაღლობელი და შეწყვიტოს ეს უპრეცედენტო ზეწოლა მედიაზე. ასევე მოვითხოვთ მის მიმართ განხორციელებული არასათანადო მოპყრობის საფუძვლიან გამოძიებას.

კოალიციის განცხადება მზია ამაღლობელის უკანონო პატიმრობასთან დაკავშირებით 

მზია ამაღლობელის საქმე ნათლად აჩვენებს, როგორ იყენებს "ქართული ოცნება" სამართალდამცავ და სასამართლო სისტემას დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ.