განცხადება- მედიის შევიწროებამ კრიტიკულ ზღვარს მიაღწია

24 ივნისი 2025

საქართველოში მედიის თავისუფლებისა და სამოქალაქო საზოგადოების მდგომარეობამ კრიტიკულ ზღვარს მიაღწია. „ქართული ოცნების” მიერ ინიცირებული და განხორციელებული ანტიდემოკრატიული ღონისძიებები საბჭოთა კავშირისა და დღევანდელი რუსეთის რეპრესიული სისტემის მეთოდებს იმეორებს და ავტორიტარული მმართველობის დამკვიდრებისკენ არის მიმართული.

მზია ამაღლობელის საქმე – რეპრესიული სისტემის სიმბოლო 

“ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებლის მზია ამაღლობელის უკანონო პატიმრობა “ქართული ოცნების” რეპრესიული ხასიათის გამოვლინებაა. ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობის, კერძოდ მხედველობის,  მწვავე გაუარესება აშკარად მიუთითებს უკანონო პატიმრობის ნეგატიურ ზეგავლენას მის ჯანმრთელობაზე. 

ევროპარლამენტის მიერ 324 ხმით მიღებული რეზოლუცია, რომელიც მზია ამაღლობელისა და სხვა პოლიტპატიმრების გათავისუფლებას მოითხოვს, ცხადყოფს, რომ საერთაშორისო საზოგადოება აღიარებს საქართველოში მიმდინარე რეპრესიების პოლიტიკურ ხასიათს.

სიტყვის თავისუფლების კანონმდებლობის “გაუქმება” 

“სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ” კანონში ინიცირებული ცვლილებები წარმოადგენს გამოხატვის თავისუფლებაზე მიზანმიმართული შეტევის გაგრძელებას, ქმნის ისეთ სამართლებრივ ჩარჩოს, რომელიც პრაქტიკულად აუქმებს მედიას, ჟურნალისტებს აიძულებს თვითცენზურას და საბოლოოდ ასამარებს კრიტიკულ საზოგადოებრივ დისკურსს. კერძოდ,  უქმდება ნორმა, რომლის მიხედვით, სიტყვის თავისუფლების შეზღუდვისას მტკიცების ტვირთი შეზღუდვის ინიციატორს ეკისრება, ხოლო ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება, სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის საწინააღმდეგოდ უნდა გადაწყდეს. ასევე უქმდება ჩანაწერიც, რომლის გათვალისწინებით, დაუშვებელია, სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის საქმეზე მოპასუხის უარი – გაამხილოს პროფესიული საიდუმლოება ან მისი წყარო – მოპასუხის საწინააღმდეგო გადაწყვეტილების გამოტანის ერთადერთი საფუძველი გახდეს. წესდება სიტყვისა და გამოხატვის შინაარსობრივი რეგულირება, თუ ეს ეხება როგორც პირისპირ შეურაცხყოფას, ასევე შეურაცხყოფას საჯარო სივრცეში.

აღნიშნული ცვლილებებით მაგალითისთვის წყაროების დაცვის უფლების გაუქმება პრაქტიკულად ნიშნავს საგამოძიებო ჟურნალისტიკის დასასრულს. შეუძლებელი გახდება მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი ინტერესის საკითხების გაშუქება. სიტყვისა და გამოხატვის შინაარსობრივი რეგულირების დაწესება კი იძლევა ძალიან ფართო ინტერპრეტაციის საშუალებას და შეიძლება გამოყენებულ იქნას ნებისმიერი კრიტიკული ხმის ჩასახშობად, რომელიც თითოეულ მოქალაქეს დააყენებს სამართლებრივი პასუხისმგებლობის წინაშე.

ახალი კანონპროექტი სასამართლო სისტემის გამჭვირვალობას სრულად ანადგურებს.

„ქართული ოცნების” მიერ დაჩქარებული წესით წარდგენილია კანონპროექტი, რომელიც მედიის სასამართლოს გაშუქებას ეხება.  წარდგენილი კანონპროექტით შეუძლებელი ხდება სასამართლოს პროცესების გადაღება მედიის მიერ, რაც საზოგადოებას წაართმევს შესაძლებლობას, თვალის ადევნოს, თუ როგორ მუშაობს მართლმსაჯულების სისტემა.

პროექტი ითვალისწინებს სასამართლოს ეზოსა და დერეფნებში გადაღების აკრძალვას. პროცესების ვიზუალური გადაღების უფლებამოსილება მხოლოდ სასამართლოს ან მის მიერ უფლებამოსილ პირს ენიჭება. სასამართლო სხდომის ვიდეო და აუდიო ჩაწერა მხოლოდ დასაბუთებული შუამდგომლობის საფუძველზე იქნება შესაძლებელი, მოსამართლის მოტივირებული გადაწყვეტილების შემდეგ. კანონპროექტი სასამართლოს უფლებას აძლევს, ჩამოართვას შესულ პირებს პირადი ნივთები, მათ შორის მობილური ტელეფონები, კომპიუტერები და ნებისმიერი ფოტო-, კინო-, ვიდეო- ან აუდიოსაშუალება. ეს ცვლილებები მედიის საქმიანობას კრიტიკულად შეზღუდავს და ფაქტობრივად გამორიცხავს სასამართლო სისტემის კონტროლს საზოგადოების მხრიდან.

სამოქალაქო ორგანიზაციების წინააღმდეგ კოორდინირებული შეტევა 

ანტიკორუფციული ბიუროს მიერ სამოქალაქო საზოგადოების, მათ შორის მედია ადვოკატირების კოალიციის წევრი ორგანიზაციების – “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო”, მედიის განვითარების ფონდი, სამოქალაქო საზოგადოების ფონდი და სამართლიანი არჩევნების წინააღმდეგ განხორციელებული ღონისძიებები წარმოადგენს კოორდინირებულ შეტევას სამოქალაქო საზოგადოებაზე. ბენეფიციარების პირადი მონაცემების, საადვოკატო საიდუმლოების და საქმიანობის ყველა დეტალის უკანონოდ მოთხოვნა არღვევს არა მხოლოდ ორგანიზაციების, არამედ ათასობით მოქალაქის კონსტიტუციურ უფლებებს. ეს ღონისძიებები მიზნად ისახავს ბენეფიციარების უფლებების შეზღუდვას, სამოქალაქო საზოგადოების დაშინებას, მისი საქმიანობის შეჩერებას და საბოლოოდ – დემოკრატიული ინსტიტუტების სრულ განადგურებას. 

მედიის ადვოკატირების კოალიცია გამოხატავს სრულ სოლიდარობას წევრი ორგანიზაციების მიმართ. ასევე, მხარს ვუჭერთ პარტნიორ ორგანიზაციებს, ჩვენს კოლეგებს მათ სამართლებრივ ბრძოლაში და გვჯერა, რომ ეს რეპრესიული ღონისძიებები ვერ შეაჩერებს სამოქალაქო საზოგადოების მუშაობას. ჩვენი ორგანიზაციები გამოიყენებენ ყველა ხელმისაწვდომ სამართლებრივ მექანიზმს მათი უფლებების და ღირსების დასაცავად. 

ამ კრიტიკულ მომენტში მედია ადვოკატირების კოალიცია მიმართავს საქართველოს ყველა დემოკრატიულ ძალას, მედია ორგანიზაციას, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელს და თითოეულ მოქალაქეს – გააერთიანონ ძალები მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების მხარდასაჭერად. მედიის თავისუფლებისა და სამოქალაქო საზოგადოების დაცვა არის დემოკრატიის თავისუფლების საფუძველი. 

ჩვენ მოვუწოდებთ საერთაშორისო პარტნიორებს, ორგანიზაციებს და დემოკრატიულ ქვეყნებს, გააძლიერონ ყურადღება საქართველოში მიმდინარე პროცესებზე და მხარდაჭერა გამოუცხადონ დემოკრატიულ ძალებს ქვეყანაში.

ამ თემაზე

ივანიშვილი რუსული კანონების ამოქმედებას პუტინისა და ლუკაშენკას სცენარით იწყებს

მედიის წარმომადგენლებს და პრესის თავისუფლების დამცველებს

დაგვიდექით გვერდით ვიბრძოლოთ, სანამ გვიან არ არის, როგორც ეს თავად მზია ამაღლობელმა მოგვიწოდა ციხიდან.

განცხადება კოორდინირებულ ჩხრეკასთან დაკავშირებით

ვგმობთ 2025 წლის 20 აპრილს საზოგადოებრივი ფონდების ხელმძღვანელი პირების სახლში ჩატარებულ კოორდინირებულ ჩხრეკებს