წყარო: ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
მედიის ადვოკატირების კოალიციის წევრმა ორგანიზაციამ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ახალი კვლევა “კანონები სიტყვის წინააღმდეგ” გამოაქვეყნა.
პუბლიკაციაში მიმოხილულია 2025 წლის დასაწყისიდან 2025 წლის 15 ივლისის ჩათვლით, დაახლოებით, ნახევარი წლის განმავლობაში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებები გამოხატვის თავისუფლებასა და მედიის საქმიანობასთან დაკავშირებით. თითოეული რელევანტური ცვლილების შინაარსი შეფასებულია ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებსა და ვალდებულებებთან მიმართებით, ქვეყანაში არსებული უფლებრივი და სამართლებრივი კონტექსტის ფონზე.
2024-2025 წლებში, ადამიანის უფლებების სხვა ისეთ მძიმე დარღვევებთან ერთად, როგორიცაა სისტემური წამება და მშვიდობიანი დემონსტრაციების ძალადობრივი დარბევა, განსაკუთრებით აქტიური იყო “ქართული ოცნების” მიერ საკანონმდებლო უფლებამოსილებების ბოროტად გამოყენება. 2024 წლის დეკემბრიდან მოყოლებული “ქართული ოცნება” აქტიურად აინიცირებს და მოკლე ვადებში იღებს კანონებს, რომლებიც შეუთავსებელია ადამიანის უფლებების ეროვნულ და საერთაშორისო სამართალთან, ამარტივებს ძალაუფლების ავტორიტარულ კონსოლიდაციას და ქმნის ახალ იარაღებს რეპრესიებისთვის.
საკანონმდებლო ცვლილებების ერთ-ერთი აშკარა სამიზნე გამოხატვის თავისუფლება და მედიის საქმიანობაა. გამოხატვის უფლების სტანდარტების გაუარესებასთან დაკავშირებული ცვლილებები შემდეგი საკანონმდებლო აქტების მეშვეობით განხორციელდა:
- ცვლილებები საქართველოს კანონში „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“;
- ცვლილებები საქართველოს კანონში „მაუწყებლობის შესახებ“;
- ახალი კანონის მიღება „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი“ (ე.წ. FARA);
- ცვლილებები საქართველოს კანონში „გრანტების შესახებ“;
- ცვლილებები ორგანულ კანონში „საერთო სასამართლოების შესახებ“;
- ცვლილებები საქართველოს კანონში „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“.
საკანონმდებლო ცვლილებების ანალიზი ცხადყოფს, რომ ისინი სხვადასხვა მიმართულებით მნიშვნელოვნად და დაუსაბუთებლად ზღუდავენ გამოხატვის თავისუფლებას და აფერხებენ მედიის საქმიანობას. მათ შორის:
- ე.წ. FARA-ს ფართო და ბუნდოვანი დებულებები ახალისებს თვითცენზურას და შესაძლებლობას იძლევა, ამ კანონით გათვალისწინებული მასტიგმატიზებელი სტატუსი და სისხლისსამართლებრივი სანქციები თვითნებურად იყოს გამოყენებული, მათ შორის, გამოხატვის წინააღმდეგ და მედიის საქმიანობის შესაზღუდად;
- საკანონმდებლო ცვლილებების ერთ-ერთი სამიზნეა ასევე სამოქალაქო საზოგადოების და მედიის დაფინანსება. უცხოური დაფინანსების დაუსაბუთებელი შეზღუდვა პირდაპირ ან არაპირდაპირ, რამდენიმე საკანონმდებლო აქტითაა გამოწვეული, მათ შორის, მაუწყებლობის შესახებ კანონით, ე.წ. FARA-თი და გრანტების შესახებ კანონით. აღნიშნული შეზღუდვები არის თვითნებური, გამოხატვის და გაერთიანების თავისუფლებებთან შეუთავსებელი და მიზნად ისახავს მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების საარსებო სივრცის შევიწროებას.
- მაუწყებლობის შესახებ კანონში „სამართლიანობისა და მიუკერძოებლობის“ ახლებური განუჭვრეტელი რეგულირება ქმნის კრიტიკული მაუწყებლების თვითნებური დასჯისა და გაუმართლებელი შინაარსობრივი კონტროლის საფრთხეს.
- სასამართლოს შენობაში, სხდომის დარბაზსა და ეზოში ფოტო, კინო, ვიდეო გადაღების, ტრანსლაციის და აუდიოჩაწერის მომწესრიგებელი ახალი ნორმები უგულებელყოფს სამართლიანი სასამართლოს, პირადი ცხოვრების პატივისცემასა და გამოხატვის თავისუფლებას შორის ბალანსის დაცვის ვალდებულებას და, მიზნად ისახავს, მიმდინარე მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის საქმეების გაშუქების ხელშეშლას.
- ცილისწამებასთან დაკავშირებული ცვლილებები „სიტყვისა და გამოხატვის შესახებ კანონში“ ასუსტებს იმ სამართლებრივ გარანტიებს, რომელთა მიზანიც საჯარო დისკურსის დაცვა იყო. ეს ცვლილებები საზოგადოების აქტიურ წევრებს, მათ შორის, მედიის წარმომადგენლებს, უფრო მოწყვლადს ხდის ისეთი სამართალწარმოების მიმართ, რომლის რეალური მიზანიც არა მომჩივნის პატივისა და ღირსების დაცვა, არამედ მოპასუხის კრიტიკული გამოხატვის ჩახშობაა.
- თანამდებობის პირთა და საჯარო მოხელეთა შეურაცხყოფის დასჯადობა არღვევს გამოხატვის თავისუფლებას და შეუთავსებელია ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს პრაქტიკასთან. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 17316 მუხლის აქტიური გამოყენების პრაქტიკა და დასაშვები გამოხატვისთვის მაღალი ადმინისტრაციული სანქციების დაწესება ცხადყოფს, რომ მისი მიზანი მსუსხავი ეფექტისა და თვითცენზურის გამოწვევაა
ანგარიშის სრული ვერსია.