ფოტო: პუბლიკა
21 იანვარს ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა მზია ამაღლობელის წინასწარი პატიმრობის გადაწყვეტილება, რაც ნათლად წარმოაჩენს საქართველოში ივანიშვილის რეჟიმის მიერ განხორციელებული პოლიტიკური დევნის ხასიათს და სასამართლო სისტემის მძიმე მდგომარეობას.
მზია ამაღლობელის საქმე ნათლად აჩვენებს, როგორ იყენებს “ქართული ოცნება” სამართალდამცავ და სასამართლო სისტემას დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ. “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებლის დაკავება და პატიმრობა არის პირდაპირი თავდასხმა მედიის თავისუფლებასა და დემოკრატიულ ფასეულობებზე. მზია ამაღლობელის უკანონო პატიმრობამ მწვავე კრიტიკა გამოიწვია, როგორც საქართველოში, ისე საერთაშორისო საზოგადოებაში. ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციები მზია ამაღლობელს სინდისის პატიმრად აღიარებენ და ხელისუფლებას მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდებენ.
უსამართლო პატიმრობის მიუხედავად, მზია ამაღლობელი არ წყვეტს ბრძოლას და განაგრძობს მხარდამჭერების გამხნევებას. ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ მან პროტესტის ნიშნად შიმშილობა დაიწყო.
მზია ამაღლობელის საქმეში შემაშფოთებელი დარღვევები იკვეთება:
- საპროტესტო სტიკერის გაკვრის გამო განხორციელებული უკანონო დაკავება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსის 173 მუხლით, მაშინ როდესაც პოლიციის თანამშრომლისთვის წინააღმდეგობის გაწევას ადგილი არ ჰქონია. საპროტესტო სიტიკერის გაკვრა, რომელიც მარტივად მოხსნეს ვერ იქნება ადმინისტრაციული სამართალდარღვევა;
- პოლიციის მაღალჩინოსნის, ირაკლი დგებუაძის მხრიდან გამოვლენილი სისტემური ძალადობა – სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის მცდელობა, მუქარა და დაშინება;
- რეალობას აცდენილი ბრალდება პოლიციელზე თავდასხმის მუხლით, რაც აშკარად ემსახურება მედიის წარმომადგენლის დისკრედიტაციას
- ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის დაუსაბუთებლად გამოყენება. კითხვებს ბადებს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სახელაშვილის კვალიფიკაცია. საჯარო წყაროებში არ იძებნება კვალიფიკაციის დამადასტურებელი ინფორმაცია.
- სააპელაციო სასამართლოს მიერ სააპელაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა მიუხევადავ იმისა, რომ გასაჩივრებული აღკვეთი ღონისძიება სრულიად დაუსაბუთებელი იყო.
მედიის ადვოკატირების კოალიცია მოუწოდებს “ ქართულ ოცნებას”,
დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს მზია ამაღლობელი უკანონო პატიმრობიდან, კერძოდ:
- პროკურატურამ დაუყოვნებლივ შეწყვიტოს მზია ამაღლობელის წინააღმდეგ უსაფუძვლო სისხლისსამართლებრივი დევნა;
- სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ჩაატაროს დროული ეფექტიანი საგამოძიებო მოქმედებები და მიიღოს გადაწყვეტილება მზია ამაღლობლის დაზარალებულად ცნობის თაობაზე.
აუცილებლად მიგვაჩნია ასევე საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან საქართველოში მიმდინარე პროცესების, განსაკუთრებით მედიის წინააღმდეგ მიმართული რეპრესიების, მკაცრი მონიტორინგის გაგრძელება და ყველა შესაძლო მექანიზმის გამოყენება მზია ამაღლობელისა და სხვა სინდისის პატიმრების გასათავისუფლებლად.
მზია ამაღლობელის საქმე სცილდება ერთი ჟურნალისტის წინააღმდეგ მიმართულ რეპრესიას – ეს არის შეტევა დამოუკიდებელ მედიაზე, სამოქალაქო საზოგადოებასა და საქართველოს დემოკრატიულ მომავალზე. მისი დაპატიმრებით ქართული ოცნების რეჟიმი ცდილობს დააშინოს ყველა, ვინც ბედავს ხმის ამაღლებას უსამართლობის წინააღმდეგ.
ჩვენ გავაგრძელებთ დაუღალავ ბრძოლას როგორც მზია ამაღლობელის, ისე რეჟიმის მიერ დაპატიმრებული ყველა სინდისის პატიმრის გასათავისუფლებლად და საქართველოში დემოკრატიული ღირებულებების დასაცავად.