მედიის ადვოკატირების კოალიცია ეხმიანება „ქართული ოცნების“ მხრიდან დამოუკიდებელი მედიის მიმართ გაძლიერებულ ზეწოლასა და ანტიკორუფციული ბიუროს უკანონო ქმედებებს, რომლებიც მედიის თავისუფლების ძირეულ პრინციპებს ეწინააღმდეგება.
მედიით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ანტიკორუფციულმა ბიურომ, ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების პარალელურად, დამოუკიდებელ ონლაინ მედიაპლატფორმებს – „პროექტი 64“-ს, „მთის ამბებს“, „რეალპოლიტიკას“ და „აი, ფაქტს“, ასევე ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას მოსთხოვა, წარმოადგინონ საგრანტო ხელშეკრულების დეტალები, რომლებიც მათ მიერ ხელმოწერილია ან ძალაშია 2025 წლის 16 აპრილიდან დღემდე. წერილებში მკაფიო სამართლებრივი საფუძველი არ არის მითითებული, რაც ამ ქმედებას აშკარად თვითნებურ და პოლიტიკურად მოტივირებულ ხასიათს აძლევს.
ქართული მედია უკვე წლებია „ქართული ოცნების“ მთავრობის მიზანმიმართული თავდასხმის ქვეშ იმყოფება. დღეს ანტიკორუფციული ბიურო – უწყება, რომელსაც კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ხელშეწყობა ევალება – გადაიქცა პოლიტიკური ზეწოლის იარაღად დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ. ეს ყველაფერი ხდება იმ ფონზე, როდესაც „ქართული ოცნება“ თავად აღიარებს კორუფციის პრობლემას ქვეყანაში და არაერთი მოქმედი თუ ყოფილი მაღალი თანამდებობის პირი, მათ შორის მინისტრი, მინისტრის მოადგილე და ა.შ. კორუფციის ბრალდებით დააკავა.
ანტიკორუფციული ბიუროს მიერ მედიაზე განხორციელებული ზეწოლა ვერ განიხილება ცალკეულ შემთხვევად – ის წარმოადგენს იმ რეპრესიული, სისტემური პროცესის ნაწილს, რომელსაც „ქართული ოცნება“ დამოუკიდებელი მედიისა და სამოქალაქო სექტორის წინააღმდეგ ახორციელებს. ყველა ეს ნაბიჯი ემსახურება ერთ მიზანს – გააჩუმოს მოსახლეობის ხმა და დაასუსტოს დემოკრატიული საჯარო კონტროლი ხელისუფლებაზე.
მედიის ადვოკატირების კოალიცია სრულ სოლიდარობას უცხადებს მედიას. დამოუკიდებელი ჟურნალისტიკა არის დემოკრატიული საზოგადოების ფუნდამენტური გარანტია.