2024 წლის 28-29 ნოემბრის ღამე საქართველოს უახლეს ისტორიაში შევა, როგორც „ქართული ოცნების“ ხელით მედიის წინააღმდეგ განხორციელებული მორიგი სისტემური ძალადობის აქტი. რეჟიმის მხრიდან მედიის წინააღმდეგ მიმართული ამგვარი ორგანიზებული ძალადობა ავტორიტარული რეჟიმის დამყარების მცდელობაა.
28 ნოემბერს საქართველოს მოსახლეობა „ქართული ოცნების“ მხრიდან არჩევნების გაყალბების შემდეგ, ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებას აპროტესტებდა. პარლამენტთან მიმდინარე მშვიდობიანი საპროტესტო აქციის დარბევისას ძალოვნებმა ჟურნალისტების, ფოტოგრაფების, ოპერატორების წინააღმდეგ დამსჯელობითი ოპერაცია განახორციელეს – დაშავდა და პროფესიულ საქმიანობაში ხელი შეეშალა მედიის 30-ზე მეტ წარმომადგენელს. შემთხვევათა სია მზარდია.
სპეცრაზმელები მიზანმიმართულად ესხმოდნენ თავს მედიის წარმომადგენლებს, პროფესიული ნიშნებით იდენტიფიცირების მიუხედავად. პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა ჟურნალისტების ცემის, სიტყვიერი შეურაცხყოფის, დაკავებისა და მათი პროფესიული აღჭურვილობის დაზიანება/წართმევის შემთხვევები, რომლის მიზანია მედიის მუშაობის შეგნებულად შეფერხება.
ავტორიტარული რეჟიმებისთვის დამახასიათებელი მეთოდები იყო გამოყენებული ჟურნალისტების წინააღმდეგ, რასაც ცალკეული მაგალითები ნათლად აჩვენებს:
- “პუბლიკას” ჟურნალისტის ალექსანდრე ქეშელაშვილის დაკავება და ცემა, მიუხედავად იმისა, რომ ის აქტიურად აცხადებდა თავის ვინაობას
- “ფორმულას” ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმა პირდაპირი ეთერის დროს, რის შედეგადაც მან თავის არეში მძიმე დაზიანება მიიღო
- “TV პირველის” ხუთი თანამშრომლის დაშავება, მათ შორის ოპერატორის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობა
დაშავებულ ჟურნალისტებს შორის არიან წარმომადგენლები შემდეგი მედიასაშუალებებიდან:
- პუბლიკა
- ფორმულა
- TV პირველი
- აჭარის ტელევიზია
- ნეტგაზეთი
- OC Media
- JAMnews
- პროექტი 64
- მთავარი არხი
- რადიო თავისუფლება
- სტუდია მონიტორი
- მედია აპრილი
ჟურნალისტებზე განხორციელებული ძალადობა და მათი პროფესიული საქმიანობის შეზღუდვა ზიანს აყენებს არა მხოლოდ მედიას, არამედ – საზოგადოების თითოეულ წევრს, რომელსაც აქვს უფლება, ინფორმირებული იყოს მიმდინარე მოვლენების შესახებ.
კოალიცია მოუწოდებს სამართალდამცველებს, არ შეასრულონ უკანონო ბრძანებები და დაიცვან საქართველოს კონსტიტუცია და კანონმდებლობა.
დაზარალებული ჟურნალისტების შესახებ განახლებადი ინფორმაცია ნახეთ აქ: საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია.
თავდასხმა “რადიო თავისუფლების” ჟურნალისტზე პირდაპირი ჩართვის დროს.