News-Front-ის არაავთენტური ანგარიშების წარსული: ჩართულობა საპენსიო სააგენტოსა და ცესკოს მხარდამჭერ კამპანიებში

04 მაისი 2020

“სამართლიანი არჩევნები” MAC წევრი ორგანიზაცია, რომლის ერთ-ერთი საქმიანობაა დეზინფორმაციის გავრცელების პრევენცია. სამართლიანი არჩევნები სოციალურ მედიაში დეზინფორმაციულ ტენდენციებს აკვირდება და არაავთენტურ ანგარიშებზე რეაგირებს.

1 მაისს “სამართლიანმა არჩევნებმა” გამოაქვყნა ანგარიში კრემლისტური სააგენტო „ნიუს-ფრონტის“ მიერ „ფეისბუქის“ ქართულ სივრცეში ორგანიზებული საინფორმაციო ოპერაციების შესახებ. „ნიუს-ფრონტის“ გლობალური ქსელი „ფეისბუქმა“ 30 აპრილს გააუქმა. საქართველოში „ნიუს-ფრონტის“ ოფიციალურ გვერდთან ერთად წაშლილია მისი ფეისბუქ ადმინისტრატორისა და 12 არაავთენტური ანგარიშის პროფილი, რომლებიც სააგენტო „ნიუს-ფრონტის“ საქართველოში რეგისტრაციის მომენტიდან ინფორმაციის ორგანიზებული გავრცელების სქემისთვის და კომენტარების ინსცენირებისთვის გამოიყენებოდა. 

„სამართლიანმა არჩევნებმა“ აღმოაჩინა, რომ „ნიუს-ფრონტის“ გავრცელებაში კოორდინირებულად ჩართული ანგარიშები ახლო წარსულში ორგანიზებული საინფორმაციო ოპერაციებისთვის გამოიყენებოდნენ ცენტრალური საარჩევნო კომისიის, საპენსიო სააგენტოსა და კომპანია „ბადაგონის“ სასარგებლოდ.

„ნიუს-ფრონტთან“ დაკავშირებულ არაავთენტურ, კოორდინირებულ ქსელს წარსულში „ფეისბუქზე“ მანიპულაციური საინფორმაციო ოპერაციების ისტორია აქვს. ქსელის კოორდინირებული და არაავთენტური ქცევა ვლინდება 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე 12 ერთმანეთთან მჭიდრო კოორდინაციაში მყოფ ცრუ მედიის გვერდზე. ამ გვერდების მეშვეობით, ერთი მხრივ, საინფორმაციო შეტევა მიმდინარეობდა სადამკვირვებლო ორგანიზაციებზე, ხოლო, მეორე მხრივ, ისინი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) დადებით კონტექსტში წარმოჩენას ცდილობდნენ. ეს საინფორმაციო ოპერაცია ძირითადად პრო-სახელისუფლებო ექსპერტების – გია აბაშიძისა და ზაალ ანჯაფარიძის მოსაზრებების გამოყენებით ხორციელდებოდა. 

2019 წლის აპრილიდან „ნიუს-ფრონტის“ გამავრცელებელი ქსელის არაავთენტური და მასშტაბური აქტივობები ვლინდებოდა საპენსიო სააგენტოს „ფეისბუქ“ გვერდზე. საპენსიო სააგენტოს ოფიციალურ „ფეისბუქ“ გვერდზე ეს ანგარიშები თითქმის ყველა პოსტის კომენტარებში ხელოვნურ ინტერაქციაში შედიოდნენ „ფეისბუქ“ მომხმარებლებთან, რომლებიც გულწრფელ კითხვებს სვამდნენ, ან აკრიტიკებდნენ საპენსიო რეფორმას. ფონდის ოფიციალურ გვერდზე აქტიურობის გარდა, ისინი ინტენსიურად ავრცელებდნენ დაგროვებითი საპენსიო რეფორმის მხარდამჭერ მოწოდებებს და ამ განზრახვით აქტიურობდნენ მრავალრიცხოვან „ფეისბუქ“ ჯგუფებშიც. 

„სამართლიანი არჩევნების“ გამოძიება აჩვენებს, რომ „ნიუს-ფრონტის“ კოორდინირებული ქსელის მიერ 2018 წლის არჩევნებზე გამოკვეთილი აქტივობა, ისევე როგორც მათი მხრიდან საპენსიო სააგენტოს მხარდამჭერი ფართომასშტაბიანი არაავთენტური სოციალური ინტერაქცია ღიად უკავშირდება საპენსიო სააგენტოს PR დეპარტამენტის ხელმძღვანელს, მაგდა კოტრიკაძეს, რომელიც თავის მხრივ დაკავშირებულია დასახელებულ ცრუ მედიის გვერდებთან. მაგდა კოტრიკაძის „ფეისბუქზე“ აქტივობებიდან ირკვევა, რომ ის მეგობრულ ურთიერთობაშია ამ გვერდებზე რეკლამირებულ პრო-სახელისუფლებო ექსპერტებთან, გია აბაშიძესთან და ზაალ ანჯაფარიძესთან. 

მაგდა კოტრიკაძის სახელი ასევე უკავშირდება ცესკოსთან არსებული საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის მიერ 2017 წლიდან დღემდე 6-ჯერ დაფინანსებულ ორგანიზაციას – „დემოკრატიულ ინიციატივათა საერთაშორისო ცენტრს“, რომლის აქტივობები ცრუ მედიის გვერდებზე ინტენსიურად ქვეყნდება.  

აღნიშნულ კოორდინირებულ 12 ცრუ მედიის გვერდზე იკვეთება „ნიუს-ფრონტის“ „ფეისბუქ“ გვერდის ადმინისტრატორის, კონსტანტინე ჩიკვილაძის კვალიც, რომელთანაც არაავთენტური ანგარიშების მკაფიო კავშირი მტკიცდება. საგულისხმოა, რომ „ნიუს-ფრონტთან“ დაკავშირებული არაავთენტური ანგარიშების ეს ქსელი 2013-18 წლებში კოორდინირებულად იყვნენ ჩართული კიდევ ერთი პრო-რუსული გამოცემა „geworld.ge“-ს გავრცელების ოპერაციაში და ავრცელებდნენ კონსტანტინე ჩიკვილაძის პოსტებსაც.

News-front Georgia წარმოადგენს კრემლისტური საინფორმაციო სააგენტო News-front-ის ქსელის ნაწილს, რომლის ოფიციალურ ვებ-გვერდზე საკონტაქტო მისამართად მითითებულია ყირიმი, როგორც რუსეთის ფედერაციის ტერიტორია. სააგენტო აერთიანებს გამოცემებს ინგლისურ, ბულგარულ, გერმანულ, ესპანურ, სერბულ, უნგრულ და ქართულ ენებზე. სააგენტო „News-Front” დაარსებულია რუსეთის ფედერაციის მთავრობის კომუნიკაციების მარეგულირებელი სააგენტოს, „როსკომნადზორის“ 2015 წლის 26 ივნისის ბრძანებით. 

წაიკითხეთ მეტი.

ამ თემაზე

საინფორმაციო გარემოს ბარომეტრი

Vibrant Information Barometer ყოველწლიური კვლევაა, რომელიც აფასებს საინფორმაციო გარემოს სხვადასხვა მაჩვენებლის მიხედვით.

დეზინფორმაციასთან ბრძოლა

„გლობალური ომის პარტიის“ შეთქმულების თეორია