მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება
საქართველოში მედიის წინააღმდეგ განხორციელებული რეპრესიები საგანგაშო მასშტაბებს აღწევს. „ქართული ოცნების” რეჟიმი სხვადასხვა მეთოდით ახორციელებს დამოუკიდებელი ჟურნალისტიკის ჩახშობას. ეს არის სისტემური შეტევა, რომელიც მოიცავს სამართლებრივი დევნის მექანიზმებს, ფიზიკურ ძალადობას, მძიმე ფინანსურ სანქციებს, რეპრესიული საკანონმდებლო ინიციატივების მიღებას, დაუსჯელობის პოლიტიკას ძალადობის შემთხვევაში. ეს ყოველივე მიზნად ისახავს თავისუფალი მედიის სრულ განადგურებას და გამოხატვის თავისუფლების ჩახშობას.
სისტემური თავდასხმის ბოლოდროინდელი მაგალითები:
- „ბათუმელებისა” და „ნეტგაზეთის” დამფუძნებელი და დირექტორი, მზია ამაღლობელი პოლიტიკურად მოტივირებული სისხლის სამართლის ბრალდებით წინასწარ პატიმრობაში იმყოფება. პარალელურად, მოსამართლე სალიხ შაინიძემ იგი ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და 2000 ლარით დააჯარიმა. საქმე ეხება მზიას მიერ სტიკერების გაკვრას, რის გამოც, ის თავდაპირველად დააკავეს, თუმცა შემდეგ, პოლიციელის „კანონიერი მოთხოვნისადმი“ დაუმორჩილებლობას ედავებოდნენ, მიუხედავად იმისა, რომ საქმეში არ არსებობს არანაირი მტკიცებულება სამართალდარღვევის ჩადენის შესახებ. როგორც „საია“-ს ხელმძღვანელი, ნონა ქურდოვანიძე აღნიშნავს, შსს-მ გააყალბა როგორც დაკავების, ასევე სამართალდარღვევის ოქმი, ხოლო მოწმე პოლიციელმა სასამართლო დარბაზში იცრუა.
აღსანიშნავია, რომ Clooney Foundation for Justice-ის TrialWatch პროგრამამ გამოაცხადა მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესის მონიტორინგის შესახებ, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ამ საქმის მნიშვნელობას გამოხატვის თავისუფლების დაცვის კუთხით.
- თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამარ მახარობლიძემ სხდომათა დარბაზიდან გააძევა ტვ “პირველის” ჟურნალისტები მარიამ გაფრინდაშვილი და ნანუკა ქაჯაია. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც ჟურნალისტები დაინტერესდნენ, თუ რატომ არ მიეცათ პროცესზე ფოტო გადაღების უფლება. მათ კანონის შესაბამისად ჰქონდათ ეს უფლება ოფიციალური განცხადებით მოთხოვნილი.მოსამართლემ ჟურნალისტებს საუბრის დასრულების საშუალება არ მისცა, განუცხადა, რომ ისინი არ წარმოადგენდნენ პროცესის მხარეს და არ ჰქონდათ საუბრის უფლება. თავდაპირველად მათ შენიშვნა მისცა, შემდგომ კი დარბაზიდან გააძევა.
- მედიაგამოცემის „პუბლიკა” რეპორტიორი, ალექსანდრე ქეშელაშვილი, რომელიც 2024 წლის 29 ნოემბერს პროფესიული მოვალეობის შესრულებისას სპეცრაზმელებმა დააკავეს და სასტიკად სცემეს, მოსამართლე ნინო ენუქიძემ პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის ნაწილში სამართალდამრღვევად ცნო. ქეშელაშვილი აშუქებდა საკანონმდებლო ორგანოსთან მიმდინარე აქციას, რა დროსაც ჟურნალისტი თავდასხმის მსხვერპლი გახდა. ალექსანდრეს და მისი კოლეგების მიმართ ძალადობის ჩამდენი პირები დღემდე დაუსჯელები რჩებიან.
- ტელეკომპანია „ფორმულას” ჟურნალისტი, ნანო ჩაკვეტაძე 5000 ლარით დააჯარიმეს გზის გადაკეტვის ბრალდებით, მაშინ როდესაც იგი თბილისში, რუსთაველის გამზირზე სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა. ეს არის მორიგი შემთხვევა, როდესაც ჟურნალისტს სჯიან მხოლოდ იმიტომ, რომ იგი თავის პროფესიულ მოვალეობას ასრულებს.
- პარალელურად, პარლამენტმა მეორე მოსმენით მიიღო ცენზურისა და რუსული კანონის ახალი რედაქციის კანონპროექტები, რომლებიც ეწინააღმდეგება კონსტიტუციასა და საერთაშორისო სტანდარტებს. ეს პაკეტები წარმოადგენს რუსული კანონმდებლობის ანალოგს მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წინააღმდეგ.
მედიის წინააღმდეგ მიმართული რეპრესიები ახალი არ არის. მარტო პროევროპული საპროტესტო აქციების დაწყების დღიდან ასზე მეტი ინციდენტი დაფიქსირდა მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ. ამის მიუხედავად, არცერთი თავდამსხმელი არ იქნა იდენტიფიცირებული და დასჯილი. ზემოაღნიშნული შემთხვევები ნათლად აჩვენებს „ქართული ოცნების“ მიერ გამოხატვის თავისუფლების და ნებისმიერი კრიტიკული აზრის სისტემური შეზღუდვის მცდელობას.
მედიის ადვოკატირების კოალიცია სოლიდარობას უცხადებს დამოუკიდებელი მედიის წარმომადგენლებს და განაგრძობს ბრძოლას მათი თავისუფლებისა და უფლებების დაცვისთვის.
სისტემური შეტევა, რომელიც მოიცავს სამართლებრივი დევნის მექანიზმებს, ფიზიკურ ძალადობას, მძიმე ფინანსურ სანქციებს, რეპრესიული საკანონმდებლო ინიციატივების მიღებას, დაუსჯელობის პოლიტიკას ძალადობის შემთხვევაში.