რა ხდება საზოგადოებრივ მაუწყებელში?!

14 აპრილი 2025

საზოგადოებრივი მაუწყებლის სარედაქციო დამოუკიდებლობის მონიტორინგის შედეგები

მედიის ადვოკატირების კოალიცია წარმოგიდგენთ მაუწყებლის სარედაქციო დამოუკიდებლობისა და მმართველობის სისტემის მონიტორინგის შედეგებს. კვლევის მიზანია, საზოგადოებას დაანახოს, თუ როგორ ირღვევა საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ კანონი, როგორ გამოიყენება საჯარო თანხები და რა მდგომარეობაა ამჟამად მაუწყებელში საკუთარი ფუნქციის აღსრულებისა და დემოკრატიული პრინციპების დაცვის კუთხით.

კვლევამ, რომელიც მოიცავს 2017 წლიდან დღემდე პერიოდს, გამოავლინა საზოგადოებრივი მაუწყებლის მძიმე ინსტიტუციური კრიზისი, რომელიც გამოიხატება სარედაქციო დამოუკიდებლობის ხელყოფაში, ოპოზიციური და პროდასავლური აზრის ცენზურაში, თანამშრომელთა სისტემატურ დევნასა და მენეჯმენტის მხრიდან “ქართული ოცნების” სასარგებლოდ მიკერძოებულ გადაწყვეტილებებში.

კვლევის თანახმად, საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტი და სამეურვეო საბჭო ძირითადად დაკომპლექტებულია “ქართული ოცნების” ინტერესების გამტარებელი პირებით, მათ შორის:

  • სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარით – ვასილ მაღლაფერიძით, რომელსაც მჭიდრო კავშირები აქვს ბიძინა ივანიშვილთან;
  • სხვა წევრებით, რომლებიც არიან ხელისუფლების კვოტით არჩეულები და გამოირჩევიან ანტიდასავლური განწყობებით;
  • გენერალური დირექტორით – თინათინ ბერძენიშვილით, რომელიც განსაკუთრებულ როლს ასრულებს მაუწყებლის პროპაგანდისტულ პლატფორმად ჩამოყალიბებაში.

კვლევის მიხედვით, მაუწყებელში ოპერირებს ე.წ. “შავი სია” იმ რესპონდენტების შესახებ, რომლებიც არ უნდა გაშუქდნენ ეთერში. ეს ყოველივე მაუწყებლის ფუნქციის და მიზნების საპირისპიროა. მაუწყებელი წლიურად სახელმწიფო ბიუჯეტიდან 124 მლნ ლარს იღებს, იმისათვის, რომ საკუთარი ფუნქცია შეასრულოს და ხალხს ემსახურებოდეს.

მონიტორინგის შედეგებმა აჩვენა, რომ 2017-2021 წლებში მაუწყებლიდან გათავისუფლდა 102 თანამშრომელი, რომელთა დიდი ნაწილის გათავისუფლება სასამართლომ უკანონოდ ცნო. ამჟამად, მაუწყებლის 80-ზე მეტი თანამშრომელი ღიად გამოხატავს პროტესტს არხის სარედაქციო პოლიტიკის მიმართ. შექმნილია “საზოგადოებრივი მაუწყებლის მცველების” (GPB Guardians) ინიციატივა.

ძირითადი მიგნებები:

მენეჯმენტისა და სამეურვეო საბჭოს პოლიტიკური კავშირები

• სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ვასილ მაღლაფერიძე წარსულში იყო ბიძინა ივანიშვილის ოჯახის კუთვნილი ტელევიზიის “მე-9 არხის” დირექტორის მოადგილე და გადაცემა “20:30-ის” მთავარი პროდიუსერი.

• მაღლაფერიძე 2017 წელს მაუწყებლის დირექტორად არჩევის შემდეგ, 2020 წელს გადადგა და “ქართული ოცნების” პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის მოადგილედ გადაინაცვლა, ხოლო 2022 წლის აპრილში “ქართული ოცნების” კვოტით ისევ მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში დაბრუნდა.

• საბჭოს წევრი ბონდო მძინარაშვილი – ანტიდასავლური ტელეკომპანია “ობიექტივის” ყოფილი წამყვანი და მთავარი რედაქტორი, გამოირჩევა ჰომოფობიური, შეურაცხმყოფელი და ღიად ანტიდასავლური განცხადებებით.

• საბჭოს წევრი გიორგი იაკობაშვილი – “ქართული ოცნების” მხარდამჭერი მედიაპლატფორმის “For.ge”-ს მთავარი რედაქტორი, რომელსაც უკავშირდება 2018 წელს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სხდომის ჩანაწერის განადგურება.

• საბჭოს წევრი გიორგი კოხრეიძე – 2019-2022 წლებში აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორი, რომლის ხელმძღვანელობის პერიოდში ტელევიზიიდან კრიტიკულად განწყობილი თანამშრომლები გაათავისუფლეს, ხოლო არხის სარედაქციო პოლიტიკა “ქართული ოცნების” სასარგებლოდ შეიცვალა.

• საბჭოს წევრი თამილა დოლიძე – 2019-2023 წლებში აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს წევრი “ქართული ოცნების” კვოტით.

• საბჭოს წევრი გია მურღულია – ასევე არჩეული “ქართული ოცნების” კვოტით.

სარედაქციო პოლიტიკის მიკერძოებულობა

• “საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის” მიერ 2024 წელს ჩატარებული წინასაარჩევნო მონიტორინგით დადგინდა, რომ “პირველი არხი” “ქართული ოცნების” მიმართ მიკერძოებულ სარედაქციო პოლიტიკას ატარებდა.”

• ახალი ამბების გაშუქებისას, “მოამბეში” გარდა მიკერძოებისა, ასევე იგრძნობოდა ანტიდასავლური განწყობებიც, რაც “ქართული ოცნების” განცხადებებს ეხმიანებოდა”.

•”პირველი არხის” მიერ ჩატარებული შიდა წინასაარჩევნო მონიტორინგითაც, წინასაარჩევნოდ ყველაზე მეტი დრო “ქართულ ოცნებას” დაეთმო.

•OSCE/ODIHR-ის სადამკვირვებლო მისიის მონიტორინგიც ადასტურებს “ქართული ოცნებისკენ” გადახრილ გაშუქებას.

• მაუწყებელზე სოციალურ მედიაში შექმნილი ჯგუფი “მაყურებელი” რეგულარულად ამხელს მიკერძოებული, მანიპულაციური და მმართველი გუნდის ინტერესების შესაბამისი გაშუქების შემთხვევებს.

ცენზურა და სარედაქციო ჩარევა

• 2022 წელს “იმედის კვირის” წამყვანმა და ორმა ჟურნალისტმა – იმედა დარსალიამ, სოფო ზედელაშვილმა და თამთა ჯანაძემ – ამხილეს, რომ არსებობდა ე.წ. “შავი სია” – პოტენციურ რესპონდენტთა ჩამონათვალი, რომლებიც მათ გადაცემაში არ უნდა ყოფილიყვნენ წარმოდგენილი.

• ქეთი თუთბერიძემ და სოფო მთივლიშვილმა ასევე ისაუბრეს ცენზურის მცდელობებზე, განსაკუთრებით მაღლაფერიძის დირექტორობის პერიოდში.

• პროდიუსერ ელენე კვირცხალიას, რომელიც მაუწყებელში ათეულობით წელი მუშაობს, მოსთხოვეს გადაცემიდან მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის ნათქვამის იმ მონაკვეთის ამოღება, სადაც ის კინოცენტრის პრობლემებზე საუბრობდა.

• კრიტიკული თემების იგნორირება: მაუწყებელი არ აშუქებს ან არასათანადოდ აშუქებს მასობრივ დაკავებებს, პროტესტის მონაწილეების მიმართ ძალადობას, და სხვა მნიშვნელოვან მოვლენებს.

თანამშრომელთა დევნა და გათავისუფლებები

• 2017-2021 წლებში 102 თანამშრომელი გაათავისუფლეს, ხშირად რეორგანიზაციისა და ხარჯების ოპტიმიზაციის მოტივით.

• სასამართლოს გადაწყვეტილებით, მრავალი გათავისუფლება უკანონოდ იქნა ცნობილი, რის გამოც მაუწყებელს 2017-2020 წლებში დაახლოებით 300,000 ლარი აქვს გადახდილი კომპენსაციის სახით.

• “ახალი კვირის” წამყვანი და ჟურნალისტები – იმედა დარსალია, სოფო ზედელაშვილი და თამთა ჯანაძე – გაათავისუფლეს მას შემდეგ, რაც მათ ცენზურის შესახებ განაცხადეს.

• “მოამბის” წამყვანი ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი ჯერ ეთერიდან მოხსნეს, შემდეგ კი გაათავისუფლეს მას შემდეგ, რაც მან მზია ამაღლობელთან სოლიდარობა გამოხატა და არხი პროპაგანდის გავრცელებაში ამხილა.

• გაათავისუფლეს “რეალური სივრცის” წამყვანი ნინო ზაუტაშვილი, რომელიც, არხის სარედაქციო პოლიტიკას ღიად აკრიტიკებდა და პროპაგანდის გავრცელებაში ამხელდა.

• 2025 წლის თებერვალში “ხარჯთა ოპტიმიზაციის” მიზეზით არ გაუგრძელეს კონტრაქტი რადიოგადაცემების პროდიუსერის ასისტენტ ანა მეტრეველს, რომელიც არხის სარედაქციო პოლიტიკას ღიად აკრიტიკებდა.

• 2023 წლის ბოლოს რეორგანიზაციისა და ხარჯების ოპტიმიზაციის მიზეზით დაიხურა არაერთი პოპულარული ტელეგადაცემა, რომელთა წამყვანებიც ხელისუფლებისადმი კრიტიკული პოზიციებით გამოირჩეოდნენ.

• 2024 წლის მარტის სამეურვეო საბჭოს სხდომაზე “ქართული ოცნების” მხარდამჭერმა საბჭოს წევრებმა მოითხოვეს პროკურატურის ჩართვა მენეჯმენტის პოლიტიკისადმი კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტების საქმის შესწავლაში.

ანტიდასავლური რიტორიკა და რუსეთთან კავშირები

• გიორგი გვიმრაძე, რომელიც 2015 წლიდან ახალი და მიმდინარე ამბების მიმართულებას ხელმძღვანელობდა (2024 წლის დეკემბრამდე), გამოირჩევა ანტიდასავლური რიტორიკით.

• გვიმრაძე 2013 წელს რუსული პროპაგანდისტული გორჩაკოვის ფონდის მიწვევით რუსეთის საგარეო სამინისტროს სტუმრობდა, სადაც მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინს შეხვდა.

• 2023 წელს მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრების ნაწილმა მოითხოვა მოხსენებითი ბარათის დაწერა გვიმრაძეზე, რადგან ის თავის გადაცემებში “მუდმივად ეჭვქვეშ” აყენებდა საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესს.

• 2024 წლის ივლისიდან გვიმრაძე ვასილ მაღლაფერიძესთან ერთად საზოგადოებრივ მაუწყებელზე უძღვება პოდკასტ “42-ე პარალელს”, სადაც ორივე წამყვანი მიწვეულ სტუმრებთან ერთად ავრცელებენ ანტიდასავლურ ნარატივებს.

კადრების პოლიტიკა და ბიძინა ივანიშვილის GDS-ის ყოფილი თანამშრომლები
  • საზოგადოებრივი მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკას ქმნიან და სხვადასხვა წამყვან პოზიციაზე მუშაობენ ბერა ივანიშვილის ტელევიზია GDS-ის ყოფილი თანამშრომლები.
  • მათ შორის არიან: ეკა შონია (საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი), ირინა დეკანოიძე (ვებგვერდის მთავარი რედაქტორი), თამუნა კენკიშვილი და მაია ჭუჭულაშვილი (საინფორმაციო გამოშვების პროდიუსერები), მაკა ცინცაძე (ტოკშოუს წამყვანი) და ნოდარ ჭიჭინაძე (ფინანსური დირექტორი).
  • ეს თანამშრომლები მაუწყებელში ვასილ მაღლაფერიძემ ღია კონკურსის გარეშე დაასაქმა.
ფორმატის ცვლილება და კრიტიკული პროგრამების შეზღუდვა

• 2024 წლის ზაფხულში, არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე, საზოგადოებრივ მაუწყებელზე შეჩერდა “რეალური სივრცე” – ერთადერთი გადაცემა, რომელიც ქვეყანაში მწვავე და კრიტიკულ სოციალურ თემებს აშუქებდა.

• გადაცემა გადაიტანეს რადიოში და ფორმატის ცვლილება ახალ შენობაში გადასვლის გაჭიანურებით ახსნეს, თუმცა სხვა გადაცემები უკვე ახალი შენობიდან მაუწყებლობენ.

• საზოგადოებრივი მაუწყებელი ქვეყანაში მიმდინარე პროევროპული საპროტესტო აქციების ფონზე პროტესტის მონაწილეებს თავდაპირველად დაუთმო 40-წუთიანი ეთერი, თუმცა დაახლოებით ერთ თვეში ეს ეთერი შეწყდა და აღარ განახლებულა.

ხარჯები და დაფინანსება

• მაუწყებლის 2025 წლის ბიუჯეტი შეადგენს თითქმის 124 მილიონ ლარს, რაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოიყოფა.

• არ არსებობს დამტკიცებული საშტატო განრიგი, რაც ართულებს საჭიროებებისა და თანამშრომელთა ზუსტი რაოდენობის განსაზღვრას.

• გათავისუფლებულ თანამშრომლებზე 2017-2020 წლებში მაუწყებელმა დაახლოებით 300,000 ლარი გადაიხადა კომპენსაციის სახით.

თანამშრომელთა პროტესტი და “საზოგადოებრივი მაუწყებლის მცველები”

• 80-ზე მეტმა თანამშრომელმა ხელი მოაწერა განცხადებას, რომელშიც დაგმეს პროევროპული საპროტესტო აქციების მონაწილეებზე სამართალდამცველების ძალადობა.

• თანამშრომლებმა გაემიჯნენ ევროკავშირთან დაახლოების პროცესის შეჩერებაზე “ქართული ოცნების” განცხადებას.

• შეიქმნა “საზოგადოებრივი მაუწყებლის მცველების” ჯგუფი, რომელიც აკრიტიკებს მენეჯმენტს და აქვეყნებს მასალებს მაუწყებელში არსებული პრობლემების შესახებ.

• “მცველების” განცხადებით, “მაუწყებელი არღვევს კანონს და ეთიკის პრინციპებს! მაუწყებლის მენეჯმენტი ექვემდებარება პოლიტიკურ გავლენას. ჟურნალისტები და წამყვანები გამოხატავენ საკუთარ აზრებს და არ არიან ნეიტრალურები”.

საერთაშორისო ყურადღება

• საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ვასილ მაღლაფერიძე და დირექტორი თინათინ ბერძენიშვილი მოხვდნენ ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციაში იმ პირების გვერდით, რომელთა დასანქცირებაც ევროპარლამენტმა აუცილებლად მიიჩნია.

• ადგილობრივმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა და თავად მაუწყებლის თანამშრომლებმა ევროპის მაუწყებელთა კავშირს (EBU) მიმართეს მაუწყებელში მიმდინარე პროცესების შესასწავლად და მონიტორინგის განსახორციელებლად.

• 2023 წელს არასამთავრობო ორგანიზაციებმა ვასილ მაღლაფერიძისა და თინათინ ბერძენიშვილის გადადგომა მოითხოვეს “მაუწყებლობის შესახებ” კანონის დარღვევის მოტივით.

ანგარიში სრულად

ფოტო: საზოგადოებრივი მაუწყებლის მცველები.

This image has an empty alt attribute; its file name is 472853708_122094663572726526_4903870691313381266_n-1024x379.png

ამ თემაზე

ჟურნალისტების უკანონოდ გათავისუფლება საზოგადოებრივი მაუწყებლიდან

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი ადამიანის უფლებების მდგომარების შესახებ საქართველოში 

კოალიციის განცხადება საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს მიერ დამოუკიდებელი ჟურნალისტების დევნის შესახებ