საზოგადოებრივი მაუწყებელი

საქართველოში პოლარიზებული მედიაგარემოს ფონზე საზოგადოებრივი მაუწყებლის როლი და მნიშვნელობა განსაკუთრებით დიდია. მიუხედავად საკანონმდებლო და ფინანსური გარანტიებისა, მაუწყებელმა ვერ შეძლო ქვეყანაში წამყვან და საზოგადოების ნდობის მქონე მედიად ჩამოყალიბება. 

საზოგადოებრივი მაუწყებლის დამოუკიდებლობა საქართველოს კონსტიტუციით არის გარანტირებული. მაუწყებლის პროგრამები უნდა იყოს მიუკერძოებელი, ობიექტური და პლურალისტური, რომელიც საქართველოს საზოგადოებრივ ინტერესებს ემსახურება და დემოკრატიულ დისკურსს უწყობს ხელს. 

ბოლო პერიოდში, საზოგადოებრივი მაუწყებლის გარშემო განვითარებული პროცესები და საკანონმდებლო ცვლილებები მაუწყებელზე ხელისუფლების მზარდ გავლენაზე მიუთითებს. ამ ტენდენციას საგანგაშოდ აფასებს მედიის ადვოკატირების კოალიცია. ბოლო პერიოდში მმართველმა პარტიამ ტელევიზიაზე გავლენის გაზრდის მიზნით, საკანონმდებლო ცვლილებები დააინიცირა- “ქართული ოცნების” მიერ აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს გაუქმება და მაუწყებლის დაფინანსების მოდელის ცვლილება. მიუხედავად იმისა, რომ საბოლოოდ, სხვა მოდელზე მოხდა შეთანხმება, არცერთი გადაწყვეტილება არ გამხდარა საჯარო დისკუსიის და ფართო კონსენსუსის საგანი.

მაუწყებლის მენეჯმენტი ავლენს არასათანადო ანგარიშვალდებულებას საზოგადოებისა და სამეურვეო საბჭოს იმ წევრების მიმართ, რომლებიც არ გამოირჩევიან ხელისუფლებისადმი ერთგულებით. ამის მაგალითია გადაცემების დახურვა და ფინანსური რესტრუქტურიზაცია, რომლის შესახებ სამეურვეო საბჭოს ნაწილმა გადაწყვეტილების მიღების შემდგომ შეიტყო. 

საერთაშორისო და ადგილობრივ ანგარიშებში კრიტიკულად არის შეფასებული მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკის მიკერძოებულობის საკითხიც.

შეფასებები ანგარიშებიდან

”საზოგადოებრივი მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკა წინასაარჩევნო კამპანიის დროს ხელისუფლების მიმართ ლოიალურობით გამოირჩევა. “

”საზოგადოებრივი მაუწყებელი “ქართული ოცნების” ზეგავლენის ქვეშ არის, ვერ ასრულებს მასზე დაკისრებულ მისიას, იყოს პოლიტიკურად ნეიტრალური, ობიექტური და მიუკერძოებელი მედია”

”საზოგადოებრივი მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკა 2017‐2018 წლებში არ ყოფილა კრიტიკული ხელისუფლების მიმართ. ზოგ შემთხვევაში გადმოსცემდა მმართველი პარტიის სასურველ ნარატივს და პოზიტიურად წარმოაჩენდა აღმასრულებელ ხელისუფლებას.”

ამ თემაზე

მედიის ადვოკატირების კოალიცია საზოგადოებრივი მაუწყებლებიდან თანამშრომელთა გათავისუფლების ფაქტებს ეხმიანება

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ გადაცემების დახურვასთან დაკავშირებით

მედიის ადვოკატირების კოალიცია საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსების მოდელის ცვლილებებს აკრიტიკებს