ხშირად დაუფასებელია ის როლი, რომელიც თავისუფალ მედიას აქვს ადამიანების ყოველდღიურ ცხოვრებაში. როგორ გვეხმარება ჟურნალისტების მიერ პოლიტიკური, სოციალური თუ საზოგადოებრივი საკითხების გაშუქება, გავიგოთ თუ რა ხდება ჩვენს გარშემო, ქვეყნის შიგნით თუ მის გარეთ. ხელისფულების გავლენისგან თავისუფალი მედია რომ არა, არაფერი გვეცოდინებოდა კორუფციის მასშტაბის, თანამდებობის პირების მდიდრული სასახლეების, პროევროპული ქუჩის აქციების დარბევებისა თუ ნაცემი ახალგაზრდების შესახებ. ოპერატორის კამერით აღბეჭდილი ფაქტები ან ჟურნალისტის მიერ მოყოლილი ამბები ხშირად ყველაზე კარგი საშუალებაა ქვეყანაში არსებული მდგომარეობის გასაანალიზებლად.
ისიც ნუ დაგვავიწყდება, რომ მედია არის საშუალება, რომ მოქალაქეებმა ისაუბრონ საკუთარ პრობლემებზე და ხმა მიაწვდინონ ფართო საზოგადოებას უსამართლობაზე, გაუმართავ სახელმწიფო სერვისებზე თუ დაუსრულებელ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე. სწორედ მედიაში გაშუქების შედეგად აღუდგა სოფლებს წყალმომარაგება, ხოლო უკანონოდ დაკავებულმა თუ დაჩაგრულმა ადამიანებმა სამართალი ნახეს.
ეს ყოველთვის ასე არ ხდება, რადგან ხელისუფლება ხშირად არ რეაგირებს მოქალაქეების პრობლემებზე და ნაცვლად ამისა, ცდილობს მის მიმართ კრიტიკულად განწყობილი მედია გააჩუმოს.
საქართველოში ბოლო წლების განმავლობაში საგრძნობლად გახშირდა ხელისუფლების მიერ მედიის შევიწროება, თავისუფალი მედიის გაუფასურებისა და დისკრედიტირების არაერთ მცდელობას ვხედავთ, რომელიც, ხშირ შემთხვევაში სახელმწიფოს მხრიდან არის წახალისებული. Სახელისუფლებო პროპაგანდა ცდილობს საზოგადოების ინტერესის მოწინააღმდეგედ წარმოაჩინოს ნებისმიერი მედიასაშუალება, რომელიც კრიტიკულად აფასებს ხელისუფლების საქმიანობას. წინასაარჩევნო პერიოდში, როგორც წესი, ეს ტენდენცია კიდევ უფრო ძლიერდება ხოლმე.
კრიტიკული მედიის წინააღმდეგ გამოცხადებული საინფორმაციო ომის პარალელურად, იზღუდება ჟურნალისტური საქმიანობა ისეთ სახელმწიფო ინსტიტუტებში, რომელიც ხალხს ეკუთვნის. ამის მაგალითია, მმართველი პარტიის ბოლოდროინდელი ქმედებები და გადაწყვეტილებები პარლამენტში ონლაინ მედიის და რამდენიმე კრიტიკული მედიის დაუშვებლობასთან დაკავშირებით. მედიაზე თავდასხმა ვლინდება ჟურნალისტებზე ფიზიკური ანგარიშსწორებით, სიტყვიერი შეურაცხყოფითა და დამცირებით.
წლების განმავლობაში, მედიის საქმიანობის ხელშეშლის წერტილოვანი მცდელობები 2024 წლის მაისში, “ქართული ოცნების” ხელისუფლებამ “რუსული კანონის” მიღებით გააგრძელა, ამ კანონს ქართულმა საზოგადობამ ეს სახელი იმიტომ შეარქვა, რომ სწორედ პუტინის ინიციატივა იყო რუსეთში მსგავსი შინაარსის კანონის მიღება და ჩვენ არ გვინდა მივიღოთ ის შედეგები, რაც დღეს რუსეთშია: კრიტიკული აზრი არ ისმის, მოქალაქეები უსიტყვოდ ემორჩილებიან ხელისუფლებას, მათი უფლებები კი არავის აინტერესებს.
საქართველოში მიღებული “რუსული კანონი” არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, წლების განმავლობაში, ქალაქებში, რაიონებში და სოფლებში ხალხის პრობლემებზე სიმართლის მოლაპარაკე მედიებს უქმნის საფრთხეს, როგორიც არის: მთის ამბები, სამხრეთის კარიბჭე, ბათუმელები, ნეტგაზეთი, პუბლიკა და სხვები. თავდასხმის განსაკუთრებული სამიზნეა საგამოძიებო ჟურნალისტიკა, რომელიც მაღალჩინოსნების უხილავ მანკიერებებს ავლენს-საზოგადოებას აცნობს კორუფციულ სქემებსა და გარიგებებს, პოლიტიკოსთა გამდიდრების წყაროებს, ბიუჯეტის არამიზნობრივად ხარჯვას, მაღალჩინოსნებთან ნათესაობის გამო მიღებულ ტენდერების შესახებ ინფორმაციას.
კრიტიკა და სიმართლე არც ერთი ხელისუფლებისთვის არის სასიამოვნო, მაგრამ ევროპულ დემოკრატიებში არსებობს თავისუფალი მედიის დაცვის მექანიზმები, დადგენილი თამაშის წესები, რომელთა დაცვაც ხელისუფლებას უწევს. საფრანგეთში, გერმანიაში, თუ ბალტიის ქვეყნებში, მედია არ ისჯება ხელისუფლების კრიტიკის ან მოქალაქის პრობლემების გაშუქების გამო. სიტყვის თავისუფლება ევროპული ქვეყნების ერთ-ერთი მთავარი ღირებულებაა, რადგან მოქალაქის ხმას, მოქალაქეების მხრიდან ხელისუფლების კონტროლს და მათ მონაწილეობას პოლიტიკურ პროცესებში უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება. ევროპული კეთილდღეობა, რომლისკენაც საქართველო ისწრაფვის, შეუძლებელია იმ ფუნდამენტის გარეშე, რომლის ნაწილია სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, მოსაზრებების, ინფორმაციის გავრცელების თავისუფლება, რასაც არ მოყვება ხელისფულების მხრიდან რეპრესიები და პროპაგანდისტული ტყუილები.
2024 წლის საპარლამენტო არჩევნები მნიშვნელოვანია საქართველოს ევროპული მომავალის თვალსაზრისით. ევროინტეგრაციას მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა უჭერს მხარს, ვინაიდან თითოეულ მოქალაქეს სურსევროპული კეთილდღეობა, უსაფრთხოება თუ ყველა ის სიკეთე, რომელიც ევროკავშირის წევრობასთან არისდაკავშირებული. ერთპარტიული მმართველობისა და სახელისუფლებო საინფორმაციო არხების პირისპირ დატოვებული მოსახლეობა ცვლილებებს ვერ მოახდენს. დამოუკიდებელი და თავისუფალი მედიის გარეშე კიწარმოუდგენელია რაიმე წინსვლა ევროინტეგრაციის გზაზე.
თავისუფალი არჩევნებისა და მრავალპარტიული დემოკრატიის პირობებში კი საქართველო გადადგამს დაჩქარებულინაბიჯებს, რომ ევროკავშირის გაფართოების ეს მომენტი გამოიყენოს და, მათ შორის, დამოუკიდებელი მედიის საშუალებით გააძლიეროს ამომრჩვლის, მოქალაქის, სოფლისა თუ ქალაქის მკვიდრის ხმა.
სტატია, მედიაკოალიციის სახელით გამოქვეყნდა გაზეთში “მაშასადამე, ევროპელი”, რომელიც საქართველოს რეგიონებში 90 ათასიანი ტირაჟით ვრცელდება.