SLAPP (სტრატეგიული სამართალწარმოება სამოქალაქო ჩართულობის წინააღმდეგ) არის სამართლებრივი ტაქტიკა, რომელიც კრიტიკულ ხმათა ჩასახშობად გამოიყენება. SLAPP აღიარებულია, როგორც გამოხატვის თავისუფლებისა და საზოგადოებრივი მონაწილეობის შეზღუდვის მექანიზმი და გულისხმობს პოლიტიკურად ან ეკონომიკურად გავლენიანი პირების მიერ დაუსაბუთებელი სარჩელების შეტანას საზოგადოების აქტიური წევრების (ჟურნალისტების, არასამთავრობო ორგანიზაციების, აქტივისტების) წინააღმდეგ. SLAPP-ით გამოწვეულ საფრთხეებს “მსუსხავი ეფექტი” აქვს ყველაზე, ვინც აქტიურად არის ჩართული საზოგადოებრივ ცხოვრებაში და ცდილობს საკუთარი პოზიცია დააფიქსიროს საზოგადოებრივი მნიშვნელობის საკითხებზე.
2021 წლიდან SLAPP-ის ტენდენცია შეიმჩნევა საქართველოშიც. ამ ეტაპზე, საქართველოს საერთო სასამართლოებში ცილისწამების არანაკლებ 38 საქმე განიხილება. აღნიშნულ სარჩელებს მსგავსი მახასიათებლები აქვთ და სისტემურ ხასიათს ატარებენ. ეს ტენდენცია მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს მედიის თავისუფლებისთვის საქართველოში, სადაც მაღალი რანგის პოლიტიკური თანამდებობის პირები, “ქართული ოცნების” წევრები და მათთან დაკავშირებული პირები ცილისწამების საფუძველზე სამართლებრივ დავებს იწყებენ. SLAPP წინასაარჩევნოდ გამოყენების მიზანი კრიტიკული მედიის განეიტრალებაა. ამის მაგალითია, 2024 წლის 11 ოქტომბერს, ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის სარჩელის საფუძველზე, საქალაქო სასამართლოს მიერ ტვ პირველისა და მისი ჟურნალისტისთვის დაწესებული ჯარიმა.
საქართველოში არსებული ძირითადი ტენდენციები მოიცავს:
- მოსარჩელეთა უმრავლესობა მთავრობასთან დაკავშირებული პირებს წარმოადგენენ, მათ შორის არიან ქალაქის მერები, პარლამენტის წევრები, მინისტრები და პოლიციის ოფიცრები.
- მოსარჩელეთა ნახევარზე მეტი ითხოვს გადაჭარბებულ მორალურ ზიანს, რაც ქმნის ფინანსურ ბარიერებს მოპასუხეებისთვის.
- მთავარი სამიზნეები მედიასაშუალებები და მათი ჟურნალისტები არიან
სიტუაციას ამძიმებს საერთო სასამართლოების მიდგომა, რომლებიც ხშირად უგულებელყოფენ ასეთი დავების საფრთხეებს სამოქალაქო ჩართულობისთვის და არ ითვალისწინებენ გამოხატვის თავისუფლების დაცვის არსებულ სტანდარტებს. სასამართლოები ავლენენ მიკერძოებულობას მთავრობასთან დაკავშირებული მოსარჩელეების მიმართ, არასწორად ანაწილებენ მტკიცების ტვირთს და აკისრებენ დიდი ოდენობის მორალურ ზიანს.
ეს ტენდენცია მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის მედიის თავისუფლებას, საზოგადოებრივ მონაწილეობას და საქართველოს დემოკრატიული საზოგადოების საერთო ჯანმრთელობას.
SLAPP საკითხებზე აქტიურად მუშაობს GDI, მედიის ადვოკატირების კოალიციის წევრი უფლებადამცველი ორგანიზაცია.