დოკუმენტი მიზნად ისახავს, 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მიმდინარეობისა და წინასაარჩევნო პერიოდის განმავლობაში (3 აგვისტოდან – 30 ოქტომბრის ჩათვლით) არსებული მედიაგარემოს შეფასებას, ძირითადი გამოწვევების იდენტიფიცირებისა და თანმდევი რეკომენდაციების ფორმირების გზით. ამასთან მოიცავს წინასაარჩევნო პერიოდამდე მომხდარ მნიშვნელოვან შემთხვევებსაც, რამაც კოალიციის შეფასებით არსებითი გავლენა მოახდინა მედიაგარემოზე. დოკუმენტში შეტანილია განახლებები საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით მედიის მიმართ კომუნიკაციების კომისიასა და თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართული განხილვების მიხედვით.
ანგარიში ხუთი თემატური თავისაგან შედგება: პირველი თავი მიმოიხილავს არჩევნების წინარე პერიოდში მომხდარ მსხვილ პოლიტიკურ და სამართლებრივ მოვლენებს, რამაც არსებითი გავლენა მოახდინა არჩევნების მიმდინარეობისას არსებულ მედიაგარემოზე; მეორე თავი მკითხველს სთავაზობს ინფორმაციას სხვადასხვა აქტორის მიერ წინასაარჩევნოდ განხორციელებული მედია მონიტორინგის შედეგების თაობაზე; მესამე თავი ეთმობა უშუალოდ არჩევნების დღეს (I ტური) გამოვლენილი გამოწვევების შეფასებას, მეოთხე თავი აღწერს არჩევნების პირველ და მეორე ტურს შორის მომხდარ მნიშვნელოვან მოვლენებს, მეხუთე თავი კი, დეტალურად მიმოიხილავს არჩევნების II ტურის დღეს გამოვლენილ ხარვეზებს; ხოლო ბოლოს, გამოვლენილი გამოწვევების საპასუხოდ, მოცემულია კოალიციის მიერ შემუშავებულ რეკომენდაციებს.
დოკუმენტი მომზადდა სხვადასხვა ინსტრუმენტის გამოყენებით. იგი ეყრდნობა არსებული კანონმდებლობის, საჯაროდ ხელმისაწვდომი კვლევითი დოკუმენტებისა და ღია წყაროებით გავრცელებული მასალების შესწავლასა და ანალიზს:
ფაქტების მოძიება –ღია წყაროებით გავრცელებული როგორც ვიდეო, ისე აუდიო და ბეჭდვითი მასალების შესწავლა;
წინასაარჩევნო მედიამონიტორინგის ანგარიშების შეფასება – 2021 წლის ადგილობრივი თითმმართველობის არჩევნების I და II ტურის ფარგლებში სხვადასხვა აქტორის მიერ ჩატარებული მედიამონიტორინგის შედეგების ანალიზი და შეფასება;
კანონმდებლობის ანალიზი – წინასაარჩევნო და საარჩევნო პერიოდში მედიის მუშაობის მარეგულირებელი საკანონმდებლო ნორმების შესწავლა და ანალიზი.