კოალიცია “მედიის ადვოკატირებისთვის” წევრი ორგანიზაციის, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ მომზადებულ დოკუმენტში მიმოხილულია ღირსების კვირეულამდე არსებული მდგომარეობა, სხვადასხვა ჯგუფების მიერ გაკეთებული განცხადებები და ზოგადი განწყობები საზოგადოებაში. ასევე, შესწავლილია კვირეულის დროს განვითარებული მოვლენები და გაანალიზებულია ამ მიმართულებით სახელმწიფოს მიერ კონსტიტუციით დაკისრებული ვალდებულებების შესრულება. გარდა ამისა, შეფასებულია დაწყებული გამოძიების მიმდინარეობა, შედეგები და მათი შესაბამისობა რეალურ ფაქტობრივ გარემოებებთან. ანგარიში მომზადდა სხვადასხვა ინსტრუმენტების გამოყენებით, მათ შორის გამოვითხოვეთ რელევანტური საჯარო ინფორმაციები, განვახორციელეთ მედიამონიტორინგი, გავეცანით და შევაფასეთ საიას წარმოებაში სისხლის სამართლის საქმის მასალები, მიმოვიხილეთ საქართველოს კანონმდებლობა და რელევანტური საერთაშორისო სტანდარტები.
კვლევამ აჩვენა, რომ 2021 წლის 5 ივლისს სახელმწიფომ არ მიიღო სათანადო ზომები საზოგადოებრივი უსაფრთხოების და ჯანმრთელობის დასაცავად. აგრესიულმა ჯგუფებმა დაარღვიეს საზოგადოებრივი წესრიგი, ჩაიდინეს სიძულვილით მოტივირებული დანაშაულები. დაარღვიეს ლგბტქი თემის წევრებისა და მათი მხარდამჭერების გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება, ასევე კერძო საკუთრების უფლება, უხეშად ჩაერივნენ მედიის თავისუფლებასა და ჟურნალისტურ საქმიანობაში.
ხელისუფლებამ დაარღვია მისი პოზიტიური ვალდებულებები. ტოლერანტული, შემრიგებლური პოზიციის ადვოკატირების ნაცვლად, სახელმწიფოს წარმომადგენლების განცხადებებმა წაახალისა ძალადობა. სავარაუდო დაპირისპირების მოლოდინს არათუ მოსახლეობის ზოგადი დამოკიდებულება, არამედ კონტრაქციის ორგანიზატორთა განცხადებებიც მათ ძალადობრივ მიზანზე მიუთითებდა. მიუხედავად ამისა, შსს-მ ვერ უზრუნველყო სათანადო საპოლიციო ძალების მობილიზება, ასევე ძალადობის შემთხვევებზე ეფექტიანი რეაგირება და მათი აღკვეთა.