მედიის ადვოკატირების კოალიცია მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, არ შეზღუდოს ჟურნალისტების პარლამენტში მუშაობის უფლება და მისცეს საქართველოს მოსახლეობას შესაძლებლობა, თვალი ადევნოს “რუსული კანონის” პარლამენტში განხილვასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან პროცესებს.
საგანგაშოდ მივიჩნევთ საქართველოს პარლამენტის 2024 წლის 14 აპრილის განცხადებას „საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე“ რომლითაც პარლამენტის თავმჯდომარემ აამოქმედა ე.წ ყვითელი დონე და 15 აპრილს საქართველოს პარლამენტში ვიზიტორებს შესვლა შეუზღუდა.
განცხადების თანახმად, დაგეგმილ საპარლამენტო ღონისძიებებზე (მათ შორის კომიტეტის სხდომებზე) დაიშვებიან მხოლოდ შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მიერ მოწვეული პირები. შეზღუდვა არ შეეხება ტელემაუწყებლების/ტელემედია საშუალებების აკრედიტებულ ჟურნალისტებს.
საკითხის მსგავსად რეგულირების პირობებში ონლაინმედიის აკრედიტირებული ჟურნალისტები პარლამენტში არ დაიშვებიან.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ე.წ ყვითელი დონე პირველად არ გამოუყენებია. ყვითელი დონის გამოყენება უკვე დადგენილ პრაქტიკად არის მიჩნეული მაშინ, როდესაც საქართველოს პარლამენტში განიხილება ქვეყნისათვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი საკითხები.
მედიის ადვოკატირების კოალიციის წევრი ორგანიზაციები მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს:
• 2024 წლის 15 აპრილს საპარლამენტო ღონისძიებებზე (მათ შორის კომიტეტის სხდომებზე) დაუშვას აკრედიტაციის მქონე ჟურნალისტები და ოპერატორები;
• შეწყვიტოს ჟურნალისტების უფლებების შელახვა და
დისკრიმინაციული მოპყრობა.