2 ნოემბერს „ტვ პირველმა” გამოაქვეყნა ჟურნალისტური გამოძიება, რომელიც ეფუძნება „ქართული ოცნებიდან” გაჟონილ 1000-ზე მეტ შიდა დოკუმენტს, ელექტრონულ ცხრილებს, სიებს, ასევე ტექსტურ და ხმოვან შეტყობინებებს. მასალები ცხადყოფს, რომ არჩევნების დღეს პარტიას საარჩევნო უბნებთან ახლოს დაქირავებულ ოფისებში მოწყობილი ჰქონდა ფარული სატელეფონო ცენტრების ქსელი, სადაც ე.წ. კაპიტნები ამომრჩეველთა დაშინებას ხელმძღვანელობდნენ.
მოპოვებული დოკუმენტების თანახმად, 2024 წლის არჩევნებისთვის სპეციალურად შექმნილ ციფრულ პლატფორმაზე დაახლოებით 6,000 კაპიტანი იყო დარეგისტრირებული. „ქართულ ოცნებას”, სავარაუდოდ, ქვეყნის მასშტაბით ყველა ხმის უფლების მქონე სრულწლოვანი მოქალაქისთვის უნიკალური კოდი/ნომერი ჰქონდა მინიჭებული. თითოეული კაპიტანი ხელმძღვანელობდა ჯგუფს, რომელსაც ამომრჩევლები უნდა ეიძულებინა, ხმა მიეცათ „ქართული ოცნებისთვის”. სატელეფონო ცენტრების ოპერაციაში ჩართული პირები ანაზღაურებას ნაღდი ფულით იღებდნენ.