IPI და პარტნიორების გამოხმაურება დემონსტრაციების დროს ჟურნალისტებზე თავდასხმის შესახებ

02 დეკემბერი 2024

მედიის ადვოკატირების კოალიციის თარგმანი

საქართველო: პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი (IPI) და პარტნიორი ორგანიზაციები გმობენ ჟურნალისტებზე თავდასხმას თბილისში მიმდინარე დემონსტრაციების დროს. საერთაშორისო საზოგადოებამ ზეწოლა უნდა მოახდინოს საქართველოზე, რათა შეწყდეს ძალადობრივი თავდასხმები მედიის წარმომადგენლებზე.

პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი (IPI) და ქვემოთ ხელმომწერი პრესის თავისუფლების, გამოხატვის თავისუფლების და ჟურნალისტური ორგანიზაციები კატეგორიულად ვგმობთ სავარაუდოდ მიზანმიმართულ, განზრახ თავდასხმას ჟურნალისტებზე სახელმწიფო უსაფრთხოების ძალების მხრიდან პროდასავლური კურსის მხარდამჭერი საპროტესტო აქციების დროს, რომლებიც გამოიწვია პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებამ, რომ საქართველო შეაჩერებს ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებებს 2028
წლის ბოლომდე. ჟურნალისტების მიმართ ძალადობა მიუღებელია.

საქართველოს ხელისუფლება ვალდებულია უზრუნველყოს უსაფრთხო და ხელსაყრელი გარემო პრესის წარმომადგენლებისთვის. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას დაუყოვნებლივ შეწყვიტოს დამოუკიდებელ და კრიტიკულ მედიაზე მიმდინარე თავდასხმა.

ჩვენ სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ საქართველოს მამაც ჟურნალისტებს, რომლებიც აგრძელებენ არსებითი მნიშვნელობის მქონე საქმიანობას – საზოგადოების ინფორმირებას, მზარდი მტრული და საშიში გარემოს მიუხედავად, რომლის პირობებში მათ უწევთ მუშაობა.

Mapping Media Freedom მონიტორინგის პლატფორმის ინფორმაციით, სულ მცირე 50 მედიის თანამშრომელზე განხორციელდა ფიზიკური თავდასხმები. გარდა ამისა, ადგილი ჰქონდა სიტყვიერ შეურაცხყოფას თუ პროფესიული საქმიანობის შესრულებაში ხელის შეშლას, როდესაც პოლიცია ძალადობრივად არბევდა ქვეყნის პროდასავლური კურსის მხარდამჭერ დემონსტრაციებს.

დაშავებული ჟურნალისტების უმეტესობა დამოუკიდებელი და ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი მედიასაშუალებების თბილისის ოფისებში იყო დასაქმებული. საქართველოში მედიის ეს სასტიკი დარბევა არ არის ერთეული შემთხვევა; ეს არის მიზანმიმართული ძალადობისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების დაუსჯელობის შემაშფოთებელი სურათის ნაწილი, მათ შორის იმ დანაშაულების, რომლებიც ჩადენილ იქნა ამ წლის დასაწყისში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ შემზღუდავი კანონის წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციების დროს.

დაშავებულ ჟურნალისტებს შორის საპროტესტო აქციების გაშუქებისას, სასტიკად სცემეს და დააკავეს დამოუკიდებელი საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემის Publika.ge-ს ჟურნალისტი, ალექსანდრე ქეშელაშვილი. მას აქვს ცხვირის მოტეხილობა, ჩამოართვეს კამერები და გათავისუფლებამდე მას ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა. მოგვიანებით, პოლიცია კიდევ ერთ „Publika.ge“-ს ჟურნალისტს, ანა მსხალაძეს თავს დაესხა, მას თავის არეში მიაყენეს დაზიანებები და, სავარაუდოდ, ტელეფონი ჩამოართვეს. ფორმულა ტვ-ს ჟურნალისტს, გურამ როგავას, სპეცრაზმი სასტიკად გაუსწორდა, რაც დაფიქსირებულია რადიო თავისუფლების და ფორმულა
ტვ-ს კადრებში, სადაც ჩანს, თუ როგორ ურტყამს მას პოლიციის სპეცრაზმის ოფიცერი. გურამმა მძიმე დაზიანებები მიიღო და ის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ასევე, სცემეს და დააკავეს რადიო თავისუფლების პროდიუსერი, ბექა ბერაძე. ტვ პირველის გამომძიებელმა რეპორტიორმა მარიამ
გაფრინდაშვილმა თავის არეში დაზიანება მიიღო, რის შედეგადაც სუნთქვის გაძნელება დაუფიქსირდა და დროებით დაკარგა გონება. მარიამს დასჭირდა 24-საათიანი ჰოსპიტალიზაცია.

სამიზნე ასევე იყვნენ ჟურნალისტები და ოპერატორები სხვა მედიასაშუალებებიდანაც, მათ შორის Netgazeti.ge, OC Media, მთავარი არხი, JAMNews და სხვ.. ჟურნალისტებს შორის, რომელთაც თავს დაესხნენ, ასევე არის საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორი, დავით ბეჟანიშვილი, რომელიც დაშავდა სპეცრაზმის მიერ. ეს ინციდენტები ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ გარემო ჟურნალისტებისთვის საქართველოში უფრო და უფრო საფრთხისშემცველი ხდება.
სპეციალური საგამოძიებო სამსახურისადმი არაერთგზის მიმართვის მიუხედავად, ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები ძირითადად გამოუძიებელი რჩება, რაც დაუსჯელობის გარემოს განამტკიცებს.

ბოლო თვეების განმავლობაში ათობით ჟურნალისტი სიტყვიერი და ფიზიკური თავდასხმის ობიექტი გახდა, ბევრი დააკავეს.

საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა მოსთხოვოს საქართველოს მთავრობას შეწყვიტოს პრესის წარმომადგენელთა მიმართ ძალადობა და შეასრულოს თავისი ვალდებულებები დემოკრატიული თავისუფლებებისა და გამოხატვის თავისუფლების უზრუნველყოფასთან დაკავშირებით. ჩვენ კიდევ ერთხელ ვუცხადებთ სრულ სოლიდარობას საქართველოს მამაც და უშიშარ
ჟურნალისტებს.

განცხადებას ხელს აწერენ:

პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი (IPI)

პრესისა და მედიის თავისუფლების ევროპული ცენტრი (ECPMF)

ევროპის ჟურნალისტთა ფედერაცია (EFJ)

პრესის თავისუფლების საერთაშორისო ორგანიზაცია Free Press Unlimited
(FPU)

ბალკანეთისა და კავკასიის ტრანსევროპული ობსერვატორია (OBC
Transeuropa (OBCT))

ინდექსი ცენზურაზე

ფონდი სამართლიანობა ჟურნალისტებისთვის

ევროპელ ჟურნალისტთა ასოციაცია

რეპორტიორები საზღვრებს გარეშე (RSF)

საერთაშორისო PEN-ცენტრი

ევროპის მაუწყებელთა კავშირი (EBU)

განცხადების ორიგინალი

ამ თემაზე

#თავისუფლებამზიას- პრესის თავისუფლების ინსტიტუტი

IPI-ის გლობალური ქსელი მოითხოვს ქართველი ჟურნალისტისა და IPI-ის წევრის, მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას, რომელიც 11 იანვრიდან წინასწარ პატიმრობაში იმყოფება.

ლია ჩახუნაშვილი მზია ამაღლობელის შესახებ

ხატია ჯინჯიხაძე მზია ამაღლობელის შესახებ