ისტორია და მიზნები
მედიის ადვოკატირების კოალიცია (MAC) 2011 წელს სამოქალაქო საზოგადოების ფონდის (ყოფილი ღია საზოგადოების ფონდი) ინიციატივით შეიქმნა. კოალიცია აერთიანებს მედიის საკითხებზე და მედიის წარმომადგენელთა უფლებებზე მომუშავე ჩვიდმეტ არასამთავრობო ორგანიზაციას და მისი მიზანია, ხელი შეუწყოს თავისუფალი მედიაგარემოს შექმნას საქართველოში.
მედიაკოალიციის ძირითადი საქმიანობაა ჟურნალისტების და მედიამფლობელების ინტერესების დაცვა, მედიაგარემოს ანალიზი, საკანონმდებლო ცვლილებების ადვოკატირება და საზოგადოების ცნობიერების ამაღლება თავისუფალი მედიის როლისა და მნიშვნელობის შესახებ.
კოალიციის წევრი ჩვიდმეტი ორგანიზაცია ერთიანი ძალისხმევით და მრავალმხრივი ექსპერტიზით უწყობს ხელს მედიაგარემოს გაუმჯობესებას. კოალიციის წევრები იზიარებენ დემოკრატიის პრინციპებს და გამოწვევების მიუხედავად, შეუპოვრად იცავენ დემოკრატიის ფუნდამენტურ ღირებულებებს.
მიღწეული საკანონმდებლო ცვლილებები
მედიაკოალიციის ლიდერობით და ადვოკატირების პროცესში მონაწილეობის შედეგად განხორციელდა რამდენიმე, თვისებრივად მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილება:
ცვლილებები მაუწყებლობის შესახებ კანონში
რა იყო: მაუწყებლები ოპერირებდა ოფშორში რეგისტრირებული კომპანიების დაფინანსებით
რა შეიცვალა: აიკრძალა მაუწყებლების დაფინანსება ოფშორიდან. ოფშორში რეგისტრირებულ კომპანიებს აღარ აქვთ სამაუწყებლო ლიცენზიის ფლობის უფლება.
წინასაარჩევნო ცვლილება- Must Carry/Must Offer პრინციპების დანერგვა
რა იყო: 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს, ხელისუფლების ზეწოლის შედეგად ე.წ. საკაბელო კომპანიებმა, საკუთარ პაკეტებში აღარ შეიყვანეს დამოუკიდებელი და კრიტიკულ მაუწყებლები. შესაბამისად, მოქალაქეებს ეზღუდებოდათ წვდომა მრავალფეროვან მედიაწყაროებზე.
რა შეიცვალა: წინასაარჩევნო პერიოდში (არჩევნების დღემდე) საკაბელო ოპერატორები ვალდებულნი გახდნენ, შესაბამისი „მაუწყებლების ნებართვის გარეშე”, პაკეტში ჩაერთოთ საერთო მაუწყებლობის ლიცენზიის მქონე ტელევიზიები და ასევე ის არხები, რომლებიც ხელმისაწვდომი იყო საქართველოს მოსახლეობის არანაკლებ 20%-ისთვის.
საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დაფუძნება და მაუწყებელთა ფინანსური გამჭვირვალობის გაზრდა
რა იყო: სახელმწიფო მაუწყებელი აჭარის ტელევიზია მხოლოდ სახელმწიფო სტრუქტურის სახით ფუნქციონირებდა და, საკანონმდებლო მოთხოვნის მიუხედავად, საზოგადოებრივ მაუწყებლად არ ხორციელდებოდა. სამეურვეო საბჭოს ფორმირების არსებული წესი ვერ უზრუნველყოფდა პლურალისტულ და ეფექტურ მართვას.
რა შეიცვალა: კოალიციის ძალისხმევით, აჭარის ტელევიზია გარდაიქმნა საზოგადოებრივ მაუწყებლად და მას დაემატა რადიო. შეიცვალა სამეურვეო საბჭოს დაკომპლექტების წესიც, რამაც უზრუნველყო კვალიფიციური კადრების შერჩევა და საბჭოს მრავალფეროვანი შემადგენლობა.
კოალიციის მაჩვენებლები
17
წევრი
8
ციტირება საერთაშორისო ანგარიშებში
760
ხსენება მედიაში
4
საკანონმდებლო ცვლილება