MAC შეფასებით, წინასაარჩევნოდ ქართული მედია უპრეცედენტო გამოწვევების წინაშე დგას. რუსული კანონის მიღების შემდგომ „ქართულმა ოცნებამ“ კიდევ უფრო გააძლიერა დამოუკიდებელ მედიებზე ზეწოლა, მათ შორის კომუნიკაციების ეროვნული კომისიისა თუ სასამართლოზე საკუთარი გავლენის გამოყენებით. აღნიშნული ქმედებები არღვევს როგორც მედიის უფლებებს, ასევე ძირს უთხრის ძირითად დემოკრატიულ პრინციპებს, რომლებიც აუცილებელია თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის.
რუსულმა კანონმა და ბოლო წლებში ჟურნალისტების მიმართ განხორციელებულმა ძალადობრივმა ქმედებებმა და ჟურნალისტური საქმიანობის ხელშეშლის უამრავმა ფაქტმა, მნიშვნელოვნად დაამძიმა ქვეყნის მედიაგარემო, რაც საერთაშორისო შეფასებებშიც აისახა.
მედიაკოალიცია, თავის პარტნიორებთან ერთად, ინტენსიურად აკვირდებოდა წინასაარჩევნო გარემოს და მედიის სამუშაო პირობებს კენჭისყრის დღეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო კრიტიკული და დამოუკიდებელი მედიის მდგომარეობას, რომელიც ხშირად ხდება შეზღუდვებისა და ზეწოლის ობიექტი. კოალიციის წევრები აანალიზებდნენ როგორც ზოგად წინასაარჩევნო ვითარებას, ასევე კომუნიკაციების კომისიის საქმიანობას და ხელისუფლების მხრიდან მედიაზე ზემოქმედების სხვადასხვა ფორმებს, რაც, საბოლოოდ, პირდაპირ გავლენას ახდენდა მოქალაქეების ინფორმირებული არჩევანის გაკეთების შესაძლებლობაზე.
MAC შეფასებით, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ბოლოდროინდელი ქმედებები ავლენს სახელმწიფო ინსტიტუტების მიტაცების შემაშფოთებელ ტენდენციას. კვლავ პრობლემურია სტრატეგიული სამართალწარმოების საზოგადოების ჩართულობის წინააღმდეგ (SLAPP).
კოალიციის წევრი ორგანიზაციის, მედიაომბუდსმენის ანგარიშში საუბარია კენჭისყრის დღეს ჟურნალისტთა უფლების დარღვევის 30-მდე შემთხვევაზე.
ფოტოკოლაჟი: Civil.ge