ჟურნალისტების უსაფრთხოება

საქართველოში ჟურნალისტების უსაფრთხოების მდგომარეობა საგანგაშოა და პროფესია საშიშ საქმიანობად იქცა. ეს შეფასება არა მხოლოდ ადგილობრივი ორგანიზაციების, არამედ ევროპის საბჭოს ჟურნალისტთა უსაფრთხოების პლატფორმის და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების დაკვირვების შედეგია.

ჟურნალისტების უსაფრთხოებაზე მუშაობენ როგორც ადგილობრივი უფლებადამცველი ორგანიზაციები და კოალიციის წევრები, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციები. MAC წევრებს მედიაომბუდსმენს და ადამიანის უფლებათა ცენტრს შექმნილი აქვთ უფასო სამართლებრივი დახმარების ცხელი ხაზიც.

ჟურნალისტებზე მასშტაბური ფიზიკური თავდასხმა საზოგადოებამ პირდაპირ ეთერში ნახა 2021 წლის 5 ივლისს, როდესაც 60-მდე ჟურნალისტი ფიზიკურად დაზარალდა, ხოლო ოპერატორი ლექსო ლაშქარავა შემთხვევიდან ორ დღეში გარდაიცვალა.

ჟურნალისტებზე ზეწოლა მრავალი ფორმით ხორციელდება: ფიზიკური თავდასხმები, სიტყვიერი შეურაცხყოფა, მუქარა, დაშინება, მოკლევადიანი დაკავებები, სამართლებრივი და ფინანსური ზეწოლა. შემაშფოთებელია ისიც, რომ ზოგიერთ ჟურნალისტს უსაფრთხოების მიზნით თანმხლები პირები ახლავს პროფესიული საქმიანობის განხორციელებისას. მძიმე მდგომარეობის გამო, ბევრი ჟურნალისტი ტოვებს პროფესიას ან საერთოდ ემიგრაციაში მიდის.

განსაკუთრებით პრობლემურია დაუსჯელობის საკითხი – ჟურნალისტებზე თავდასხმების, მუქარისა და ზეწოლის ორგანიზატორთა და შემსრულებელთა უმეტესობა დღემდე დაუსჯელია. ეს კი კიდევ უფრო ამძიმებს მედიის წარმომადგენელთა სამუშაო გარემოს.

მდგომარეობა გააუარესა “რუსული კანონის” ინიცირებამ და მიღებამ. კანონპროექტი ინიცირებული იყო ორჯერ-2023 მარტში და 2024 წლის აპრილში. საერთაშორისო და ადგილობრივი კრიტიკის და საზოგადოების მასობრივი პროტესტის მიუხედავად, მმართველმა პარტიამ “ქართულმა ოცნებამ” კანონი 2024 წლის მაისში მიიღო. კანონი ხელს უწყობს დამოუკიდებელი მედიის სტიგმატიზებას, ზღუდავს გამოხატვის თავისუფლებას, ავიწროებს სამოქალაქო სივრცეს. კანონის წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციების დროს, დაფიქსირდა ჟურნალისტებზე თავდასხმის, ფიზიკური ანგარიშსწორების, შეურაცხყოფის მრავალი შემთხვევა.

განსაკუთრებით შემაშფოთებელია უცხოელი ჟურნალისტების შევიწროების ფაქტებიც, მათ შორის ქვეყანაში შესვლაზე უარის თქმა, რაც დემოკრატიის ხარისხის შეფასებაზე უარყოფითად აისახება.

ჟურნალისტების უსაფრთხოების უზრუნველყოფა კრიტიკულად მნიშვნელოვანია დემოკრატიული საზოგადოებისთვის. მედიის თავისუფლება და ჟურნალისტების დაცულობა პირდაპირ უკავშირდება საზოგადოების უფლებას, მიიღოს ობიექტური ინფორმაცია. შესაბამისად, ამ საკითხის მოგვარება არა მხოლოდ მედიის, არამედ მთელი საზოგადოების ინტერესშია.

ამ თემაზე

პრესის თავისუფლების ჯგუფების სოლიდარობა საქართველოს ჟურნალისტებსა და მედიას

„სწრაფი რეაგირება მედიის  თავისუფლებისთვის“ (MFRR) პრესის თავისუფლების საერთაშორისო ორგანიზაციების და ჟურნალისტების ერთობლივ განცხადებას ავრცელებს, რომლებიც ქართულ მედიას მხარდაჭერას უცხადებენ.

Amnesty International: მომიტინგეებისა და ჟურნალისტების სასტიკი დარბევა საქართველოში

ანგარიში, რომელიც ეფუძნება პოლიციის მხრიდან ძალადობის მსხვერპლთა ჩვენებებს, უფლებადამცველთა მონაცემებს და ვიდეო მტკიცებულებებს, წარმოაჩენს მასშტაბურ ადამიანის უფლებათა დარღვევებს.

ჟურნალისტები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ქართულ მედიას მხარდაჭერას უცხადებენ

კატეგორიულად ვგმობთ ჟურნალისტებზე მიზანმიმართულ და სასტიკ თავდასხმებს სახელმწიფო უსაფრთხოების ძალებისა და კერძო პირების მხრიდან, საპროტესტო აქციების მიმდინარეობისას