მედიის ადვოკატირების კოალიცია შეშფოთებით აღნიშნავს ჟურნალისტების წინააღმდეგ განხორციელებული ძალადობის მორიგ შემთხვევებს და მზარდ ზეწოლას მედიაზე. დღეს, განვითარებული მოვლენები აჩვენებს, რომ “ქართული ოცნება” მიზანმიმართულად აგრძელებს დამოუკიდებელი მედიის წარმომადგენლების დევნასა და მათი საქმიანობის შეზღუდვას.
4 თებერვალს პარლამენტის შენობასთან მზია ამაღლობელის გათავისუფლების მოთხოვნით აქცია იმართებოდა. როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, „ბათუმელებისა“ და ,,ნეტგაზეთის” დამფუძნებელსა და დირექტორს წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული. ამაღლობელი 24-ე დღეა შიმშილობს. მშვიდობიანი აქციის დროს პოლიციამ უხეში ძალა გამოიყენა ჟურნალისტების წინააღმდეგ. კერძოდ:
– OC Media-ს ჟურნალისტის, გივი ავალიანისთვის, პროფესიული მოვალეობის შესრულებისას ნიღბიანმა პოლიციელმა სცადა ტელეფონის წართმევა;
– “პუბლიკას” ფოტოგრაფზე, ნათია ლევერაშვილზე, განხორციელდა ფიზიკური ძალადობა;
– News.on.ge-ის მთავარ რედაქტორს, ვანცენტ ხაბეიშვილს, პოლიციელებმა მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა და ძირს დააგდეს. გავრცელებული ინფორმაციით ის საავადმყოფოში იმყოფება.
შემაშფოთებელია დამოუკიდებელი გამოცემა “მთის ამბების” კუთვნილი ავტომობილის დაზიანების ფაქტი, რაც სავარაუდოდ მის ჟურნალისტურ საქმიანობას უკავშირდება. აღნიშნული ინციდენტის შესახებ ინფორმაცია მედიის დამფუძნებელმა, გელა მთივლიშვილმა სოციალურ ქსელში გაავრცელა.
მედიის ადვოკატირების კოალიცია მიიჩნევს, რომ ეს ქმედებები არის ბიძინა ივანიშვილის და “ქართული ოცნების” მიზანმიმართული პოლიტიკის ნაწილი, რომელიც, მათ შორის, მიმართულია თავისუფალი მედიის წინააღმდეგ. დღემდე არცერთი მსგავსი ინციდენტის ჩამდენი პირი არ დასჯილა.
მედიის ადვოკატირების კოალიცია მოითხოვს გამოძებული იყოს მედიაზე თავდასხმისა და უკანონო ხელშეშლის ყველა შემთხვევა და პასუხისგებაში მიეცეს ყველა დამანაშავე.
დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს მზია ამაღლობელი, ვინაიდან მისი პატიმრობა წარმოადგენს პოლიტიკურად მოტივირებულ გადაწყვეტილებას და მიზნად ისახავს კრიტიკული მედიის დასჯას.