კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის“ მოუწოდებს კულტურის სამინისტროს შეწყვიტოს ჟურნალისტთა დისკრიმინაცია

22 ნოემბერი 2021

დღეს, 2021 წლის 22 ნოემბერს საქართველოს კულტურის მინისტრის მიერ დაგეგმილ ბრიფინგზე [1] ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი მედიასაშუალებები არ მიიწვიეს და დასწრება მხოლოდ მედიის ნაწილისთვის იყო შესაძლებელი. 

„მთავარი არხის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით [2] ტელევიზიის წარმომადგენლებს სამინისტროს დაცვის სამსახურმა ნახევარი საათის განმავლობაში არ მისცა შენობაში გადაადგილების და გადაღების შესაძლებლობა, ბრიფინგზე ასევე არ დაუშვეს „ტვ პირველის“  გადამღები ჯგუფიც [3]. 

Სამწუხაროდ, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა სამთავრობო უწყებები მედიასაშუალებების მიმართ შერჩევით დამოკიდებულებას ავლენენ.   2021 წლის 11 ნოემბერს საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ დაგეგმილ ბრიფინგზე [4] ასევე არ მიიწვიეს მედიის წარმომადგენლების ნაწილი.

მიგვაჩნია, რომ მსგავსი დისკრიმინაციული მიდგომა ლახავს მედიის წარმომადგენლების უფლებას შეასრულონ პროფესიული მოვალეობა, მიიღონ და გაავრცელონ ინფორმაცია მნიშვნელოვან საკითხებზე. ამასთან, საზოგადოებას ეზღუდება შესაძლებლობა სხვადასხვა წყაროებზე დაყრდნობით თვალი ადევნოს მიმდინარე პროცესებს.  

მოვუწოდებთ საქართველოს კულტურის სამინისტროს შეწყვიტოს მედიის მიმართ დისკრიმინაციული მიდგომა და ყველა ჟურნალისტს მიეცეს ინფორმაციაზე წვდომის თანაბარი შესაძლებლობა.

ამ თემაზე

რა ხდება საზოგადოებრივ მაუწყებელში?!

საზოგადოებრივი მაუწყებლის სარედაქციო დამოუკიდებლობის მონიტორინგის შედეგები

ჟურნალისტების უკანონოდ გათავისუფლება საზოგადოებრივი მაუწყებლიდან

კოალიციის განცხადება ჟურნალისტის საბა სორდიას დაკავების შესახებ

ჟურნალისტების დაკავება ისეთი მოსახერხებელი საბაბით, როგორიცაა “პოლიციისადმი დაუმორჩილებლობა”, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაა.