მედიის ადვოკატირების კოალიცია ეხმიანება “ქართული ოცნების” პოლიციის მხრიდან ჟურნალისტების წინააღმდეგ გახშირებული უკანონო ჯარიმების დაკისრებას. შინაგან საქმეთა სამინისტრო ჟურნალისტებს ბრალად სდებს გზის გადაკეტვას, მაშინ როცა ისინი პროფესიულ მოვალეობას ასრულებდნენ და მიმდინარე მოვლენებს აშუქებდნენ.
ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში გამოვლინდა მთელი რიგი შემთხვევები, როდესაც მედიის წარმომადგენლები დააჯარიმეს აქციების გაშუქებისას:
- 2024 წლის 13 დეკემბერს ფოთის ადგილობრივი ტელევიზიის “მეცხრე ტალღის” დირექტორი და რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის თანათავმჯდომარე გერმანე სალია 1000 ლარით დააჯარიმეს ზუგდიდში საპროტესტო მსვლელობის გაშუქებისას, მიუხედავად იმისა, რომ მან განუმარტა სამართალდამცავებს თავისი პროფესიული სტატუსი.
- მედია “აპრილის” ფოტორეპორტიორ ვახო ქარელს ედავებიან გზის გადაკეტვას 2025 წლის 26 იანვარს, როდესაც იგი რუსთაველის გამზირზე აქციას აშუქებდა. მიუხედავად იმისა, რომ მას ეკეთა პრესის ბარათი, შსს-ს წარმომადგენელმა მოითხოვა, რომ თავად ქარელს დაემტკიცებინა თავისი პროფესიული სტატუსი.
- გამოცემა “ტაბულას” ჟურნალისტებს ბექა ჯიქურაშვილსა და ნიკოლოზ ჭირაქაძეს ედავებიან გზის გადაკეტვას თებერვლის თვეში, მიუხედავად იმისა, რომ ორივე მათგანი პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა და ატარებდა პრესის ბარათს.
- გამოცემა “პუბლიკას” ჟურნალისტ ბასტი მგალობლიშვილს საპატრულო პოლიციამ აცნობა, რომ მას ჯარიმას აკისრებდნენ 14 თებერვლის აქციაზე გზის გადაკეტვის გამო, მაშინ როდესაც ის მოვლენებს აშუქებდა და ატარებდა პრესის ბარათს.
- საგამოძიებო გუნდ “სტუდია მონიტორის” ჟურნალისტ ნინო შუბლაძეს ედავებიან 17 თებერვალს გზის გადაკეტვაში. სინამდვილეში ჟურნალისტი ასრულებდა პროფესიულ მოვალეობას და იღებდა აქციას. მას ეკეთა პრესის ნიშანი და მის მიერვე გადაღებული ვიდეო ადასტურებს, რომ ის საერთოდ არ იდგა გზაზე.
- “სტუდია მონიტორის” კიდევ ერთ ჟურნალისტ ნინო წვერავასაც ედავებიან 17 თებერვალს ქუჩის გადაკეტვას, მაშინ როდესაც წვერავა კოლეგებთან ერთად პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა.
- დავით კეკენაძე, “ევრონიუსის” ჟურნალისტი, თბილისის საქალაქო სასამართლომ 5000 ლარით დააჯარიმა. მას 3 იანვარს რუსთაველის გამზირის გადაკეტვაში ადანაშაულებდნენ. სამართალწარმოება დაიწყო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანამდე, რაც ნიშნავს, რომ ჯარიმა სასამართლომ დააკისრა, სრულად დააკმაყოფილა რა შსს-ს მოთხოვნა. სასამართლო პროცესზე კეკენაძემ და მისმა ადვოკატმა განაცხადეს, რომ ის ჟურნალისტური მოვალეობის შესრულებისას იმყოფებოდა აქციაზე, თუმცა მოსამართლისთვის ეს არგუმენტი საკმარისი არ აღმოჩნდა.
- “რადიო თავისუფლების” ორ ჟურნალისტს – სალომე ჩადუნელსა და ეკა ქევანიშვილს – პოლიცია გზის გადაკეტვას ედავება. სალომე ჩადუნელს 10 ნოემბერს სანაპიროზე “დაიტოვეს” აქციაზე გადაკეტვაში ადანაშაულებენ. მიუხედავად იმისა, რომ მან წარადგინა დოკუმენტაცია თავისი ჟურნალისტის სტატუსის დასადასტურებლად, მისი საქმე მაინც გადაიგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოში. მოგვიანებით პოლიციამ საქმე გამოითხოვა, თუმცა ამის წერილობითი დასტური მას ჯერ არ მიუღია. ეკა ქევანიშვილს კი 22 იანვარს რუსთაველის გამზირზე გზის გადაკეტვაში ადანაშაულებენ, როდესაც ის ოპერატორთან ერთად აქციის მონაწილეზე ვიდეოს იღებდა. მანაც წარადგინა შესაბამისი დოკუმენტაცია, თუმცა სამართალწარმოების შეწყვეტის შესახებ შეტყობინება ჯერ არ მიუღია.
- 21 თებერვალს “რადიო თავისუფლების” ჟურნალისტს გიორგი დიასამიძეს პოლიციამ დაურეკა და შეატყობინა 5000-ლარიანი ჯარიმის შესახებ, რომელიც 17 თებერვალს “გზის ხელოვნურად გადაკეტვისთვის” გამოუწერეს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე. დიასამიძე პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა მშვიდობიანი აქციის დროს. ხალხის რიცხვის ზრდასთან ერთად აქციის მონაწილეებმა გადაკეტა რუსთაველის გამზირი.
- “ტვ პირველის” ფოტოგრაფი გიორგი მოსიაშვილი სოციალურ ქსელში აზიარებს, რომ პოლიციამ დაურეკა და აცნობა მისი 5000 ლარით დაჯარიმების შესახებ გზის გადაკეტვის ბრალდებით. როდესაც მან განაცხადა, რომ ტელევიზიაში მუშაობს და აქციაზე სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა, ფოტოებისა და კადრების გადაღებით, პოლიციის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ გადაამოწმებდა ინფორმაციას. თუმცა, ერთ წუთში უკან დაურეკა და უთხრა, რომ მათ ნახეს კადრები და მისი აზრით, მოსიაშვილი არ ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, არამედ გზას კეტავდა, ამიტომ დაჯარიმებულია.
კოალიცია ჯარიმების დაწესების პრაქტიკას აფასებს, როგორც მედიაზე მიზანმიმართულ ზეწოლას. სამწუხაროდ, ეს შემთხვევები იზოლირებული ინციდენტები არ არის, არამედ “ქართული ოცნების” პოლიტიკის ნაწილია, რომლის მიზანია დამოუკიდებელი ჟურნალისტების დაშინება და მათი პროფესიული საქმიანობის შეზღუდვა. გასული წლის 28 ნოემბრიდან დღემდე ასზე მეტ შემთხვევას ჰქონდა ადგილი, რა დროსაც მედიის წარმომადგენლებს პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს თავს დაესხნენ, დაემუქრნენ, ტექნიკა დაუზიანეს თუ უკანონოდ ხელი შეუშალეს. თვეზე მეტია უკანონო პატიმრობაში იმყოფება სინდისის პატიმარი მზია ამაღლობელი. ჟურნალისტებზე მოძალადე არცერთი პირი არ არის იდენტიფიცირებული და პასუხისგებაში მიცემული.
მედიის ადვოკატირების კოალიცია “ქართული ოცნებისგან” მოითხოვს დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ჟურნალისტების დევნა პროფესიული საქმიანობის განხორციელებისას და დაუყოვნებლივ გააუქმოს გამოწერილი ჯარიმები ჟურნალისტების წინააღმდეგ.
დაჯარიმებულ ჟურნალისტთა სია განახლებადია.