კოალიციის განცხადება ჟურნალისტის საბა სორდიას დაკავების შესახებ

07 აპრილი 2025

მედიის ადვოკატირების კოალიცია ეხმიანება “ინდიგოს” ჟურნალისტის, საბა სორდიას დაკავებას, რომელიც, 6 აპრილს მარჯანიშვილის მეტროსთან უკანონო “გადამოწმების მოტივით” და “პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის” საბაბით დააკავეს, დიღმის წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს და იზოლატორში ყოფნის ვადა გაუგრძელეს. ადვოკატის თქმით, დაკავებისას პოლიციამ მის მიმართ გამოიყენა ჰომოფობიური კომენტარები საყურის ტარების გამო, წაართვეს GoPro კამერა და დამტვრევით დაემუქრნენ.

დამოუკიდებელი მედია “ქართული ოცნების” რეჟიმის მთავარი სამიზნეა. საბა სორდიას დაკავება არის კიდევ ერთი შემთხვევა მედიის წინააღმდეგ მიმართული სისტემური რეპრესიული პოლიტიკისა, რომლის მასშტაბი დღითი დღე იზრდება. ჟურნალისტების დაკავება ისეთი მოსახერხებელი საბაბით, როგორიცაა “პოლიციისადმი დაუმორჩილებლობა”,  სამართალდამცავი ორგანოების უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაა. ეს არის გააზრებული ტაქტიკა მედიის თავისუფლებაზე შემაკავებელი ეფექტის შესაქმნელად და სხვა ჟურნალისტების დასაშინებლად.

“ქართული ოცნების” რეჟიმი სხვადასხვა მეთოდით აგრძელებს დამოუკიდებელი ჟურნალისტიკის ჩახშობას, რაც მოიცავს სამართლებრივი დევნის მექანიზმებს, ფიზიკურ ძალადობას, მძიმე ფინანსურ სანქციებს, რეპრესიული საკანონმდებლო ინიციატივების მიღებას და დაუსჯელობის პოლიტიკას ძალადობის შემთხვევაში.

პროევროპული საპროტესტო აქციების დაწყების დღიდან ასზე მეტი ინციდენტი დაფიქსირდა მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ. ამის მიუხედავად, არცერთი თავდამსხმელი არ იქნა იდენტიფიცირებული და დასჯილი. ზემოაღნიშნული შემთხვევები ნათლად აჩვენებს „ქართული ოცნების“ მიერ გამოხატვის თავისუფლების და ნებისმიერი კრიტიკული აზრის სისტემური შეზღუდვის მცდელობას. 

მედიის ადვოკატირების კოალიცია სოლიდარობას უცხადებს დამოუკიდებელი მედიის წარმომადგენლებს და განაგრძობს ბრძოლას მათი თავისუფლებისა და უფლებების დაცვისთვის.

ამ თემაზე

განცხადება ჭიათურის საკრებულოში ჟურნალისტების დაშვების აკრძალვის შესახებ

ჟურნალისტური საქმიანობის შეზღუდვა ჭიათურაში

“ქართული ოცნება” მედიის სისტემურ შეზღუდვას აგრძელებს

სამიზნეა კრიტიკული მედია- ცენტრალურიც და რეგიონულიც

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი ადამიანის უფლებების მდგომარების შესახებ საქართველოში