მედიის ადვოკატირების კოალიცია ეხმიანება კომუნიკაციების კომისიის მიერ გავრცელებულ განცხადებას, რომელიც შეიცავს მკაფიო სიგნალებს დამოუკიდებელი მედიის მიმართ შესაძლო ზეწოლისა და მუქარის შესახებ. განსაკუთრებით პრობლემურია ის გარემოება, რომ კომისია, რომელიც კანონით უნდა იყოს დამოუკიდებელი მარეგულირებელი და მედიის თავისუფლების გარანტი, საკუთარი განცხადებით ქმნის შთაბეჭდილებას, რომ მზად არის გამოიყენოს რეგულირების მექანიზმები მედიის სარედაქციო საქმიანობის შეფასებისა და კონტროლის ინსტრუმენტად.
წლებია კომუნიკაციიების კომისიის დამოუკიდებლობა სერიოზული კითხვებსის აჩენს. საგანს წარმოადგენს. მისი საქმიანობა არაერთხელ გამხდარა კრიტიკის ობიექტი როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან, ხოლო მიღებული გადაწყვეტილებები ხშირად აჩენდა ეჭვებს “ქართული ოცნების” პოლიტიკური გავლენებისა და მის მიმართ მიკერძოებლობის შესახებ. სწორედ ამიტომ განსაკუთრებით შემაშფოთებელია, როდესაც მსგავსი ინსტიტუტი საჯარო განცხადებებით მიანიშნებს მაუწყებლების „ობიექტურობის“ შეფასების უფრო აქტიურ პრაქტიკაზე.
კომუნიკაციების კომისია, რომელიც არც ერთხელ არ გამოხმაურებია ბოლო წლებში დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ ძალადობის, მუქარის, შეურაცხყოფის, უკანონო ხელშეშელის, რეპრესიული კანონმდებლობის შემოღებისა თუ დეზინფორმაციის ფაქტებს, ეხმაურება და ნეგატიურად აფასებს “ქართული ოცნების” მხარდამჭერი მაუწყებელების “იმედის” და “პოსტვის” დასანქცირებას, რომლებიც, ბრიტანეთის სამეფოს განცხადებით, ავრცელებენ რუსულ პროპაგანდას უკრაინის წინააღმდეგ. კომისიის განცხადება პრაქტიკულად იმეორებს “ქართული ოცნების” რიტორიკას. ამ კონტექსტში კი იქმნება შთაბეჭდილება, რომ დამოუკიდებელი მედიის მიმართ გაჟღერებულ მუქარებს ინსტიტუციური გაგრძელება ეძლევა.
ასევე აღსანიშნავია, რომ კომისიის მოქმედი თავმჯდომარე, გოგა გულორდავა, წარსულში იყო პარლამენტის წევრი “ქართული ოცნებიდან” და მოგვიანებით ტელეკომპანია “იმედში” მუშაობდა.
მედიის ადვოკატირების კოალიცია სოლიდარობას უცხადებს ყველა ჟურნალისტსა და დამოუკიდებელ მედიაორგანიზაციას საქართველოში, რომლებიც მზარდი ზეწოლისა და რთული გარემოს მიუხედავად, აგრძელებენ მუშაობას საზოგადოებისთვის ფაქტებზე დაფუძნებული და მრავალფეროვანი ინფორმაციის მიწოდების მიზნით.



