კანონმდებლობის თანახმად, კომუნიკაციების კომისია (ComCom) წარმოადგენს დამოუკიდებელ მარეგულირებელ ორგანოს, რომლის ძირითადი მიზანია პლურალისტული მედიაგარემოს განვითარების ხელშეწყობა ქვეყანაში. კომუნიკაციამ საქმიანობა 2000 წელს დაიწყო. კომუნიკაცია თავის თავს განსაზღრავს, როგორც “ხელისუფლების ყველა შტოსგან დამოუკიდებელ უწყებას, რომელიც იცავს მომხმარებლის უფლებებს, არეგულირებს მაუწყებლობისა და ელექტრონული კომუნიკაციების სფეროებს, უზრუნველყოფს კონკურენციას ამ ბაზრებზე და ზრუნავს ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვაზე. რათა უზრუნველყოს უფრო ეფექტური, კომფორტული და დროსთან შესაბამისობაში მყოფი კომუნიკაცია თითოეული მოქალაქისთვის.”
კომისიის საქმიანობაზე დაკვირვების შედეგად ვლინდება, რომ პრაქტიკაში, კომისიის საქმიანობა დეკლარირებული მიზნებისგან განსხვავდება. კომისია ხშირად სცდება კანონით მინიჭებულ უფლებამოსილებას და საკუთარ მანდატს მედიის კონტროლისა და შეზღუდვისთვის იყენებს, განსაკუთრებით არასახელისუფლებო მედია საშუალებების მიმართ. კომისიის გადაწყვეტილებები ხშირად მიკერძოებულია მმართველი პოლიტიკური ძალის სასარგებლოდ, რაც გამოიხატება მმართველი პარტიის საჩივრების მაღალი დაკმაყოფილების მაჩვენებლით.
განსაკუთრებით პრობლემურია კომისიის მიერ მიღებული დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებები და ბუნდოვანი პრაქტიკა, რაც მაუწყებლებს უქმნის გაურკვევლობას და “მსუსხავ ეფექტს”. კომისიის მიერ დაკისრებული არათანაზომიერი ჯარიმები მძიმე ფინანსურ ტვირთად აწვება მედიაორგანიზაციებს და მათ ფინანსურ მდგრადობას აზიანებს. განსაკუთრებით პრობლემურია, რომ კომისიის გადაწყვეტილებები ხშირად დაუსაბუთებელია და არ ემყარება მკაფიო სამართლებრივ არგუმენტაციას.
წინასაარჩევნოდ გამოქვეყნებული GDI ანალიზი აჩვენებს, რომ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობა მნიშვნელოვნად ზრდის მედიაზე ზეწოლისა და ცენზურის საფრთხეს, რაც განსაკუთრებით მწვავედ იკვეთება წინასაარჩევნო პერიოდის მოახლოებასთან ერთად. კომისიის მიერ საკანონმდებლო ნორმების ზედმეტად ფართო ინტერპრეტაცია და გარკვეული საკითხების ბუნდოვნად დატოვება მედიასაშუალებებს საკუთარი საქმიანობის კანონთან შესაბამისობის უზრუნველყოფას ურთულებს, რაც ხშირად გაუთვალისწინებელ სამართლებრივ შედეგებს იწვევს. კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების ანალიზი ქმნის საფუძვლიან ეჭვს, რომ ეს უწყება ხელისუფლების მიერ გამოიყენება მედიისა და პოლიტიკური გამოხატვის ცენზორად.
საგანგაშო დაკვირვებაა კომისიის საქმიანობის თანხვედრა მმართველი პარტიის პოლიტიკურ დღის წესრიგთან. ეს კი კიდევ უფრო მძიმე დარტყმაა კრიტიკული მედიისთვის იმ პირობებში, როცა უკვე არსებობს ისეთი გამოწვევები, როგორიცაა “რუსული კანონის” ამოქმედება, ჟურნალისტებზე ფიზიკური და სიტყვიერი თავდასხმები, SLAPP სარჩელების მზარდი რაოდენობა და ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან მედიის დისკრედიტაციის მცდელობები.