ქართული ოცნება მსხვერპლების კრიმინალიზებას ეწევა

13 თებერვალი 2025

მედიის ადვოკატირების კოალიცია შეშფოთებას გამოხატავს დამოუკიდებელი და კრიტიკული მედიის წინააღმდეგ “ქართული ოცნების” მხრიდან ორგანიზებული მზარდი შეზღუდვისა და სისტემური ძალადობის გამო, რაც განსაკუთრებით გამძაფრდა პროევროპული საპროტესტო აქციების დროს.

ონლაინგამოცემა “პუბლიკის” ჟურნალისტისა და ფოტორეპორტიორის, ალექსანდრე ქეშელაშვილის წინააღმდეგ შინაგან საქმეთა სამინისტრომ სასამართლოს მიმართა. პოლიციამ იგი გასული წლის 29 ნოემბერს საპროტესტო აქციის ძალადობრივი დაშლისას დააკავა და სცემა. ქეშელაშვილს პოლიციის წარმომადგენლები სასტიკად გაუსწორდნენ, როდესაც ის პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა: „თავიდანვე ვუმეორებდი, რომ ჟურნალისტი ვარ, მაგრამ, მგონი, მაგან პირიქით იმოქმედა – ისეც მაგინებდნენ და მერე ჟურნალისტობის გამოც დამიმატეს. ერთგვარ „დერეფანში“ გამატარეს, სადაც მირტყამდნენ ხელებს და ფეხებს, ძირითადად – სახეში“ – განაცხადა ქეშელაშვილმა. ალექსანდრე საავადმყოფოში გადაყვანის, სადაც ცხვირზე ქირურგიული ოპერაცია დასჭირდა. ძალადობის საქმეზე გამოძიება დაიწყო სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა თუმცა ამ დრომდე არ დასჯილა ძალოვანი უწყების არცერთი წარმომადგენელი.

სასამართლომ ასევე სამართალდამრღვევად ცნო და სიტყვიერი გაფრთხილება მისცა “მთავარი არხის” ოპერატორ სერგი ბარამიძეს, რომელზეც პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს სამართალდამცველებმა თავად იძალადეს. 2024 წლის 19 ნოემბერს მომხდარი ინციდენტი განსაკუთრებით საგანგაშოა, რადგან ოპერატორი დააკავეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ მაშინ, როცა ის იღებდა აქციის მონაწილეთა დაკავებებს. სამართალდამცველთა ძალადობის შედეგად მას დაუზიანდა თავისა და თვალის არე. მიუხედავად ამისა, ნაცვლად იმისა, რომ გამოიძიონ პოლიციის მხრიდან ძალადობის ფაქტი, მსხვერპლს ედავებიან პოლიციისადმი დაუმორჩილებლობასა და წვრილმან ხულიგნობას. 

განსაკუთრებით შემაშფოთებელია, რომ პოლიციის მხრიდან მედიის წარმომადგენლებზე ძალადობა პროფესიული მოვალეობის შესრულებისას განხორციელდა, თუმცა რამდენიმე კვირის შემდეგ, გამოძიებისა და დამნაშავეთა პასუხისგებაში მიცემის ნაცვლად, თავად მსხვერპლებს სჯიან. “ქართული ოცნება” სრულ პასუხისმგებლობას ატარებს მედიისა და აქციის მონაწილეების წინააღმდეგ განხორციელებულ ძალადობაზე. არცერთი მოძალადე არ არის იდენტიფიცირებული და პასუხისგებაში მიცემული.

“ქართული ოცნება” ახორციელებს მსხვერპლთა კრიმინალიზაციას. ეს ფაქტები ავლენს მედიაზე სისტემური ძალადობის დამკვიდრების ტენდენციას და ქმნის თვითცენზურის წახალისების მექანიზმს. ეს კი პირდაპირ აზიანებს საზოგადოების უფლებას, მიიღოს ობიექტური ინფორმაცია საზოგადოებრივი მნიშვნელობის მოვლენების შესახებ.

ამ თემაზე

მიმართვა ევროპის მაუწყებელთა კავშირს საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით

ვასილ ივანოვ-ჩიქოვანისთვის საინფორმაციო გამოშვების წამყვანობის შეჩერება ემსახურება ობიექტური, მიუკერძოებელი და ქვეყნის ევროპული გზის აქტიური მხარდამჭერი ჟურნალისტისა და მისი კოლეგების გაჩუმებას.

ძალადობა და ზეწოლა ჟურნალისტებზე მზია ამაღლობელის მხარდამჭერ აქციაზე

“ქართული ოცნება” მიზანმიმართულად აგრძელებს დამოუკიდებელი მედიის წარმომადგენლების დევნასა და მათი საქმიანობის შეზღუდვას

კოალიცია 2 თებერვალს მედიაზე ძალადობის და ზეწოლის ფაქტებს ეხმიანება

უკანონო ქმედებები მედიის მიმართ საგანგაშოა