სტუდია „მონიტორმა” „კამუფლაჟ ინტერვიუებით” მოიპოვა ქოლცენტრებში დასაქმებული ადამიანების აღიარებები, რომ ისინი არჩევნების დღეს 150 ლარის სანაცვლოდ მუშაობდნენ.
უბნებზე დამკვირვებლის სტატუსით მყოფი „პასუხისმგებელი პირები” აღრიცხავდნენ ყველა მოსული ამომრჩევლის პირად მონაცემებს და გადასცემდნენ ქოლცენტრებს. ქართული ოცნება ადასტურებს ქოლ-ცენტრების არსებობას, თუმცა ამტკიცებს, რომ ისინი მხოლოდ საკუთარი ამომრჩევლის მობილიზაციას ახდენდნენ. ექსპერტები და დამკვირვებლები თვლიან, რომ უბანზე ამომრჩევლების გამოცხადების პირდაპირ რეჟიმში კონტროლი ხელისუფლებას საარჩევნო კარუსელების ფართოდ გამოსაყენებლად სჭირდებოდა.