“ქართული ოცნების” სასამართლო – უსამართლობის და ძალადობის ადგილი 

02 ოქტომბერი 2025

მედიის ადვოკატირების კოალიცია კიდევ ერთხელ ეხმიანება დამოუკიდებელი მედიის წარმომადგენლების მიმართ განხორციელებულ ძალადობრივ და სასტიკ ინციდენტებს თბილისის საქალაქო სასამართლოში.

პირველ ოქტომბერს, ონლაინ გამოცემა “პუბლიკას’ ჟურნალისტ მინდია გაბაძის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თბილისის საქალაქო სასამართლოს მანდატურის სამსახურის უფროსი დავით მატიაშვილი პროცესის დაწყებამდე, ჟურნალისტს პირდაპირ დაემუქრა და მასზე ფიზიკური ანგარიშსწორება არაერთხელ სცადა. 

იმავე დღეს, ტელეკომპანია “ფორმულას” ჟურნალისტ ნატალი ჯახუტაშვილს თბილისის  საქალაქო სასამართლოს მანდატურის თანამშრომელმა მობილური ტელეფონი წაართვა და დაზიანებულ მდგომარეობაში დაუბრუნა. 

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მედიის წარმომადგენლებს თბილისის სასამართლოს შენობაში ძალადობრივად ესხმიან თავს. „ქართული ოცნების“ სასამართლო, ისევე, როგორც მთელი სახელმწიფო სისტემა, უსამართლობისა და ძალადობის სიმბოლოდ ჩამოყალიბდა.

ქვეყანაში მედიაგარემო უკიდურესად მძიმე მდგომარეობაშია. სინდისის პატიმარი მზია ამაღლობელი პოლიტიკურად მოტივირებული დევნის მსხვერპლია. ბოლო ერთი წლის ანმავლობაში 400-ზე მეტი ინციდენტი დაფიქსირდა დამოუკიდებელი ჟურნალისტების წინააღმდეგ. ამ ძალადობის უკან დგას “ქართული ოცნება” და მასთან დაკავშირებული პირები. შესაბამისად, ამ ინციდენტების მიმართ ხელისუფლების პასუხი არის სრული დაუსჯელობა. 

მედიის ადვოკატირების კოალიცია გამოხატავს სრულ სოლიდარობას დამოუკიდებელ ჟურნალისტებსა და მედია ორგანიზაციების მიმართ, რომლებსაც ამ რთულ ვითარებაში პროფესიული მოვალეობის შესრულება უწევთ.

საზოგადოების მხარდაჭერა და სოლიდარობა, საერთაშორისო ყურადღება გადამწყვეტია თავისუფალი მედიისა და დემოკრატიული სახელმწიფოს გადასარჩენად.

ამ თემაზე

MFRR: „საქართველო კვლავ უახლოვდებოდა სრულად კონსოლიდირებულ ავტორიტარულ რეჟიმად ჩამოყალიბებას“

ანგარიში მედიის მდგომარეობის შესახებ საქართველოში

მედიის ადვოკატირების კოალიციის უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის (UPR) ანგარიში საქართველოში მედიის უფლებების მდგომარეობის შესახებ

ყველაფერი მზია ამაღლობელის საქმის შესახებ

საინფორმაციო ბიულეტენი #FREEMZIA