მედიის ადვოკატირების კოალიცია ქართული ოცნების მხრიდან გაზეთ „ბათუმელებზე” ფინანსური ზეწოლის ფაქტს ეხმიანება.
შემოსავლების სამსახურის მიერ დამოუკიდებელი მედიის ანგარიშებზე ინკასოს დადება არ არის რიგითი ფინანსური ოპერაცია – არამედ, მისი მიზანია დამოუკიდებელი მედიის დასუსტება და გაქრობა.
“ბათუმელების” შემთხვევა სისტემური კამპანიის ნაწილია, რომელსაც “ქართული ოცნება” დამოუკიდებელი ჟურნალისტიკისა და მედიის წინააღმდეგ ახორციელებს. უკვე 6 თვეზე მეტია უკანონოდ ციხეში იმყოფება მზია ამაღლობელი — “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებელი, რომელიც საქართველოს პირველი პოლიტიკური პატიმარი ქალია. ინკასოს დადება კიდევ ერთი ზეწოლის ფორმაა მზია ამაღლობელის გასატეხად.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მედიის წინააღმდეგ ინკასოს დადება ზეწოლის მექანიზმად არის გამოყენებული. ამის მაგალითია რადიო ჰოლდინგი “ჰერეთი” და რეგიონალური მაუწყებელი “თრიალეთი”. “ჰერეთი”, რომელიც სამ რადიოს აერთიანებს (თბილისში — “თბილისი”, კახეთში — “ჰერეთი” და ბათუმში — “ციტრუსი”), აცხადებს, რომ შემოსავლების სამსახურის მოთხოვნით, მათ საბანკო ანგარიშებს ინკასო დაედო. დამფუძნებლის რამაზ სამხარაძის განცხადებით, ამ უეცარი თავდასხმის მიზეზი მისი მხრიდან მოვლენების კრიტიკულად გაშუქებაა.
“ბათუმელებს” და სხვა დამოუკიდებელ მედიას ინკასოს ადებენ მაშინ, როდესაც, “ქართული ოცნების” კონტროლის ქვეშ მყოფ მაუწყებლებს „იმედს” და „რუსთავი 2″-ს, შემოსავლების სამსახურის წინაშე მილიონობით დავალიანება აქვთ (17 და 25 მილიონი ლარი).
ბოლო პერიოდში მედიის მრავალმხრივი შევიწროების მცდელობა – რეპრესიული კანონების მიღება, სასამართლოს დახურვა, დაუსაბუთებელი ჯარიმები და სხვა – პირდაპირ მიზნად ისახავს ინფორმაციის გავრცელების შეზღუდვას და დამოუკიდებელი მედიის გაჩუმებას.
ის რაც დღეს ხდება, არის შეტევა თითოეული ჩვენგანის უფლებაზე — ვიცოდეთ, რა ხდება ჩვენს ქვეყანაში, გავიგოთ სხვადასხვა მოსაზრება, გავავრცელოთ ჩვენი ხმა და ინფორმირებული გადაწყვეტილება მივიღოთ.
მედიის ადვოკატირების კოლიაცია მტკიცედ დგას დამოუკიდებელი მედიის გვერდით, რომელის დღეს “ქართული ოცნების” შეტევების სამიზნეა.