თავდასხმა “მთის ამბების” რედაქტორსა და ჟურნალისტზე გელა მთივლიშვილზე

15 მარტი 2025

მედიის ადვოკატირების კოალიცია გმობს “მთის ამბების” რედაქტორსა და ჟურნალისტზე, გელა მთივლიშვილზე განხორციელებულ თავდასხმას.

გელა მთივლიშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაციით 15 მარტს წეროვანთან, ავტობანზე მას და მის კოლეგას თავს დაესხა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი, შეიარაღებული სპეცრაზმელი. ჟურნალისტს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და ინციდენტის შემდეგ მანქანით აედევნენ. 

“თბილისში ვბრუნდებოდით, რა დროსაც უკან თეთრი ფერის პიკაპი აგვედევნა სახელმწიფო ნომრით BJ-573-BB. რადგან საავარიო სიტუაციას გვიქმნიდა, მანქანა გავაჩერეთ. პიკაპიდან შსს-ს შეიარაღებული თანამშრომელი და მისი თანმხლები პირი გადმოხტნენ. შეიარაღებული თანამშრომელი ყვიროდა, რატომ არ გავატარე, იგინებოდა და მემუქრებოდა. როდესაც ინციდენტის გადაღება ვცადე, ის თავს დამესხა, სამჯერ დამარტყა და ტელეფონის წართმევას ცდილობდა. თავდასხმის ამსახველი ვიდეო თვითმხილველებმა გადაიღეს” – განაცხადა გელა მთივლიშვილმა

ეს შემზარავი ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოში მედიის წარმომადგენლები საკუთარი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველ გარემოში მუშაობენ.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც გელა მთივლიშვილი “ქართული ოცნების” მხრიდან თავდასხმის სამიზნე ხდება პროფესიული საქმიანობის გამო. მაღალი ჟურნალისტური სტანდარტით მომზადებულმა მისმა გამოძიებებმა არაერთი კორუფციის შემთხვევა და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტი გამოავლინა.

“რუსული კანონის” წინააღმდეგ გამართული აქციების შემდეგ, დამოუკიდებელი ჟურნალისტებისთვის არსებული ისედაც რთული მდგომარეობა,  კიდევ უფრო დამძიმდა. “ქართული ოცნება” ღიად ძალადობს ქართველ ხალხსა და დამოუკიდებელ მედიაზე. გასული წლის 28 ნოემბრიდან დღემდე “ქართული ოცნების” სამართალდამცველისა თუ რეჟიმთან დაკავშირებული უკანონო ფორმირებების მონაწილეობის ასზე მეტი ინციდენტი მოხდა მედიის წინააღმდეგ, მათ შორის ფიზიკური თავდასხმა, უკანონოდ საქმიანობის ხელის შეშლა, შეურაცხყოფა, მუქარა, თუმცა არცერთი დამნაშავე იქნა იდენტიფიცირებული და დასჯილი. პოლიტიკური პატიმარი მზია ამაღლობელი კვლავ პატიმრობაში რჩება, რაც ასევე ნათლად მიუთითებს ივანიშვილის რეჟიმის დამოკიდებულებას მედიის თავისუფლებისადმი.

მედიის ადვოკატირების კოალიცია სოლიდარობას უცხადებს გელა მთივლიშვილს და ყველა ჟურნალისტს, რომლებიც აგრძელებენ თავიანთ მოვალეობას საზოგადოების ინფორმირებისა და დემოკრატიის დაცვის საქმეში, მუქარისა და თავდასხმების მიუხედავად.

ვიდეო

ამ თემაზე

კოალიცია რეგიონული მედიის საქმიანობის შეზღუდვიის ფაქტებს ეხმიენება

ქართული ოცნების" პირობებში მედია უმძიმეს ზეწოლასა და თავდასხმის ქვეშ იმყოფება.

კოალიცია: მედიისთვის ჯარიმების დაწესება არის მიზანმიმართული ზეწოლა

დაჯარიმებულ ჟურნალისტთა განახლებადი ბმული

ქართული ოცნება მსხვერპლების კრიმინალიზებას ეწევა