თავისუფლების ხმა იმერეთიდან – როცა მედია და საზოგადოება ერთიანდება

01 ივნისი 2024

“თუ საზოგადოება არ იცავს მედიას, ის სინამდვილეში საკუთარ თავს არ იცავს” – ეს სიტყვები გახდა იმ მასშტაბური კამპანიის მთავარი გზავნილი, რომელიც თავისუფალ ჟურნალისტთა ცენტრმა იმერეთის წამყვან მედიასაშუალებებთან ერთად განახორციელა.

 “ქუთაისიპოსტი”, “ჩემი ხარაგაული”, ტელეკომპანია “მეგა ტვ”, ტელეკომპანია “იმერვიზია”, საინფორმაციო სააგენტო “ინფო იმერეთი” და რადიო “ძველი ქალაქი” – მედიის თავისუფლების მხარდასაჭერად ერთობლივ კამპანიაში გაერთიანდნენ . მედიის დაცვის იდეის ირგვლი შემოიკრიბეს საზოგადოება იმერეთის თორმეტ მუნიციპალიტეტში – მოსწავლეებიდან პენსიონერებამდე, აქტივისტებიდან რიგით მოქალაქეებამდე.

კამპანია ქუჩის აქციებით დაიწყო. თავისუფალ ჟურნალისტთა ცენტრის გუნდი ავტობუსის გაჩერებებზე, ბაზრობებსა და ხალხმრავალ ადგილებში ხვდებოდნენ მოქალაქეებს. განსაკუთრებით გამორჩეული იყო “მიკროფონის აქცია” ქუთაისში, სადაც მოქალაქეებს საშუალება ჰქონდათ ღია სივრცეში განთავსებულ მიკროფონთან გაეხმოვანებინათ საკუთარი გზავნილები მედიისა და გამოხატვის თავისუფლების საკითხებზე.

ლიტერატურულ კლუბ “წიგნების თაობაში” ახალგაზრდები გამოხატვის თავისუფლებისთვის მებრძოლ გოგონათა ისტორიებს ისმენდნენ. გაიცნეს როზა პარქსი, ავღანელი რეპერი სონიტა ალიზადე, კატო მიქელაძე, ანა პოლიტკოვსკაია და სხვა ქალთა ისტორიები, რომლებიც სიტყვის თავისუფლებისთვის ბრძოლის საუკეთესო მაგალითები არიან. 

განსაკუთრებული წარმატება ხვდა წილად კონკურსს “დახატე თავისუფლება“. თავდაპირველად მხოლოდ იმერეთის სკოლებისთვის დაგეგმილი ინიციატივა, იმერეთის მიღმა გავრცელდა და მასში მონაწილეობა მიიღო სამოცდაათმა ავტორმა საქართველოს სხვადასხვა ქალაქებიდან. 

ქუთაისის ისტორიულ თეთრ ხიდზე მოეწყო ფოტოგამოფენა, სადაც ორი ავტორის 15 ფოტო იყო წარმოდგენილი. ფოტოები ასახავდა ქვეყანაში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების დარღვევის ფაქტებს და ჟურნალისტების ექსტრემალურ პირობებში მუშაობას. გამოფენას ერთი დღის განმავლობაში 200-მდე ადამიანი ეწვია.

პროექტის ფარგლებში შეიქმნა მრავალფეროვანი მედია კონტენტი – 24 ვიდეო პოდკასტი, რომელთა აუდიო ვერსია რადიო “ძველი ქალაქის” ეთერში 900-ჯერ გავიდა. ჯამში, სხვადასხვა პლატფორმაზე გავრცელდა 450-ზე მეტი მედია პროდუქტი.

კამპანიის მასშტაბურობაზე მეტყველებს ის, რომ მასში უშუალოდ 3,000-მდე ადამიანი მონაწილეობდა. კამპანიის შედეგად, იმერეთის თორმეტივე მუნიციპალიტეტში შეიქმნა აქტიურ მოქალაქეთა ქსელი, რომელიც თავისუფალი მედიის დასაცავად გაერთიანდა. თუ კამპანიის დასაწყისში ადამიანები ერიდებოდნენ მედიის თავისუფლებაზე საუბარს, დღეს ეს თემა საზოგადოების მსჯელობის საგანი გახდა. მოქალაქეებმა დაინახეს, რომ თავისუფალი მედია მათი ხმაა და კეთილდღეობის მოპოვებისა და შენარჩუნების მთავარი იარაღია. 

ამ თემაზე

პრესის თავისუფლების ჯგუფების სოლიდარობა საქართველოს ჟურნალისტებსა და მედიას

„სწრაფი რეაგირება მედიის  თავისუფლებისთვის“ (MFRR) პრესის თავისუფლების საერთაშორისო ორგანიზაციების და ჟურნალისტების ერთობლივ განცხადებას ავრცელებს, რომლებიც ქართულ მედიას მხარდაჭერას უცხადებენ.

Amnesty International: მომიტინგეებისა და ჟურნალისტების სასტიკი დარბევა საქართველოში

ანგარიში, რომელიც ეფუძნება პოლიციის მხრიდან ძალადობის მსხვერპლთა ჩვენებებს, უფლებადამცველთა მონაცემებს და ვიდეო მტკიცებულებებს, წარმოაჩენს მასშტაბურ ადამიანის უფლებათა დარღვევებს.

ჟურნალისტები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ქართულ მედიას მხარდაჭერას უცხადებენ

კატეგორიულად ვგმობთ ჟურნალისტებზე მიზანმიმართულ და სასტიკ თავდასხმებს სახელმწიფო უსაფრთხოების ძალებისა და კერძო პირების მხრიდან, საპროტესტო აქციების მიმდინარეობისას