თინათინ ბერძენიშვილის მძიმე მემკვიდრეობა 

29 ივლისი 2026

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ გენერალური დირექტორის არჩევის კონკურსის პირველი ტური გადალახულად გამოაცხადა. ფორმალურად გამოცხადებულ ღია კონკურსში მხოლოდ ერთი კანდიდატი მონაწილეობს – მოქმედი გენერალური დირექტორი თინათინ ბერძენიშვილი. საბჭოს წევრთა უმრავლესობამ მას მხარი უკვე დაუჭირა, რაც ნათლად მიუთითებს იმაზე, რომ დაგეგმილი გასაუბრება მხოლოდ ფორმალობაა და „ქართული ოცნების“ მიმართ ლოიალურად განწყობილი თინათინ ბერძენიშვილი პოსტს კიდევ ერთი ვადით შეინარჩუნებს.

საინტერესოა, თუ რა შედეგებით ასრულებს თინათინ ბერძენიშვილი პირველ ვადას და რა მძიმე ინსტიტუციური მემკვიდრეობა არსებობს საქართველოს მოქალაქეების ბიუჯეტით დაფინანსებულ ტელევიზიაში. 

საქართველოს კონსტიტუციისა და „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის თანახმად, საზოგადოებრივი მაუწყებელი დამოუკიდებელი ორგანიზაციაა, რომელსაც პირდაპირი სამართლებრივი ვალდებულება აკისრია, უზრუნველყოს მაუწყებლის დამოუკიდებლობა სახელმწიფო უწყებებისგან, აგრეთვე მისი თავისუფლება პოლიტიკური და კომერციული გავლენებისგან, ხელი შეუწყოს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, NATO-სა და ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის პოპულარიზაციასა და საზოგადოების ჯეროვან, მიუკერძოებელ ინფორმირებას. თინათინ ბერძენიშვილის ხელმძღვანელობის პერიოდში არხმა ეს საკანონმდებლო მისია სრულად უგულებელყო.

წამყვანი ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებები ადასტურებს, რომ პირველი არხის სარედაქციო პოლიტიკა „ქართული ოცნების“ ვიწრო პოლიტიკურ ინტერესებს ექვემდებარება. განსაკუთრებით მძიმე აღმოჩნდა მაუწყებლის პოზიცია ქვეყანაში მიმდინარე ისტორიული მოვლენების ფონზე. 2024 წლის შემოდგომიდან დაწყებული მასშტაბური პროევროპული საპროტესტო აქციებისა და ოცნების მიერ ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერების პარალელურად, საზოგადოების პროტესტს მენეჯმენტმა დამოუკიდებელი გადაცემების დახურვით, თანამშრომელთა დევნით, გათავისუფლებებითა და რეალობის მანიპულირებით უპასუხა.

სწორედ ამ ანტიევროპული სარედაქციო პოლიტიკისა და ავტორიტარული პროპაგანდის ხელშეწყობის გამო, თინათინ ბერძენიშვილი, სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ვასილ მაღლაფერიძესთან ერთად, მოხვდა ევროპარლამენტის ოფიციალურ რეზოლუციაში. ევროპარლამენტარებმა მოუწოდეს, დაუყოვნებლივ დაუწესონ სანქციები, მათ შორის, ბერძენიშვილსა და რეპრესიული აპარატის სხვა ხელშემწყობებს. ევროპული ინსტიტუტების მხრიდან საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელის სასანქციო სიაში შეყვანა არის უპრეცედენტო საერთაშორისო ლაქა, რომელიც პირდაპირ აზიანებს საზოგადოებრივ მაუწყებელს.

პარალელურად, ბერძენიშვილის ხელმძღვანელობის პერიოდში მაუწყებელში დამკვიდრდა შიდაუწყებრივი დევნისა და ცენზურის მავნე პრაქტიკა. მენეჯმენტმა მიზანმიმართულად დაიწყო იმ პროფესიონალების ჩამოშორება და დასჯა, რომლებიც სარედაქციო დამოუკიდებლობას იცავდნენ ან ღიად აკრიტიკებდნენ არხის პოლიტიკას. 2025 წლის გაზაფხულიდან დღემდე მენეჯმენტის რეპრესიული პოლიტიკა ათეულობით თანამშრომელს შეეხო.

დისციპლინური მოკვლევისა და „რეპუტაციული ზიანის მიყენების“ საბაბით სამსახურიდან გაათავისუფლეს ცნობილი ჟურნალისტები, წამყვანები და თანამშრომლები, მათ შორის ნინო ზაუტაშვილი, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი, კახაბერ მელიქიძე და სხვ.  კრიტიკული პოზიციის გამოხატვისა თუ საპროტესტო აქციებში მონაწილეობის გამო თანამშრომლებს ხელფასებს უქვითავდნენ და დისციპლინურ სანქციებს აკისრებდნენ.

იმისათვის, რომ მაუწყებელში კრიტიკული აზრი საერთოდ ჩახშობილიყო, მენეჯმენტმა ეტაპობრივად დახურა ყველა ის გადაცემა და რუბრიკა, რომელიც სოციალურ პრობლემებსა თუ ალტერნატიულ ხედვებს ეთერს უთმობდა. იმ თანამშრომლებს, რომლებიც უარს ამბობდნენ კაბალურ პირობებზე ან სხვა გადაცემებში გადაყვანაზე, ხელშეკრულებებს უწყვეტდნენ.

ამ რეპრესიული პოლიტიკის განხორციელებისას თინათინ ბერძენიშვილი სამეურვეო საბჭოს უმრავლესობასთან შეთანხმებულად მოქმედებდა.

თინათინ ბერძენიშვილის ხელმეორედ დანიშვნა უალტერნატივო კონკურსში არის იმის დასტური, რომ “ქართული ოცნება” საზოგადოებრივ მაუწყებელს იყენებს არა საზოგადოების ინტერესების, არამედ საკუთარი პოლიტიკური ძალაუფლების დასაცავად.

29 ივლისს სამეურვეო საბჭოს წინაშე წარდგება თინათინ ბერძენიშვილი, რომელიც ევროპარლამენტის სასანქციო სიაშია მოხვედრილი. საქართველოს მოსახლეობა იმსახურებს ისეთ საზოგადოებრივ მაუწყებელს, რომელიც პროფესიონალი და დამოუკიდებელი ხელმძღვანელის პირობებში მოქალაქეების სამსახურში დგას და მათ ობიექტურ, მიუკერძოებელ ინფორმაციას აწვდის.

ამ თემაზე

ანგარიში პრესის თავისუფლების შესახებ

ანგარიშში საქართველო პრესის რეპრესიის  „ცხელ წერტილად“ არის დასახელებული.

MFRR: „საქართველო კვლავ უახლოვდებოდა სრულად კონსოლიდირებულ ავტორიტარულ რეჟიმად ჩამოყალიბებას“

ანგარიში მედიის მდგომარეობის შესახებ საქართველოში

EFCSN მხარდაჭერა წევრ ორგანიზაციებს