3 მაისი პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღეა

03 მაისი 2022

3 მაისი პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღეა.  

გვსურს მადლობა ვუთხრათ ჟურნალისტებს და მედიის სხვა წარმომადგენლებს ამ რთული პროფესიის ერთგულებისთვის. საზოგადოება ხედავს მხოლოდ ნაწილს იმ მძიმე შრომისა, რომელშიც ყოველდღიურად ჩართულია მედია.

სამწუხაროდ,  საქართველოში  ჟურნალისტები მათი პროფესიული მოვალეობის შესრულებისას ხშირად ხდებიან თავდასხმის, დისკრიმინაციის და დევნის სამიზნე. 2021 წელს ლექსო ლაშქარავას გარდაცვალება დიდხანს დარჩება მძიმე ტრავმად ქართული მედიისათვის და მთელი საზოგადოებისათვის, ხოლო 5 ივლისის თავდასხმის ორგანიზატორთა დაუსჯელობა – სამარცხვინო ლაქად ქართული მართლმსაჯულებისათვის.

შეუძლებელია განსაკუთრებულად არ დავაფასოთ ქართველი თუ საერთაშორისო ჟურნალისტების, ოპერატორებისა და ფოტორეპორტიორების შრომა, რომლებიც ახლა რუსული სამხედრო აგრესიის პირობებში, საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად გვიყვებიან ამბებს უკრაინიდან.

განსაკუთრებულ მხარდაჭერას იმსახურებენ უკრაინელი ჟურნალისტები, რომლებიც უწყვეტად აშუქებენ რუსეთის ომს მათი ქვეყნის წინააღმდეგ. კოალიცია უერთდება  უკრაინული მედიის მხარდამჭერ კამპანიას, რომელიც 20 ივნისამდე გაგრძელდება და რომლის მიზანიც  საქართველოდან 100 000 ამერიკული დოლარის  შეგროვებაა. კამპანიაში უკვე მონაწილეობენ საერთაშორისო მედიასაშუალებები და ფონდები. 

ომში მომუშავე ჟურნალისტების დახმარება ახლა შეუძლიათ მოქალაქეებს, ცალკეულ ჟურნალისტებს, მედიასაშუალებებს, ორგანიზაციებს თუ ბიზნესკომპანიებს – ყველას, ვისაც თავისუფალი სიტყვის და ინფორმაციის მნიშვნელობა ესმის. 

მოვუწოდებთ საზოგადოებას თუნდაც მცირე შენატანით დავეხმაროთ უკრაინელ ჟურნალისტებს, რათა მათ შეძლონ გააგრძელონ მუშაობა და მსოფლიოს გააგებინონ სიმართლე ომზე, რომელმაც ისინი, გამოცდილების თუ სურვილის მიუხედავად, ომის ჟურნალისტებად აქცია.

უკრაინაში დამოუკიდებელი ჟურნალისტიკის გადარჩენისთვის დონაცია: https://batumelebi.tilda.ws/forukraine  / https://www.gofundme.com/f/keep-ukraines-media-going   

ამ თემაზე

თავდასხმა და ძალადობა ოპერატორებსა და ჟურნალისტებზე

“ქართული ოცნების“ საიდუმლო ქსელი არჩევენების კონტროლისთვის

ქოლცენტრებში დასაქმებული ადამიანების აღიარებები, რომ ისინი არჩევნების დღეს 150 ლარის სანაცვლოდ მუშაობდნენ.

ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა

ჟურნალისტური გამოძიება 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ხმის მიცემის საიდუმლოების მასობრივი დარღვევებისა და თანმდევი სამართლებრივი პროცესის შესახებ.