მედიის ადვოკატირების კოალიცია ეხმიანება კომუნიკაციების კომისიის მიერ ტელეკომპანია „ტვ პირველის“ წინააღმდეგ წამოწყებულ მორიგ სამართლებრივ დევნას და მკაცრად გმობს დამოუკიდებელ მედიაზე განხორციელებულ სისტემურ ზეწოლას.
კომუნიკაციების კომისია, მის მიერ ჩატარებული პერიოდული მონიტორინგის საფუძველზე, „ტვ პირველის“ საქმის განხილვას გეგმავს. მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტი ტელეკომპანიას „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის იმ მუხლების დარღვევას ედავება, რომლებიც შინაარსობრივ რეგულირებას შეეხება. მარეგულირებელი მიიჩნევს, რომ ისეთი ფრაზების გამოყენებით, როგორებიცაა: „სქროლვა სქრინვის სააგენტო“, „ჩეჩნური ტიპის რაზმი“, „აქტივისტებზე ნადირობა“ და ა.შ. “ტვ პირველი“ კანონს არღვევს.
აღნიშნული პროცესით კომუნიკაციების კომისია კიდევ ერთხელ უხეშად ერევა მედიის სარედაქციო დამოუკიდებლობაში და ახორციელებს პირდაპირ შინაარსობრივ ცენზურას. ეს არის კომუნიკაციების კომისიის მხრიდან დამოუკიდებელ მედიის მიზანმიმართული დევნა რეპრესიული კანონმდებლობის იმპლემენტაციის საფარქვეშ. აღნიშნული პოლიტიკა ემსახურება „ქართული ოცნებისთვის“ არასასურველი ინფორმაციის შეზღუდვას.
ცენზურის დამკვიდრებისა და თავისუფალი სიტყვის შეზღუდვის პროცესზე პირდაპირი პასუხისმგებლობა ეკისრებათ, როგორც კომისიის წევრებს, ისე უწყების თანამშრომლებს, რომლებიც დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ მიმართული ცენზურის პოლიტიკის უსიტყვო შემსრულებლები არიან.
წარსული პროცესების საფუძველზე შეიძლება ითქვას, რომ კომისიის წევრები – გოგა გულორდავა (თავმჯდომარე), ნათია კუკულაძე, ეკატერინე იმედაძე, ივანე მახარაძე და ანი ვაზაგაშვილი მარეგულირებლის სტრუქტურულ ერთეულებთან ერთად, მათ შორის იურიდიული დეპარტამენტის უფროსი ირაკლი ბუთბაია და მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის ხელმძღვანელი კონსტანტინე ქორიძე თანამშრომლებთან ერთად, დამოუკიდებელი მედიის ცენზურის ავანდგარდში არიან.
მედიის ადვოკატირების კოალიცია სრულ სოლიდარობას უცხადებს ტელეკომპანია „ტვ პირველს“ და ქვეყანაში მოქმედ თითოეულ დამოუკიდებელ მედიას თუ ჟურნალისტს, რომლებიც არსებული წნეხისა და სამართლებრივი დევნის პირობებშიც აგრძელებენ თავიანთი პროფესიული მოვალეობის შესრულებას.