მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

08 აგვისტო 2023

მედიის ადვოკატირების კოალიცია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და უსამძიმრებს შოვში მომხდარი ტრაგედიის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს, ახლობლებსა და მეგობრებს. 3 აგვისტოს შოვში მომხდარი სტიქიური უბედურების შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად ხელისუფლებამ გლოვის დღედ 7 აგვისტო გამოაცხადა

სწორედ აღნიშნულ მძიმე დღეებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მედიის საქმიანობა და მის მიერ საზოგადოებისთვის ობიექტური და მიუკერძოებელი ინფორმაციის მიწოდება. სამწუხაროდ, ამ დღეებში კიდევ ერთხელ მოწმეები გავხდით ხელისუფლების  მცდელობებისა, გააჩუმოს და დააშინოს ჟურნალისტები, რომლებიც თავიანთ პროფესიულ მოვალეობას ასრულებენ. ეს თავდასხმები გამოხატვისა და პრესის თავისუფლების აშკარა დარღვევაა.

„მთის ამბების“ რედაქტორი, გელა მთივლიშვილი, მედიის ერთ-ერთი პირველი  წარმომადგენელი იყო, რომელიც საზოგადოებას შოვში მომხდარი სტიქიური უბედურების შესახებ ინფორმაციას აწვდიდა. გელა მთივლიშვილს  საჯარო მოხელე „წყალში გადაგდებით“ მხოლოდ იმიტომ დაემუქრა, რომ  ის სტიქიას აშუქებდა. გელა მთივლიშვილის განცხადებით, აგრესია მათ მიმართ მხოლოდ მას შემდეგ გაჩნდა, რაც მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, „არაკაცი“ უწოდა, ხოლო პარლამენტის სპიკერმა, შალვა პაპუაშვილმა, პოსტის წაშლაზე მიუთითა. ასევე მიმდინარეობდა გელა მთივლიშვილის მიზანმიმართული დისკრედიტაცია

ხელისუფლების გადაწყვეტილებით, პოლიცია მედიის წარმომადგენლებს შოვში აღარ უშვებდა. 

მედიის ადვოკატირების კოალიცია გმობს ხელისუფლების მხრიდან სიტყვიერი თავდასხმების, შეურაცხყოფის, დეზინფორმაციისა და მედიის საქმიანობაში უკანონო ჩარევის ბოლო შემთხვევებს.  სტიქიური უბედურების დროს გელა მთივლიშვილმა და მისმა კოლეგებმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს და დღესაც ასრულებენ საზოგადოების ინფორმირებაში შოვში არსებული სიტუაციისა და ხელისუფლების მიერ სტიქიური უბედურების პრევენციისა და დაზარალებულების დახმარების შესახებ.

ხელისუფლების თავდასხმები მედიაზე არის მიზანმიმართული მცდელობა, გააკონტროლოს ინფორმაციის ნაკადი, რაც გამოხატვისა და პრესის თავისუფლების უფლებას არღვევს.

მედიის ადვოკატირების კოალიცია მოუწოდებს “ქართულ ოცნებას”, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს თავდასხმები მედიაზე და პატივი სცეს გამოხატვის თავისუფლებას და მისცეს მედიას პროფესიული საქმიანობის თავისუფლად განხორციელების შესაძლებლობა.

ამ თემაზე

ონლაინ მედიისთვის პარლამენტში შესვლა დაუსაბუთებლად აიკრძალა

თავდასხმა და ძალადობა ოპერატორებსა და ჟურნალისტებზე

“ქართული ოცნების“ საიდუმლო ქსელი არჩევენების კონტროლისთვის

ქოლცენტრებში დასაქმებული ადამიანების აღიარებები, რომ ისინი არჩევნების დღეს 150 ლარის სანაცვლოდ მუშაობდნენ.