განცხადება ვასილ მაღლაფერიძის სამეურვეო საბჭოს წევრად შესაძლო არჩევის შესახებ

11 აპრილი 2022

 კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის მიიჩნევს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრად ვასილ მაღლაფერიძის არჩევა მნიშვნელოვან რეპუტაციულ ზიანს მიაყენებს მიუკერძოებელი საზოგადოებრივი მაუწყებლის შექმნის იდეას და  შეამცირებს საზოგადოების მიერ დაფინანსებული არხების   პოლიტიკური დამოუკიდებლობის შესაძლებლობას.  

დღეს, 2022 წლის 11 აპრილს, ცნობილი გახდა, რომ ე.წ. უმრავლესობის კვოტით მმართველმა პარტიამ საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი დირექტორი, „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს ყოფილი წევრი და პარტიის თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე ვასილ მაღლაფერიძე დაასახელა. ამ მხარდაჭერით ცხადად დადასტურდა გავრცელებული ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, იგეგმება ვასილ მაღლაფერიძის, უახლოეს წარსულში “ქართული ოცნების” პოლიტიკური დღის წესრიგის მდგენელის, სამეურვეო საბჭოს წევრად და შემდეგ ხელმძღვანელად დანიშვნა. საგულისხმოა, რომ პროცესს წინ უსწრებდა საზოგადოებრივი მაუწყებლის მოქმედი სამეურვეო საბჭოს სხდომა, სადაც მცდელობის მიუხედავად, სამეურვეო საბჭომ ახალი თავმჯდომარე ვერ შეარჩია. 

ვასილ მაღლაფერიძე საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის თანამდებობაზე 2017 წლის იანვარში აირჩიეს. მიუხედავად იმისა, რომ მაშინ საბჭოს წევრებმა და საზოგადოებამ მოისმინა არაერთი კვალიფიციური, კონკრეტული სამოქმედო გეგმითა და კრიტიკული ხედვით აღჭურვილი კანდიდატის გამოსვლა, საბჭომ მხარი არ დაუჭირა ჭეშმარიტად დამოუკიდებელ და პროფესიონალ კანდიდატებს. კოალიციის შეფასებით, მაღლაფერიძის არჩევა მაუწყებლის რეპუტაციისთვის დამაზიანებელი გადაწყვეტილება იყო. 

ვასილ მაღლაფერიძე ვადის ამოწურვამდე, 2020 წლის 18 აგვისტოს, საპარლამენტო არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე გადადგა. „ვინმემ სხვადასხვა მიზნიდან გამომდინარე, არ იპოვოს ეჭვის საბაბი და კითხვის ნიშნები არ დასვას არხის მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით”- განაცხადა მაღლაფერიძემ თანამდებობის დატოვების მიზეზად. მალევე, 2021 წლის იანვარში მაღლაფერიძე „ქართული ოცნების“, პოლიტიკური საბჭოს წევრი და თავმჯდომარის მოადგილე გახდა. რამდენიმე თვეში კი, 2021 წლის 8 მარტს, ჯანმრთელობის მდგომარეობის მიზეზით მმართველ პარტიაში თანამდებობა დატოვა.

2022 წლის 07 აპრილს საკონკურსო კომისიასთან საუბრისას ვასილ მაღლაფერიძემ აღნიშნა, რომ საზოგადოებრივი არხის დირექტორის თანამდებობაზე უარი დაპირებების შეუსრულებლობის გამო თქვა, ხოლო წარსულში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილეობა მას ობიექტურობაში ხელს არ უშლის და ამას „პირველ არხში“ მისი განვლილი პერიოდი ადასტურებს.“

კოალიცია საქართველოს პარლამენტის წევრებს მოუწოდებს ყურადღება გაამახვილონ ვასილ მაღლაფერიძის ხედვაზეც, რომლითაც ის საჯაროდ ამბობს უარს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონი 30.1.ზ. მუხლით დაკისრებული ფუნქციის შესრულებაზე, გენერალური დირექტორის წარდგინებით დაამტკიცოს საზოგადოებრივი მაუწყებლის საშტატო განრიგი და თანამშრომელთა თანამდებობრივი სარგოები. მისი მოსაზრებით, კანონით განსაზღვრული საშტატო ნუსხის საჭიროება საზოგადოებრივ მაუწყებელში არ არსებობს, რაც ეწინააღმდეგება სამეურვეო საბჭოს მნიშვნელოვან ფუნქციას. 

მიგვაჩნია, რომ საქართველოს პარლამენტის წევრებმა განსაკუთრებული პასუხისმგებლობა უნდა გამოიჩინონ  საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს დაკომპლექტების პროცესში. მიიღონ გადაწყვეტილებები საზოგადოებრივი მაუწყებლის მიუკერძოებელი  შინაარსის და პოლიტიკური დამოუკიდებლობლობის სასარგებლოდ. 

ამ თემაზე

თავდასხმა და ძალადობა ოპერატორებსა და ჟურნალისტებზე

“ქართული ოცნების“ საიდუმლო ქსელი არჩევენების კონტროლისთვის

ქოლცენტრებში დასაქმებული ადამიანების აღიარებები, რომ ისინი არჩევნების დღეს 150 ლარის სანაცვლოდ მუშაობდნენ.

ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა

ჟურნალისტური გამოძიება 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ხმის მიცემის საიდუმლოების მასობრივი დარღვევებისა და თანმდევი სამართლებრივი პროცესის შესახებ.